Home » ინტერვიუ » “ეს სამინისტრო თავის დროზეც ხელოვნურად შეიქმნა…სამთავრობო ცვლილებებს დადებითად ვაფასებ”

“ეს სამინისტრო თავის დროზეც ხელოვნურად შეიქმნა…სამთავრობო ცვლილებებს დადებითად ვაფასებ”

ფიქრია წიკლაური

ქვეყანაში განხორციელებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე გენერალ ამირან სალუქვაძეს გავესაუბრეთ.

-როგორ ფიქრობთ, სამთავრობო უწყებაში სტრუქტურული ცვლილებები რამ გამოიწვია?

სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია. ექსპერტები აქამდეც ბევრჯერ პროგნოზირებდნენ სამთავრობო ცვლილებებს. იყო რჩევებიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ერთი ცვლილება განხორციელდა, კერძოდ დანამატებს შეეცვალა სახელწოდება. ეს არაფერს ცვლის, მაგრამ შეიზღუდა ჯილდოს რაოდენობა და მოცულობა. ახლა ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები.

ძირითადში ამ ცვლილებებს დადებითად ვაფასებს. მაგალითად, ამ ეტაპისთვის ევროინტეგრაციის სამინისტროს ცალკე არსებობის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს მაშინ, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ანალოგიური დეპარტამენტი არსებობს. დიდი ალბათობით ეს დეპარტამენტი და უკვე ყოფილი სამინისტრო ერთმანეთს შეერწყმება. ევროინტეგრაციის სამინისტრო თავის დროზეც ხელოვნურად შეიქმნა.

დადებითად ვაფასებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცალკე სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ აგვისტოს ომიდან ორ თვეში დავწერე სტატია იმის შესახებ, რომ ამ მიმართულებით ცალკე სტრუქტურა უნდა შექმნილიყო.

ახლა ზოგი საუბრობს, რომ ეს რუსული მოდელი არის. თუნდაც. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ერთ-ერთი მძლავრი და ეფექტიანი სტრუქტურაა მსოფლიოში. ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტბს ართმევენ სახანძრო სამსახურებს. არ ვიცი როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურულად. ერთი რამ ვიცი, რომ შსს მინისტრს ხანძრები და სტიქიები არ უნდა ჰქონდეს დატვირთვად. მისი საფიქრალი უნდა იყოს მართლწესრიგის დაცვა.

ასევე, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ სტიქიების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებით სეზონურმა სტიქიებმა. ამას დაემატა ხანძრები. უნდა არსებობდეს ცალკე სტრუქტურა, რომელიც მუდმივად იქნება მიმართული საგანგებო სიტუაციების ამოცანების გადასაწყვეტად. მუნიციპალური დაქვემდებარების იქნება თუ ცენტრალიზებული, მათი მომზადების და აღჭურვის სტანდარტები უნდა იყოს ერთიანი. ომის დროს ამავე სტრუქტურამ უნდა გადაწყვიტოს სამოქალაქო თავდაცვის ამოცანები, რის შესახებ დეტალურად მიწერია ზემოთ ხსენებულ სტატიაში „სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება“ (2008 წ.).

ცუდს ვერაფერს ვხედავ სპორტის, კულტურის და განათლების სამინისტროების რეორგანიზაციაში. მთავარია სტრუქტურულად როგორ ჩამოყალიბდება. უნდა დაველოდოთ საბოლოო ვარიანტს. საგანგაშოს ვერ ვხედავ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის გაერთიანებაშიც. ორთავე უწყებას ევალება ჩვენი მიწაწყლის მოვლა-პატრონობა. აქ მთავარია ტყე-პარკების შენარჩუნება, მეტიც, უნდა მოხდეს ტყის საფარის გაზრდა, რადგან ეს სახელმწიფოსთვის, მისი მდგრადობისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. სპეციალისტები დამეთანხმებიან.

აუცილებლად მიმაჩნია პრემიერთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სათათბირო ორგანოს ჩამოყალიბება. ასევე პრემიერის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს სამხედრო-ტექნიკური კომისია. ამ საკითხების დასაბუთება სიტყვას გამიგრძელებს.

კარგად ავწონ-დავწონიდი სახელმწიფო უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების გაერთიანების საკითხზე. მერწმუნეთ, აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკის პროფესიებია მზვერავი და უშიშროების ან კონტრდაზვერვის სპეციალისტი, შესაბამისად განსხვავებულად ხდება მათი მომზადება და გაზრდა. მზვერავი შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს ლეგენდირებული და არ ეკუთვნოდეს თავის თავს, ოჯახს. ამით არ ვაკნინებ კოლეგებს სხვა სპეცსამსახურებიდან. იმ ვითარებასა და გარემოცვაში, რომელშიც ვიმყოფებით, დაზვერვა უნდა დარჩეს პრიორიტეტად.

ასევე ვისურვებდი, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი ისევ არ დაუბრუნდეს თავდაცვის სამინისტროს. ვეტერანებზე ზრუნვა მთავრობის საქმეა. ერთ-ერთ ვარიანტად შესაძლოა განხილული იქნას ამ დეპარტამენტის შეყვანა ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში.

ჩემი აზრით გასააზრებელია ოკუპირებული ტერიტორიების და ლტოლვილთა საკითხი. რატომაა, რომ ერთი სამინისტრო დაკავებული ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილებით, ხოლო მეორე სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებით? სახელწოდებაში წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. ვის არიგებს, 90-ანი წლებიდან ორად გახლეჩილ საქართველოს? ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. სამოქალაქო თანასწორობის საკითხებითაც ამ სამინისტროს საქმიანობას ვერ ვხედავ. როგორც იყო თავიდან რეინტეგრაციის სამინისტრო, სახელი შეეცვალა, თუმცა ინერციით ისევ იგივეს აკეთებს.

ჩემთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჩვენი მოქალაქეები და იძულებით დევნილები ერთიან პოლიტიკას მოითხოვს. იგივე სტრუქტურა უნდა იყოს დაკავებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებით. ამიტომ, ამ კუთხითაც თუ დაფიქრდება მთავრობა, კარგი იქნება.

–როგორც პრემიერმა განაცხადა, გარდა იმისა, რომ მოქნილი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას სჭირდება რამდენიმე სტრუქტურის გაერთიანება, ის საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვასაც შეუწყობს ხელს… თუმცა ბიუჯეტის თანხებიდან ჩინოვნიკები ხელფასზე რამდენიმეჯერ მეტ პრემია-დანამატს იწერენ. რეალურად რა უნდა იყოს უწყებების გაერთიანების მიზეზი?

პრემია-დანამატებზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ფინანსების დაზოგვას, რატომღაც ოპოზიცია არასწორად აყენებს საკითხს. ისინი ამბობენ, რომ თუ წარმოადგენენ ფინანსურ გათვლებს და დავინახავთ, რომ ხარჯების ეკონომია იქნება, მაშინ მხარს დავუჭერთო.

გაუგებარია. მთავარი ხარჯების შემცირებაა თუ მთავრობის ეფექტიანობა? მე ვთვლი, რომ მთავარია გამართული სამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბება. იგივე ეხება სამინისტროების სტრუქტურებს. შემდეგ უნდა ვიფიქროთ ხარჯებზე.

როცა ორი უწყება ერთიანდება და ინიშნება ერთი ხელმძღვანელი, მას უნდა მივცეთ ვადა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი სტრუქტურა, ახალი საშტატო განრიგი, გადაწყვიტოს პერსონალის ბედი, მშვიდად და აუჩქარებლად, რადგან მაქსიმალურად ეფექტიანად იქნას გამოყენებული ის საკადრო რესურსი, რომელიც ორ უწყებაში არსებობდა.

ისედაც ხომ ვიცით, რომ ორი მინისტრის ნაცვლად იქნება ერთი მინისტრი, უხეშად, 10 მოადგილის ნაცვლად დარჩება 5 მოადგილე, ორი ადმინისტრაციის და ლოჯისტიკის ნაცვლად დარჩება თითო. ეს ხომ ცხადია? დანარჩენი დაითვლება როცა სტრუქტურები დალაგდება.

უმჯობესია საპარლამენტო ოპოზიციის ყურადღება უფრო გამართული და ოპტიმალური სტრუქტურების ჩამოყალიბებისკენ იყოს მიმართული, ხოლო ფინანსური მხარე მოგვიანებით დააჯამონ და შეაფასონ.

-რამდენად პროფესიონალი კადრები ჩაანაცვლებენ მათ წინამორბედებს?

საკმაოდ კარგი შეფასებას იმსახურებს განათლების ახალი მინისტრის, ბატონ ჩხენკელის ბიოგრაფია. როგორი მინისტრი იქნება რთულია შეფასება. არ ვიცნობ მის მოღვაწეობას. გამოჩნდება პირველი განცხადებებით, პრიორიტეტების გამოკვეთით.

ბატონი გახარია საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. ამ მიმართულებით არ უმუშავია, თუმცა მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს. მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა. იმის მიუხედავად, რომ შსს-ში არ უმუშავია, მისი განათლებით არ უნდა გაუჭირდეს სამინისტროს ეფექტიანად მართვა. ჩვენ გავიხსენოთ 2003 წლიდან დღემდე რა პროფესიების მქონე შსს მინისტრები გვყავდა და ისეთმა გააკრიტიკოს, ვისაც ეთქმის. ამიტომ დაველოდოთ შედეგებს. ერთი პროგნოზი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო ეფექტიანი მინისტრი იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ფინანსთა მინისტრად პროფესიონალ ფინანსისტს ვისურვებდი. რაც შეეხება რკინიგზის გადაზიდვების კლებას, ეს მხოლოდ მის ხელმძღვანელზე არაა დამოკიდებული. მეტიც, შესაძლოა ყველაზე ნაკლებადაა მისი ბრალეულობა. რკინიგზის მუშაობა მხოლოდ ტვირთების მოცულობით არ განისაზღვრება. ტრანზიტული გადაზიდვების მოზიდვა მთელი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამიტომ გასაანალიზებელია რომელი სეგმენტების კლებაა.

საერთოდ გადაზიდვების და ტრანზიტული რესურსის ეფექტიანად გამოყენებაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. ახალი რკინიგზის გაყვანა ყარსის მიმართულებით, მართლაც იმოქმედებს სხვა მიმართულებებზე გადაზიდვების კლებაზე, მაგრამ სხვა რესურსებია მოსაძებნი.

ლევან დავითაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, დაახლოებით 10 წელია, ჯერ კიდევ სანამ ღვინის წარმოების განვითარებით იყო დაკავებული და საკმაოდ ჭკვიანი და პერსპექტიული ადამიანია. დარწმუნებული ვარ გარემოს დაცვა მისთვის პრიორიტეტული იქნება და თავს კარგად გაართმევს.

ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ახლაც კულტურის მიმართულებით მთავარი აქცენტები კონცერტებზე კეთდება. ახლა სპორტიც დაემატება საფიქრალად. მეტ ეფექტიანობას ვისურვებდი და მეტ გაგებას, თუ რა მოეთხოვება ამ სამინისტროს. ერის კულტურული დონის ამაღლებაც ამ სამინისტროს საფიქრალია. შესაძლოა კარგი მენეჯერი იყო ფინანსების, რესურსების მართვის მხრივ, მაგრამ მე მსურს რომ ერმა, მიუხედავად სიდუხჭირისა, სულიერად იგრძნოს კულუტურის სამინისტროს არსებობა.

-თქვენი აზრით, ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნას თუ უშველის საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი?

ლარის კურსზე ზეგავლენა მთავრობის მთელი საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის, ეროვნული ბანკის და საბანკრო სექტორის საქმეა. მე ეროვნული ბანკის პოზიცია არ მომწონს, რომელიც 20 პუნქტით გაუფასურებას უმნიშვნელო რყევად მიიჩნევს. ხალხში გაიარ-გამოიაროს და გაიგებს, უმნიშვნელოა თუ კატასტროფული. ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ, როცა კურსი ყოველ დღე ერთი პუნქტით ვარდება, დროული ჩარევაა საჭირო, რათა პანიკური განწყობები შეწყდეს და დროულად დასტაბილურდეს. “განცხადებებს არ ვაკეთებ“ ნიშნავს, რომ პასუხი არ აქვს. პასუხისმგებლიანი ბანკირის განცხადება უნდა იყოს ისეთი, რომ დროულად დაამშვიდოს ბაზარიც და ხალხიც. ასე იქცევიან სხვა ქვეყნებში.

ფინანსთა მინისტრი იმის გარდა, რომ ძლიერი ფინანსისტი უნდა იყოს, ის საფინანსო წრეებში ავტორიტეტითაც უნდა სარგებლობდეს. ალბათ პრემიერი უკეთ იცნობს მის საქმიანობას. ვნახოთ.

-ალბათ თავდაცვის მინისტრის მუშაობა ძალიან მოსწონს პრემიერ კვირიკაშვილს, რადგან მას არ შეხებია ეს ცვლილება… თქვენ როგორ ფიქრობთ?

პრემიერის პოზიცია თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით არ ვიცი. ახლა თუ არ შეეხო, არ ნიშნავს, რომ არ შეეხება. მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია. არც მინისტრობა. ეს კითხვა პრემიერს უნდა დაუსვათ. თუ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მეტი ტემპები მინდა ვიხილო თავდაცვის რეფორმების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ. მსოფლიოში, ასევე რეგიონში, ვითარება არ მშვიდდება და სტაბილურობის შეგრძნება არაა. საფრთხეები მატულობს, არ იკლებს. მე მხოლოდ აქედან ამოვდივარ, როცა მეტი ტემპებზე ვსაუბრობ.

-ოპოზიცია სკეპტიკურად შეხვდა სამთავრობო ცვლილებებს. ზოგიერთი მათგანის შეფასებით, „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. სამწუხაროა, მაგრამ მოსახლეობისთვისაც უკვე სულერთია, ვის სად დანიშნავენ, რადგან მათი ეკონომიური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მინისტრების შეცვლა ქვეყანას ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანს?

მიუხედავად ლარის ვარდნისა, ფინანსურ კრიზისთან ალბათ არ გვაქვს საქმე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარი საგრძნობლად დაეცა და სავალუტო კრიზისი სახეზე იყო. ახლა, დროის ამ მონაკვეთზე, ვარდნა ჯერ-ჯერობით 10%-ზე ნაკლებია. გვაქვს თუ არა საქმე კრიზისთან, დრო გვიჩვენებს, გაგრძელდება ვარდნა, თუ დასტაბილურდება. ასევე გასარკვევია ვარდნის მიზეზები, ეს იყო სპეკულატიური შეტევები ლარზე, თუ სხვა რამ. ამ საკითხზე სპეციალისტებმა ისაუბრონ.

რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას. როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, რატომღაც დაავიწყდათ, რომ პირველი წლები ლამის ყოველ კვარტალში კარუსელები ტარდებოდა და ეს ტერმინი, სამთავრობო კარუსელი, სწორედ მაშინ დამკვიდრდა. მხოლოდ თავდაცვის მინისტრებს გავიხსენებ. 2004 წელს 3 თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა. სულ 9 წლის განმავლობაში თავდაცვამ 7 ხელმძღვანელი შეიცვალა.

კითხვებს სვამენ რატომ არჩევნებს შემდეგ? რატომ მანამდე არა? თუ შესაცვლელები იყვნენ, სტრუქტურა 5 წელი არაეფექტიანად მუშაობდაო? ბავშვური კითხვებია. კითხვები კითხვებისთვის. ჯერ ერთი ეს სტრუქტურა წინა ხელისუფლებისგან ერგოთ. მეორე, ალბათ არჩევნების წინ არ ჩათვალეს საჭიროდ, რადგან საარჩევნო კომპანიიდან ყურადღების გადატანა იქნებოდა. ამ 5 წელში 3 პრემიერი შეიცვალა. გიორგი კვირიკაშვილს დეკემბრის ბოლოს პრემიერობის ორი წელი უსრულდება. ალბათ ამ პერიოდის მანძილზე გააკეთა ანალიზი და ამ დასკვნებამდე, თავის გუნდთან ერთად, ახლა მივიდა.

სამინისტროების რიცხოვნობის შემცირება საერთოდ კარგ ტონად ითვლება და წესით უნდა მიესალმოს ყველა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთლიანობაში პოზიტიურად ვაფასებ სტრუქტურულ ცვლილებებს, თუმცა განსხვავებული პოზიციები და რჩევები მგონი საკმაოდ გამოვთქვი. კატეგორიულად იმის განცხადება, რომ ცუდი რეორგანიზაციაა, მგონი უსაფუძვლოა.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მაგალითად გავლენას ვერ მოახდენს საგანგებო სამსახურის ცალკე გამოყოფა. მაგრამ ის რომ პოლიციას ჩამოშორდება სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ჩემთვის უდაოდ დადებითი მომენტია. ამიტომ აღნიშნულ ცვლილებებს ერთიანობაში პოზიტიურად ვაფასებ, თუმცა მაქვს ის შენიშვნები და რჩევები, რომლებიც გამოვთქვი. დანარჩენს მხოლოდ მომავალში დავინახავთ, თუ რამდენად ოპტიმალური სტრუქტურები ჩამოყალიბდება ცალკეულ, ახლადშექმნილ სამინისტროებში და როგორ წარუძღვებიან დაქვემდებარებულ სტრუქტურებს ახალი მინისტრები.

ზოგადად მასშტაბური რეორგანიზაციები და რეფორმები (ეს სხვადასხვაა) გარკვეული პერიოდით იწვევს ეფექტიანობის დადაბლებას, თუნდაც იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ რეორგანიზაცია, ახალი საშტატო განრიგების შემუშავება, პერსონალის ახლიდან დანიშვნა მიმდინარეობს. პერსონალსაც აქვს არასტაბილურობის განცდა ამ დროს და სრული ეფექტიანობით ვერ მუშაობენ, ერიდებიან შეცდომების დაშვებას. ვინც არ მუშაობს, შეცდომას არ უშვებს.

სამაგიეროდ, სწორად განხორციელებული რეფორმები შემდგომში იძლევა კარგ ეფექტს, როცა ზემოთ აღწერილი პერიოდი გადაივლის და ახალი სტრუქტურები სრული დატვირთვით ამოქმედდებიან. ამიტომ, დაველოდოთ.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...