You are here
რას ელოდება ბანკი? ეროვნული ბანკის უმოქმედობა სახეზეა! როცა კურსი ეცემა 10%ზე მეტად, ეს განგაშს უნდა იწვევდეს! ეკონომიკა მთავარი 

რას ელოდება ბანკი? ეროვნული ბანკის უმოქმედობა სახეზეა! როცა კურსი ეცემა 10%ზე მეტად, ეს განგაშს უნდა იწვევდეს!

ამირან სალუქვაძე

ლარის კურსზე არასპეციალისტის კითხვები და რეაქცია. შეფასებები ფინანსისტებმა გააკეთონ.

დავიწყოთ იმით, რომ გარდა ერთი-ორი ექსპერტისა, ლარის კურსთან დაკავშირებით, ან პოლიტიზირებულ ცრუ შეფასებებს, ან გაყგებარ ვისმენთ.
ერთმა ექსპერტმა ლარის საგანგაშო ვარდნა აცივებას დააბრალა. გაზაფხულზე გამყარდება?
მეორემ თქვა იმპორტი განახორციელეს ვადაზე ადრეო.
ორი ციფრი:
-ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 2,82 მლრდ დოლარია
-წელს ეროვნულმა ბანკმა 129 მლნ დოლარი შეიძინა, ანუ შესაბამისი მოცულობის ლარი შემოვიდა ბრუნვაში, რაც რა თქმა უნდა ლარის კურსზე აისახება. ვერ მოვიპოვე ინფორმაცია ლარის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკის განცხადება: “მცირედ რყევებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განცხადებებს არ აკეთებს”.

შე კარგო ადამიანო, თუ მიკროფონთან დადექი, მაშინ გააკეთე განცხადება და გვითხარი რა ხდება. თუ არა და რას მიხვედი?

შემდეგ განაცხადა, რომ “თუ საჭირო იქნება, ერ. ბანკი გამოიყენებს ინსტრუმენტებს (იგულისხმა ინტერვენცია) ან გაამკაცრებს ფულად-საჟრედიტო პოლიტიკას (იგულისხმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა).

პატივცემულო ბანკირო, მინდა გითხრათ, რომ როცა კურსი ეცემა 10%ზე მეტად, ეს განგაშს უნდა იწვევდეს. 25%-იანი ვარდნა უკვე სავალუტო კრიზისია, რაც ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი სახეობაა.

მიუხედავად პრობლემებისა, თუ ქვეყნის ეკონომიკურ მახასიათებლებს გადავხედავთ, ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ უნდა გვქონდეს. მაშ რა ხდება?

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რას ელოდება ბანკი? ქადაგიძეს რომ იხსენებთ, ახლაც ის ხომ არააო, ვწერდი ზუსტად იგივეს, რომ ორჯერ დააგვიანა ინტერვენცია, ანუ ლარის შესყიდვა, რაც უკვე ფორმალური ხასიათის აღმოჩნდა, რადგან ვარდნა უკვე შეჩერებული იყო.

ახლა ხდება იგივე. თუ საჭირო იქნებაო. როდის, როცა ვარდნა შეჩერდება?

რაც შეეხება მცურავ კურსს. მცურავი კურსის დროს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის ყიდვა/გაყიდვას, რათა კურსის ცვალებადობა არ გასცდეს ზღვარს და შენარჩუნდეს წონასწორობა.

ეს უბრალოდ ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებში.

დააკვირდით დიაგრამებს: 1 წლის, 3 თვის, 1 თვის, 1 კვირის. ერთი თვეა ლარი ეცემა, გასცდა 10%-ს, რაც საგანგაშოდ უნდა ითვლებოდეს (ჩახედეთ სახელმძღვანელოს) და ეროვნული ბანკი ამბობს “უმნიშვნელი ცვლილებებზე” არ ვრეაგირებო.

ნეტა ეროვნული რატომ ჰქვია?

მრჩება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციური ოპერაციებია. თუ არა, დაასაბუთეთ რა ხდება.

მე შემიძლია საჰაერო თავდაცვაზე გესაუბროთ. შემიძლია გეოპოლიტიკური შეფასებები და პროგნოზები დავწერო. მაგალითად, მიუხედავად უამრავი სტატიისა, წელს ყარაბაღში ომი არ იქნება (სროლებს არ ვგულისხმობ, ყოველ დღეა), არც გაისად. შემიძლია ეს დავასაბუთო.

ფინანსისტებმა გვითხარით რა ხდება?
რა აზრი ექნება ერთი კვირის შემდეგ ეროვნულის ინტერვენციას და ლარის მასის შემცირებას?

თუ ამბობენ მოსახლეობა პანიკაშია. ჯიხურებში გარბიან და დოლარს ყიდულობენო, გამოდით და თქვით, რომ პანიკის საფუძველი არაა და ნუ მიაწყდებით ჯიხურებსო.

ასე აკეთებენ ყველაზე საგინებელ ქვეყნებშიც კი. გაყიდე მაგ 2.82 მილიარდიდან დროულად 40-80 მლნ ან მეტი და დაამშვიდე ბაზარი.

თუ არ აკეთებ, რას ელოდები? ხალხის დიდ ნაწილს თვის ბოლოს კრედიტები აქვთ დოლარში და გარბიან, რომ იაფად იყიდონ. ზოგს დანაზოგი აქვთ ლარში და ეშინიათ არ დაკარგონ. მთლად დაკარგვას, ურჩევნიათ კურსზე წააგონ, ვიდრე ქაღალდებად ექცეს. ეს ხომ ანა-ბანაა?

ეს ყველაფერი იმისათვის ხომ არ კეთდება, რომ შემდეგ ისევ ასწიოთ საპროცენტო განაკვეთი (ვინც ვერ გაიგო, სესხის პროცენტი გაგიძვირდებათ)? ასე თუ ამ 9 თვეში ბანკებმა 500 მლნ სუფთა მოგება ნახეს, შემდეგ 9 თვეში მილიარდს იშოვით.

ჩემი არაპროფესიონალური შეფასებით (მეც მოქალაქე ვარ, მაწუხებს ეს თემა და მაქვს უფლება ვწერო) ეროვნული ბანკის უმოქმედობა სახეზეა.

თუ რაიმეს არასწორად ვწერ, სპეციალისტებმა ანუ ფინანსისტებმა შემისწორეთ, თან დააკმაყოფილეთ ჩემი კითხვები კვალიფიციური პასუხებით.

Comments

comments

Related posts