You are here
“ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა შედეგია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრახის” ეკონომიკა მთავარი 

“ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა შედეგია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრახის”

ლარის კურსთან დაკავშირებით GmTV ეკონომიკის ექსპერტს დავით ნებიერიძეს გაესაუბრა.

-ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ლარის დაცემის მძიმე თემაზე. სამწუხაროა, რომ კიდევ გვიწევს ამ თემაზე საუბარი. მოკლედ გკითხავთ-რა ჭირს ლარს და როდემდე? საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება და მალე ალბათ $ 3 ლარსაც მიაღწევს თუ ამ ტემპით გააგრძელებს ლარი გაუფასურებას… უკვე საკმაოდ დაეტყო მოსახლეობას, წუხს ხალხი-მარტივი ენით რომ ვთქვათ-რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ, რომ დარეგულირდეს ლარის კურსი?

-როდესაც თქვენ სვამთ კითხვას, თუ რა ჭირს ლარს, ეს უკვე არასწორი ხედვების შედეგია. უნდა დავსვათ კითხვა: რა ჭირს საქართველოს ეკონომიკას და რა ჭირს საქართველოს ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა მხოლოდ შედეგია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრახის. ლარის კურსი უბრალოდ უტყუარად ასახავს იმ პროცესების შედეგებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში და საქართველოს ეკონომიკაში.

მოსაზრება, რომ ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა სპეკულიატიური გარიგებების მსხვერპლია, ხელისუფლების მიერ ხელოვნურად კულტივირებული და უკვე ხმარებისგან გაცვეთილი მოსაზრებაა, რათა გადაფარონ საკუთარი უსუსურობა და წარმოქმნილი გამოწვევებისგან მოახდინონ დისტანცირება. ისევ იმ „ქოცური“ ლოგიკით, რომ „დაიღლებიან და გაჩუმდებიანო“. აქამდე მიზეზად ძირითადად ასახელებდნენ გარე ფაქტორებს. ახლა კი სპეკულატიური ინტერესები შემოგვასაღეს. მოქალაქეებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი საქონელი, ვაჭრობის საგანი, საბირჟო პროდუქტი, მათ შორის ვალუტაც არის ყიდვა გაყიდვის შედეგად მოგების მიღების წყარო, ბიზნესისთვის. უბრალოდ უსუსური ხელისუფლება ამერიკის თავიდან აღმოჩენას ცდილობს, თავის მართლების მიზნით. შესაბამისად ნებისმიერი საქონელის ფასს აყალიბებს ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, რომელიც ყოველთვის კორექტირდება სპეკულიატიური ინტერესებით და ეს ბუნებრივია. ასე იყო ადამ და ევადან მოყოლებული. ხელისუფლება კი იმისთვის არსებობს, რომ მოახდინოს ამ რისკების ნიველირება. აბა ხელისუფლებას სხვა რა ფუნქცია აკისრია ამ კონკრეტულ სეგმენტში, პირადად ჩემთვის გაუგებარია?! ვთქვათ და ლარის კურსის ასეთი სწრაფი ვარდნა მართლაც სპეკულატიური ინტერესებითაა გამოწვეული. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქართული ეკონომიკა იმდენად დასუსტდა, იმდენად შემცირდა და იმდენად დაუცველია სავალუტო ბაზარი, იმდენად არა ეფექტურია ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, რომ შესაძლებელია ასეთი კატაკლიზმების არსებობა. ლარის, როგორც ფულის ნიშნის შემოღებიდან დღემდე სპეკულატიური ინტერესები ყოველთვის მოქმედებდნენ მის გაცვლით კურსზე, მაგრამ ასეთი კატასტროფული ვითარება არასოდეს შექმნილა და ასეთი უსუსური და უმოქმედო არასოდეს ყოფილა ხელისუფლება.

ახლა განვიხილოთ ის სავარაუდო მიზეზები, რითიც შეიძლება იყოს გამოწვეული ესოდენ კატასტროფული ვითარება.

მე შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე სავარაუდო მიზეზი ან ამ მიზეზების ერთობლიობა. თუმცა, ას პროცენტიანი დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია.

პირველი ფუნდამენტური ფაქტორი, ეს არის არასწორად დაგეგმილი 2017 წლის ბიუჯეტი და მისი შესრულების პრობლემები. განსაკუთრებით კი ხარჯვით ნაწილში.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, არასწორი მონეტარული და საკრედიტო პოლიტიკის შედეგად გაზრდილი ლარის მასა, რომელმაც აშკარად გამოიწვია დაწოლა ლარის კურსზე. ამავე კონტექსტიდან გამომდინარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომერციული ბანკების აღვირახსნილი დაკრედიტება და ფაქტიურად კრახით დასრულებული ეკონომიკის ლარიზაციის ვოლუნტარისტული პოლიტიკა. პირადად ჩემთვის ყველაზე ყურადსაღებია მთავრობის დაუოკებელი სურვილი ეკონომიკური ზრდის გეგმური მაჩვენებლის ყველა მეთოდებით მიღწევა. ამას ემსახურებოდა აქციზების ზრდა და დიდი ალბათობით ამავე მიზანს ემსახურება ეროვნული ვალუტის მიზანმიმართული დასუსტება და ინფლაციის ხარჯზე ეკონომიკის ხელოვნური და ყოვლად გაუმართლებელი, ერთჯერადი მცდელობა. რაც უფრო კოსმეტიკურ ხასიათს ატარება და არა ფუნდამენტურს.

ასეა, თუ ისე, ნათელი მხოლოდ ერთი რამ არის: ამ „ქოცური“ გაუაზრებელი და პოპულისტური ექსპერიმენტების შედეგად 2018 წლის დასაწყისი ყველაზე რთული პერიოდი იქნება ქართული ეკონომიკის უახლეს ისტორიაში. გადაივლის თუ არა ახალი წლის სეზონური ფაქტორი საქართველოს ეკონომიკაში დაიწყება მისი ჩამოშლის შეუქცევადი პროცესები. მათ შორის ლარის კურსთან მიმართებაშიც, რაც უაღრესად მძიმედ აისახება მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე და გარდაუვლად გახდება საზოგადოებრივი აფეთქების მიზეზი. დიდი ალბათობით, არამც თუ ეს მთავრობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად აღებული ვერ მაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ლარის კურსის დღევანდელი დინამიკა არის ბოლო ჩინური გაფრთხილება ამ ხელისუფლებისადმი. ხუთი წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად არ იზრდებოდა. შარშანდელი 2,6%-იანი ზრდა ახასიათებს ქვეყნისა და ამ ხელისუფლების პერსპექტივებს, როგორც უკიდურესად მძიმეს.

ბოლოს კი მინდა მოკლედ გავცე პასუხი მუდმივ კითხვაზე: რა ვქნათ? თითოეულ მოქალაქეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ეკონომიკური და სოციალური პრობლემის სათავე დევს პოლიტიკურ სიბრტყეში. ხსნაც ზუსტად ამ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ. უფრო კონკრეტულად კი უნდა დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საქართველოში და „ქართული ოცნება“ როგორც ქართუ ჯგუფის კრიმინალური სინდიკატი უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას. მედროვე ადამიანებს არასოდეს შეუქმნიათ საზოგადოებრივი კეთილდღეობა. ოლიგარქიული მმართველობა და ოლიგარქიული ბიზნესი გამორიცხავს საზოგადოების გამდიდრებას. იმიტომ, რომ ზომისა და წინის მიუხედავად ოლიგარქები და ოლიგარქიული ბიზნესი არსებობს და ქმნის თავის კომფორტის ზონას მხოლოდ დანარჩენი მოქალაქეების კომფორტის ზონის მიტაცების ხარჯზე.

Comments

comments

Related posts