Home » თქვენი სათქმელი » „სკოლის დირექტორისგან შევიწროვებას ვგრძნობ…მუსიკის საათები მათემატიკის პედაგოგს“

„სკოლის დირექტორისგან შევიწროვებას ვგრძნობ…მუსიკის საათები მათემატიკის პედაგოგს“

ქეთი მიქაძე

„დირექტორმა საათები მუსიკის მასწავლებელს ჩამოართვა და მათემატიკის პედაგოგს გადასცა“

სააგენტოს რუბრიკას “თქვენი სათქმელი”  ყვარელის რაიონის სოფელ შილდას პირველი საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ქეთევან რუხაძე დაუკავშირდა და სკოლის დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციასა და ცინიკურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

-უკვე 35 წელია სკოლაში მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობ. არ ყოფილა რაიმე ღონისძიება, რომელსაც ჩემს გარეშე ჩაევლო. გაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგი ვარ ჩემს სფეროში.

ბოლო სამი წელია სკოლის დირექტორის, ზაირა არევაძის მხრიდან ვგრძნობ აშკარა შევიწროვებას. საქმე იმაშია, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა ისედაც მცირე დატვირთვის 4 პედაგოგის გვერდით კიდევ ახალი პედაგოგი შემოეყვანა და საწადელსაც მიაღწია. სკოლაში ამ ეტაპზე მუსიკის 19 საათი და 5 პედაგოგია.   წლების წინ დირექტორმა მუსიკის 2 საათი დამათმობინა და მატემატიკის მასწავლებელს გადასცა.

-მუსიკას მატემატიკის მასწავლებელი ასწავლის?

-დიახ. მოტივი ის იყო, რომ ეს ქალბატონი სკოლაში წლების წინ სიმღერას ასწავლიდა. როცა სხვა პედაგოგებმა ვუთხარით დირექტორს, რომ მუსიკა მხოლოდ სიმღერა არ არის და ამ სფეროს პედაგოგს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს, მისგან აგრესია წამოვიდა. მათემატიკის მასწავლებელი უკვე პენსიონერია და ცოტა უხერხულია ახლა მასზე საუბარი, მაგრამ მუდმივად ისმის აპელირება იმაზე, რომ ის რესურსცენტრის დირექტორის, ქეთი ჭიპაშვილის მეუღლის დეიდაა და ჩვენი დირექტორის ზურგი სწორედ რესურსცენტრია. ზეწოლას ვგრძნობ არა მხოლოდ მე. რამდენიმე ხნის წინ სკოლის დირექტორის სახელზე განცხადებაც დავწერეთ, რომელსაც ჩემთან ერთად მუსიკის კიდევ 2 პედაგოგი აწერს ხელს და ვითხოვდით ახსნა-განმარტებას, თუ რომელ კანონებს ეყრდნობა დირქტორი სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს, თუმცა მან არც პასუხი გაგვცა და არც განცხადება ჩაიბარა. მისი პასუხი ყველა კითხვაზე ერთია-არ ხართ მოწოდების სიმაღლეზე! თუ რას გულისხმობს ამ სიტყვებში, არ აკონკრეტებს. მე ამავე დროს ვარ შილდას სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი, სხვათაშორის, ის ახალი პედაგოგი, რომლის დანიშვნისთვის სკოლაში ყველაფერი გაკეთდა, აქაც ჩემი თანამშრომელია.

ვარ ანსამბლ „ნელქარისის“ ხელმძღვანელი, ამავე დროს სკოლის მოსწავლეებთან უამრავი ღონისძიება მაქვს ჩატარებული. ახლაც დავაარსე სკოლასთან არსებული ანსამბლი, რომელშიც დაწყებითი კლასების ბავშვები არიან გაერთიანებული. ამას ჩვენი დირექტორი არც ამჩნევს, ახალ პედაგოგს დაჰყვება კლასებში და ცდილობს გუნდისთვის ბავშვები შეუგროვოს.

-კი მაგრამ მიზეზს არ გისახელებთ?

-ერთადერთი შეიძლება ის თქვას, რომ გამოცდაზე ვერ გავედი. ზუსტად იმ პერიოდში 2 ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ მეორე პედაგოგი, ჩემი კოლეგა კანდელაკი გავიდა და 7 კრედიტიც აიღო, მაგრამ ისიც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

პედაგოგთან საუბრის შემდეგ GmTV ყვარელის რესურსცენტრის დირექტორს ქეთევან ჭიპაშვილს დაუკავშირდა.

-ვიცი ეს ისტორია, ქალბატონი ქეთევანი ჩემთანაც იყო მოსული. რესურსცენტრი არასდროს ერევა სკოლების შიდა საქმეებში, სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ყველა საკითხს წყვეტს დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან ერთად.

-როგორც წერილიდან ჩანს, სკოლაში ხდება თქვენი სახელით აპელირება და იმ მათემატიკის პედაგოგი, რომელსაც დირექტორმა მუსიკის საათები გადასცა, ამბობენ რომ თქვენი მეუღლის დეიდაა.

-ეს პედაგოგი ამ სკოლაში წლებია მუშაობს, პირველად სწორედ მუსიკის პედაგოგად დაიწყო მუშაობა, მე მაშინ საერთოდ არ ვიყავი რესურსცენტრის დირექტორი. რაც შეეხება იმას, რომ ის მეუღლის დეიდაა, ამაზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ არა 2 საათს, არამედ უფრო მეტს მისცემდნენ-ეს არის აბსურდი, თან როგორც ვიცი 4 წლის წინ იყო  ეს ყველაფერი, კიდევ გიმეორებთ-რესურსცენტრი არ ერევა სკოლის შიდა საქმეებში.

-რადგანაც ქეთევან რუხაძე თქვენთანაც იყო მოსული, ბუნებრივია მოიკვლევდით საქმეს, ხედავთ თქვენ დისკრიმინაციის ნიშნებს? რა პასუხი გაგცათ დირექტორმა?

დისკრიმინაციას ადგილი ნამდვილად არ აქვს. დირექტორმა გამოაცხადა კონკურსი. მერე შდასასკოლო კონკურსიც გამოცხადდა, ასე რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით წარიმართა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ-ეს ქალბატონი 3 ადგილას მუშაობს, საკმაოდ დატვირთულია, დირექტორს კი, როგორც თავად ამბობს, უფრო თავისუფალი პედაგოგი სჭირდება, რომელიც გაკვეთილების შემდეგაც დარჩება სკოლაში საჭიროების დროს და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გასაკეთებელს. სხვას ვერაფერს გეტყვით-სკოლის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, ყველაფერს წყვეტს დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან ერთად.

სკოლის დირექტორს კი კომენტარისთვის ჟურნალისტი ფიქრია წიკლაური დაუკავშირდა. ზაირა არევაძემ სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა და კითხვების მეილზე გადაგზავნა მოითხოვა, თუმცა ჟურნალისტის ნათქვამზე-მეილი მომწერეთ, რომ პასუხი დროულად დაგვიბრუნოთო, განაცხადა – ისეთ ადგილას ვიმყოფები, მეილის მოწერას დრო უნდაო, თუმცა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მეილი მოიწერა და შეთანხმებაც შედგა, რომ საღამოს კომენტარს გააკეთებდა, თუმცა მეორედ დაკავშირების დროს განაცხადა, რომ მას აქვს უფლება არ გააკეთოს კომენტარი დღეს და გააკეთოს ხვალ ან შემდეგ.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას სააგენტოში შემოსული მასალა რესურსცენტრის დირექტორის კომენტარით საზოგადოებას მივაწოდოთ დღეს, ხოლო თუ სკოლის დირექტორი ისურვებს და მოგვაწოდებს კომენტარს, მისი პასუხი მიღებისთანავე გავასაჯაროვოთ.

Facebook Comments
x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...