Home » ექსკლუზივი » პატრიარქმა რომან რურუას იუბილე მიულოცა და საჩუქარიც უსახსოვრა

პატრიარქმა რომან რურუას იუბილე მიულოცა და საჩუქარიც უსახსოვრა

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორე იუბილის წინ  მსოფლიო ჩემპიონრომან რურუა მიიღო და 75 წლისთავი დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცა.

მიღებას ესწრებოდნენ ქართული ერთობის დარბაზის, საქართველოს ხალხთა ასამბლეის და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

მიღების შემდეგ ჩვენ ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენელს, რომან რურუას იუბილის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობისა, უწმინდესს არ გამორჩა მხედველობიდან უდიდესი სპორტსმენის იუბილე და პირადად მიიწვია რეზიდენციაში.

ჩვენმა პატრიარქმა ძალიან თბილად გვიმასპინძლა და იუბილარს საჩუქარიც უსახსოვრა. შეხვედრაზე უწმინდემა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო საქართველოში, ყველა სფეროში, იმისათვის რომ დააკნინონ ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები, მიდის ბრძოლა ავტორიტეტული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ ბატონი რომან რურუა არის ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ის არის შესანიშნავი მეურნეც, რომელმაც მცხეთის ქვა-ღორღიანი ადგილი წალკოტად აქცია. როდესაც უცხოელებმა ნახეს მის მიერ დამუშავებული და მოვლილი ადგილი, თქვეს რომ ეს ადამიანი გინესის წიგნშია შესატანი. მას ეზოში ყველა სახის ხილი და ბოსტნეული მოყავს, უვლის ფრინველებს და საქონელს, თვითონ წველის რძეს და ყველი ამოყავს. ქარისგან აქვს ელექტროენერგია, მუდმივი წყალი თვითონ გაიყვანა ეზოში, რამდენიმე ოჯახისათვის შექმნა თვითკმარი ეკონომიკა.

დღეს პატრიარქმაც აღნიშნა, რომ რაც ერთმა კაცმა შეძლო და გააკეთა, ეს არის მაგალითი მთელი ქვეყნისათვის. თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია გაკეთდეს კლდე-ღრეზე, როგორ შეიძლება ამ წალკოტიან მიწაზე ასეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდეთ ქართველები?

ამ შეხვედრას საქმიანი დატვირთვაც ჰქონდა. იქ შეკრებილ საზოგადოებას პატრიარქისგან გვინდოდა კურთხევა, რომ შეიქმნას საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი ეროვნული კონგრესი, რომელსაც ეკლესიის, მთავრობის და ხალხის – სამთა ერთობა ჭირდება. პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს იდეა არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი და უნდა შედგეს იმ პროექტით, რომელიც გვაქვს „ქართული ერთობის დარბაზს“, საქართველოს ხალხთა ასამბლეას და და კონგრესმენთა საინიციატივო ჯგუფს.

შეხვედრაზე გავიხსენეთ პატრიარქის ვიზიტი კვიპროსში, როდესაც იქედან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ კვიპროსს აქვს დიდი წარმატება, რადგან თაობათა ერთიანობაა. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან შექმნილია დიდი საბჭო, სადაც გაერთიენებულია ისეთი ხალხი, რომლებსაც თანამდებობები არ ჭირდებათ, ისინი იკრიბებიან პერიოდულად, იღებენ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე და უგზავნიან მთავრობას.

პატრიარქის თქმით, ხელისუფლებამ შეიძლება არ გაითვალისწინოს მათი რჩევა, მაგრამ საზოგადოებამ იცის გამოცდილი, ავტორიტეტული ადამიანები რას სთავაზობენ მთავრობას. უწმინდესმა როგორც აღნიშნა, არავინ უნდა იყოს იმის წინააღმდეგი, რომ იდეებით და მოსაზრებებით დატვირთული უფროსი თაობის გამოცდილება გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, ბატონი რომან რურუა იუბილის მოწყობის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ხვალ, საღამოს 5 საათზე „ქართული ერთობის დარბაზი“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ტექნიკურ უნივერსიტეტში იწვევს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს დიდი სპორტსმენისადმი მიძღვნილ საღამოზე.

ჩვენ მას იუბილესთან დაკავშირებით დიდი საჩუქარიც გავუკეთეთ, კალენდარი და წიგნი გამოვეცით, სადაც მის მიერ წალკოტად ქცეული ეზო-გარემო და მისი ბოლო პუბლიკაციებიდან გამონათქვამები შევიდა. პატრიარქს ძალიან მოეწონა ჩვენი საჩუქარი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხელისგულზე უნდა გვყავდეს ასეთი ადამიანები. ქვეყანა არის სავსე ნიჭიერი, ბრძენი შემოქმედი პიროვნებებით და ასეთი ჰაერის, მიწის წყლის რესურსების ქვეყანაში ასე ღარიბად ვცხოვრობდეთ, წარმოუდგენელია. ჩვენს შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც ესწრებოდა. რეზიდენციაში მიწვეულ სტუმრებს შორის ჩვენი ქვეყნის მართლაც რჩეული საზოგადოება, მეცნიერები, სპორტსმენები, ხელოვანებიც იყვნენ-გვითხრა თემურ შაშაშვილმა.

ბეჭებდაუდებელი ფალავანი 25 ნოემბერს 75 წლის ხდება,  ადამიანი, რომლის ოცნებაა „ბედნიერებით სავსე სამშბლოში ცხოვრება“ და მომავალი თაობების ბედნიერი სახეების ხილვა ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების სიყვარულს და დაფასებას.

 

Facebook Comments
x

Check Also

…როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

ლევან ბოძაშვილი კონსტიტუციონალისტი ჩვენი პოლიტპარტიების და შესაბამისად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათი განვითარებისა და განათლების ...