Home » ინტერვიუ » ” ვიმუშავებ ისე, როგორც დავპირდი ამომრჩეველს და როგორიც არის მოსახლეობის მოთხოვნა”

” ვიმუშავებ ისე, როგორც დავპირდი ამომრჩეველს და როგორიც არის მოსახლეობის მოთხოვნა”

დავით უთმელიძე:

-თბილისის მთავრობასთან ერთად ყველა გამოწვევას გავართმევთ თავს…

-ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის პატივისცემა!“

ერთი წლის წინ GmTV თბილისში არსებულ პრობლემებზე საკრებულოს დეპუტატს დავით უთმელიძეს ესაუბრა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე საბურთალოს მაჟორიტარი და შესაბამისად ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატია ისევ.

რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში და როგორია ახლა დავით უთმელიძის, როგორც მაჟორიტარის ხედვა.

-ბატონო დავით, ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ თბილისის პრობლემებზე ვისაუბრეთ. მაშინ კითხვაზე – თქვენი თვალით დანახული ძირითადი პრობლემები, თქვენი პასუხი ასეთი იყო:

-სხვადასხვა პრობლემებია, მაგალითად მოსაწესრიგებელია სკვერები, სტადიონები და საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიები. დედაქალაქში მოსაგვარებელია საცობების პრობლემა, მიწისქვეშა და მიწის ზედა გადასასვლელები,სამოქალაქო ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა.

ერთი წლის შემდეგ თქვენ ისევ საკრებულოს წევრი ხართ და ამჯერად საბურთალოს მაჟორიტარი. რას იტყვით, დაიწყო თუ არა ამ პრობლემების მოგვარება და ახლა რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით?

-ნამდვილად დაიწყო არსებული პრობლემების გადაჭრა. მე, როგორც საბურთალოს მაჟორიტარი გეტყვით, რომ საბურთალოს გამგეობასთან ერთად უკვე დაგეგმილია 2018 წლისთვის ახალი სკვერების და სტადიონების გაკეთება, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე გეგმა გაწერილია.ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცების შემდეგ უკვე გაიწერება სად რა უფრო პრიორიტეტულია გაკეთდეს. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩემს მიერ შესწავლილი იქნა რაიონის მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებანი, ასე რომ ისევ მოსახლეობასთან ერთად გავივლით ამ საკითხებს. იგივე შეიძლება ითქვას საგზაო სამუშაოების შესახებ, რადგან ფაქტიურად ვიცით სად რა საჭიროებას წარმოადგენს, გზის გაყვანა იქნება ეს თუ სამშენებლო სამუშაოები.

ჩვენს მიერ მიცემული წაინასაარჩევნო დაპირებებიდან უკვე დაიწყო ნაწილის შესრულება. მაგალითად, დავითაშვილის ქუჩის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რაც დეკემბრის ბოლოს დასრულებული იქნება. იგივე შემიძლია ვთქვა ზემო ვეძისის და ქვემო ვეძისის დასახლებაზე, საკანალიზაციო სისტემა უკვე კეთდება „ჯივიპისთან“ ერთად და ეს სამუშაოებიც დასრულდება დეკემბრის ბოლოს, ასე რომ ეს ორი დასახლებული პუნქტიც იქნება მომარაგებული ცენტრალური წყლით და ექნება ცენტრალური საკანალიზაციო სისტემა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტებიდან საგზაო სამუშაოებს, 2018 წელს დაგეგმილია ვეფხვი და მოყმიდან ესტაკადის გაკეთება და გმირთა მოედნის გაფართოება, ასე რომ მერიასთან ერთად ჩვენი ყველა დაპირება შესრულდება.

ერთ-ერთი მართლაც რომ ძალიან კარგი და საჭირო პროექტი, რაც გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია, არის გოძიაშვილის ბაღის, ე.წ. „წითელი ბაღის“ რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა, რაც მოგვცემს ყაზბეგის გამზირზე, საბურთალოს ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სკვერს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება სასიამოვნოდ დასასვენებელი ადგილი.

ხედავთ, რომ დედაქალაქის მერი თავად დადის ქალაქში და ცდილობს პრობლემების მოგვარებას, გასუფთავდა, განათდა და მოიხატა მიწისქვეშა გადასასვლელები, ასე რომ თანმიმდევრულად ყველა პრობლემა მოგვარდება.

-როდის იხსნება ბიურო და რა იქნება პირველი, რასაც გააკეთებთ?

-ბიურო გაიხსნება დაახლოებით იანვარში, რადგან კონკურსია გამოცხადებული და ბიუროს თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა შეირჩნენ.

-როგორი მაჟორიტარი იქნებით?

ნამდვილად ვიმუშავებ ისე, როგორც დავპირდი ამომრჩეველს და როგორიც არის მოსახლეობის მოთხოვნა.

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...