Home » ინტერვიუ » „თბილისის მერს ვთხოვდი…“ – სტუმრად „ჭინჭრაქასთან“

„თბილისის მერს ვთხოვდი…“ – სტუმრად „ჭინჭრაქასთან“

GmTV ამჯერად სტუმრად საბავშვო მუსიკალურ სტუდია “ჭინჭრაქას“ ეწვია. საუბარი მის ხელმძღვანელთან, ბესო ლომსაძესთან იმ პრობლემებით დავიწყეთ, რომლის წინაშეც დღეს თბილისში თითქმის ყველა საბავშვო თეატრი დგას, მერე სტუდიის ისტორიაც მოვისმინეთ და სამომავლო გეგმებიც გავიგეთ.

ერთი სიტყვით, საუბარი სასიამოვნოც გამოვიდა, რადგან სულ საბავშვო სფეროში ვტრიალებდით და დამაფიქრებელიც.

-დღეს საკმაოდ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი მომავალი თაობის სულიერებაზე ზრუნვაა. საბავშვო მუსიკალური თეატრი „ჭინჭრაქა“ უკვე წლებია ბავშვების განვითარებაზე, შესაძლებლობების წარმოჩენაზე და ნიჭის რეალიზებაზე ზრუნავს. სანამ უშუალოდ სტუდიაზე ვისაუბრებთ, როგორია თქვენი აზრი-რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში საბავშვო თეატრების არსებობა და არსებულის ხელშეწყობა მეცენატის თუ მთავრობის მხრიდან?

-მოდი ჩვენი სფერო შევადაროთ სპორტს. გვყავს შესანიშნავი სპორტსმენები, რომელთაც სახელი და დიდება არ აკლიათ, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ისინი 20 წლის ასაკში ჩაებნენ სპორტში და 22 წლისანი უკვე სახელმოხვეჭილი სპორტსმენები გახდნენ. რა თქმა უნდა, ბავშვობაში მიიღეს ის სკოლა, რომელიც მათ სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ასევეა თეატრიც. მსახიობთა უმეტესობას სწორედ საბავშვო თეატრ-სტუდიებში აქვთ ფეხი ადგმული. რა თქმა უნდა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ასეთი სტუდიების არსებობა,  ყველა შეიძლება მსახიობი არ დადგეს საბოლოო ჯამში, მაგრამ თეატრს ელემენტარულად შემფასებელი და კარგი მაყურებელი გაეზრდება.

მეორეს მხრივ, თეატრი სინთეზური ხელოვნებაა და აქ ბავშვი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს, მუდმივად უხდებათ რაღაცაზე დაკვირვება, წიგნებში ქექვა, ინფორმაციის მოძიება, გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ.

ბავშვი სწორ აზროვნებას, შეფასებას სწავლობს, უვითარდება მეტყვველების კულტურა და მსჯელობის დონე, ხშირად მომისმენია მშობლისგანაც და სკოლის პედაგოგისგანაც, რაც ეს ბავშვი თეატრში დადის, გაკვეთილს უფრო საინტერესოდ ყვება, სწავლასაც მოუმატაო, ასე რომ, თეატრი ნამდვილად აძლევს სულიერ საზრდოს ბავშვს.

– ამ სფეროში პრობლემები არსებობს-თქვენ რომელ პრობლემას გამოყოფდით? თქვენი, როგორც ერთ-ერთი საბავშვო თეატრის ხელმძღვანელის აზრით-რა იქნება გლობალური დახმარება ყველა სტუდიისთვის მთავრობის მხრიდან და პირადად „ჭინჭრაქას“ რა პრობლემების გადალახვა უწევს?

–წეღან სპორტს შევადარე და აქვე ვიტყვი, რომ კარგი იქნება თუ მეცენატის ან მთავრობის მხრიდან ისეთივე ყურადღება იქნება სტუდიების მიმართ, როგორც ბავშვთა სპორტის მიმართულებით. ძალიან კარგია, როცა იხსნება სპორტუილი სკოლები, საჭიდაო დარბაზები. მაგრამ კულტურის სახლებიც თუ აშენდება ან გაკეთდება, კარგი იქნებოდა.

ჩვენი თვის პატრონები ჩვენვე ვართ. ისევ სპორტთან გავავლებ პარალელს: როდესაც ტარდება მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი ბავშვებს შორის, აუცილებლად მიდის სპორტსმენი ამ შეჯიბრზე (უმეტესად სახელმწიფოს ხარჯზე, რა თქმა უნდა) იგივე დონის ფესტივალებიც იმართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ… ჩემი შვილიც სპორტსმენია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ბატუტზე ხტომებში და მას დაუფასდა კიდეც გარჯა, იგი სტიპენდიას იღებს. (12 წლისაა) ხომ შეიძლება ჩვენს სფეროშიც იყოს ასეთი წახალისებები?

მართლა გვჭირდება დახმარება. ჩვენ, მაგალითად, ყველა სიძნელესთან გვიწევს ჭიდილი: გადასახადი, იჯარა, კომუნალური… ჩვენ ის პრობლემაც გვაქვს, რომ ვაკეთებთ სპექტაკლებს და რეალიზაციის შესაძლებლობა არა გვაქვს. სამგორის რაიონში არ არსებობს სცენა, დარბაზი, სადაც შეიძლება სპექტაკლები ვაჩვენოთ ამ რაიონში მცხოვრებ ბავშვებს

არადა საკმაოდ კარგად გვიცნობენ და ჩვენი სპექტაკლებიც მოსწონთ. ვითამაშებთ პრემიერას და მორჩა, ვეღარ ვთამაშობთ.

-როგორ დაარსდა „ჭინჭრაქა“ და რამდენი წელია არსებობს?

-თეატრი 1994 წელს დაარსდა, სწორედ იმ პერიოდში, როცა ომი მძვინვარებდა, იყო შიმშილი, უშუქობა, უწყლობა…ჩვენ გაყინულ, მაგრამ ჩვენივე სურვილით და თეატრის სიყვარულით გამთბარ დარბაზში ვმუშაობდით, ჩვენი სამყარო გვქონდა, სადაც სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა. პირველი სპექტაკლი გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ იყო. ამის შემდეგ უკვე ქუჩაში გვცნობდნენ და ბავშვებს ჭინჭრაქებს ეძახდნენ, ასე დაერქვა თეატრს „ჭინჭრაქა“.

თავიდან კულტურის სახლ ,,განთიადში,, ვიყავით, შემდეგ ყოფილ კინო-თეატრ „ვარძიაში“ გავაგრძელეთ მოღვაწეობა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, კინო და თეატრი ვის აინტერესებს, ეს შენობაც გაიყიდა და 83-ე სკოლაში გავაგრძელეთ მოღვაწეობა. დღემდე აქ ვართ და აქვე მადლობას გადავუხდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინელი ადამაშვილს ხელშეწყობისათვის.

დღემდე ჩემთნ ერთად მუშობენ შესანიშნავი პედაგოგები: მუსიკალური ხელმძღვანელი მაგდა ბენიძე, ქორეოგრაფი, მხატვარ-დიზაინერი ნათია ფრანგიშვილი.

გვაქვს მართლაც მტკიცე ოჯახი და შეხმატკბილებულადაც ვმუშაობთ. 179-ე სკოლაში გავაკეთეთ ფილიალი, სადაც თამილა ჭოლაძე და გიორგი ბურჯანაძე მუშაობენ. აქვე ვიტყვი, რომ 2001 წელს მეგობრების ჯგუფმა თამაზ ჭოლაძის (ამჟამად რუსეთში მოღვაწეობსა და ჩვენი სპექტაკლებისა თუ სიმღერების ავტორი და არანჟირების ავტორი გახლავთ)ინიციატივით და ხელმძღვანელობით შევქმენით “შემოქმედთა ასოციაცია ,,რევერანსი,, და თეატრიც ამ ორგანიზაციის მფარველობის ქვეშ გადავიდა.ჩვენ ვართ მუსიკალური თეატრი, ასე, რომ სპექტაკლების გარდა საესტრადო მუსიკის კონცერტებზეც ვმუშაობთ.

 -მერამდენე თაობას ზრდით და  თქვენი აღსაზრდელებიდან გააგრძელა ვინმემ მსახიობის კარიერა?

-5 თობა უკვე გავუშვით, მე-6 და უფრო პატარების, მე-7 თაობასთან გვიწევს მუშაობა. ძალიან ბევრმა თავის დროზე დაამთავრა კიდეც სამსახიობო ფაკულტეტი, ზოგიც სწავლობს, ზოგი მოღვაწეობს სხვადასხვა თეატრშიც, ჩვენი ფილიალის რეჟისორი გიორგი ბურჯანაზეც ჩვენივე აღზრდილია.

-როგორც ვიცით, საკმაოდ მწვავე პრობლემაზე სპექტაკლის გაკეთებას გეგმავთ, როდის ველოდოთ პრემიერას?

-დეკემბრის თვეში 3 სპექტაკლის გამოშვებას ვაპირებთ. 6 წლამდე მაყურებელთათვის ზღაპრების კრებულს ვაკეთბთ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ,,კომბლეს,, ჩვენეულ ვარიანტს შევთავაზებთ და ამავდროულად ვმუშაობთ ჯეიმს გრინვუდის ,,პატარა მაწანწალაზე,,

სამწუხაროდ დღესაც პრობლემაა ასეთი ბავშვები ჩვენთან, რომელთა მიმართ მხოლოდ აგრესიას და სიძულვილს გამოვხატავთ და არ ვფიქრობთ, რატომ არიან ეს ბავშვები ასეთები, რამ აიძულა ისინი ასეთებად რომ ჩამოყალიბდნენ. ამ თემაზეა ჩვენი სპეაქტკლიც, რომელიც სავარაუდოდ 16 დეკემბერს გავა სცენაზე.

-ბესო, საკმაოდ ხშრად იღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში, თქვენი აზრით მნიშვნელოვანია თუ არა ბავშვობიდანვე ჩავუნერგოთ შვილებს სიკეთის კეთება?

-ჩვენ მუდმივად ვღებულობთ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას, ახლაც ორი საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ვემზადებით და ამას საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად გავაკეთებთ. სპექტაკლებიც საქველმოქმედო იქნება. როდესაც ბავშვი თვითონ იღებს მონაწილეობას ამ აქციებში, ათვითცნობიერებს კიდეც, რომ თავიანთ თანატოლებს შეიძლება აკლია ის, რითაც თვითონ შეიძლება განებივრებული იყოს. ბავშვი სწავლობს სიტუაციის შეფასებას და ქველმოქმედი ხდება, უნდა ნახოთ, რა ბედნიერები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ვიღაცას ასიამოვნებენ ან სიხარულს მიანიჭებენ…

-თბილისის მერს რას ეტყოდით და გაქვთ თუ არა მასთან რაიმე წინადადება ან თხოვნა?

თბილისის მერს ვთხოვდი, მომეცით თუნდაც 100 კაციანი დარბაზი ჩვენს რაიონში, ჩვენს უბანში და პირობას ვიძლევი, ყოველ შაბათ-კვირას სპექტაკლები გაიმართება იქ. ამით ბევრ საქმეს გავაკეთებთ: მსახიობებიც დაიხვეწებიან თამაშით, მაყურებელსაც მივაჩვევთ თეატრს და საერთო კულტურის დონეც ამაღლდება რაიონში.

საკმაოდ სასიხარულო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა თქვენი თეატრის ცხოვრებაში შარშან -სტუდიის საპატივსაცემოდ სკვერს დაერქვა „ჭინჭრაქა“…

-უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატს ქალბატონ ლია ჯახველაძეს, რომლის ინიციატივითაც ჩვენს რაიონში ერთ-ერთ სკვერს ჩვენს საპატივცემულოდ „ჭინჭრაქას სკვერი“ დაერქვა,

ჩემთვის ეს მართლაც მოულოდნელი იყო. ეს  ჩვენი საქმიანობის დაფასება გახლდათ. მართლაც, ჭინჭრაქა თავისი არსებობის მანძილზე ერთგულად ემსახურება სამგორის რაიონს და ყველა მნიშვნელოვან კულტურულ თუ საქველმოქმდო აქციას უდგას ხოლმე სათავეში ჩვენს რაიონში, დაგვიფასდა კიდეც ნამოღვაწარი. ეს ჯილდო ყველანაირ ვარსკვლავის გახსნაზე მეტად ღირებულია ჩვენთვის, სტიმულია და სამომავლოდ დიდი პასუხისმგებლობაც.

და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით.

-2017 წლის ივნისი-ივლისის თვეში თეატრი საგასტროლოდ გახლდათ ესტონეთში, სადაც 5 წელიწადში ერთხელ საყოველთაო-სახალხო ფესტივალი ტარდება. საქართველოს ჭინჭრაქა წარმოადგენდა. წარმოდგენა რომ შეგვექმნას ფესტივალის მასშტაბებზე, ვიტყვი, რომ ამ ღონისძიებასი 747 კოლექტივი იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და გალა კონცერტზე 125 000 მაყურებელი ესწრებოდა. ჩვენ ამ ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე კონცერტი გვქონდა, იყო პირდაპირი ჩართვები ესტონეთის ტელევიზიებში, სამწუხაროდ საქართველოში არ იყო დაინტერესება.

უზარმაზარი ფესტივალი ესტონეთში, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იმართება. წელს 797 ანსამბლის 25000მა წევრმა მიიღო მონაწილეობა (Noorte laulupeol osales 797 kollektiivi ja enam kui 25 000 laulupeolist.). სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოც იყო.

Gepostet von Beso Lomsadze am Mittwoch, 5. Juli 2017

ესტონელებს ძალიან მაგრად ჰყვარებიათ საქართველო.

2018 წელს ესტონელები ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად და სწორედ ამ მასპინძლობისთვის ვიწყებთ მზადებას. ძალზედ საპასუხისმგებნლო მისია გვაქვს. ჩვენი ასოციაცია „რევერანსი““ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებასთან ერთად(დირექტპორი რუსუდან ჩიუტაური) უმასპინძლებს მათ, ჩატარდება სიმღერის ფესტივალი გურჯაანში, შემდეგ ღონისძიებები თბილისში და ბოლოს გავემგზავრებით ერთად ქობულეთში ფესტივალზე მზიანი საქართველო.

ამას გარდა კიდევ რამდენიმე სპექტაკლზე დავიწყებთ მუშაობას  და მაისში ერთბაშად 4 პრემიერას შევთავაზებთ მაყურებელს, პარალელურად რა თქმა უნდა გვექნება საანგარიშო კონცერტებიც.

-წარმატებებს გისურვებთ და დიდი იმედი მაქვს სუცილებლად მოხდება საბავშვო თეატრებსა და სტუდიებზე ყურადღების გამახვილება.

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...