Home » ინტერვიუ » „როგორც იქნა სუს-მა ინება და დაადასტურა…მოკლედ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ!“

„როგორც იქნა სუს-მა ინება და დაადასტურა…მოკლედ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ!“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

ჩვენ კომენტარისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელს ნატალია ხოხიაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ჯერ კიდევ სუს-ის ოფიციალურ განცხადებამდე წერდა, რომ თუ ლიკვიდირებული ჩატაევი იყო, „საქმე გართულდებოდა“.

-სუს-მა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია…თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და ახლა უკვე ცივ გონებაზე როგორ შეაფასებთ სპეცოპერაციის დღეს, რა დაგანახათ და რა კითხვები გაგიჩნდათ?

– როგორც იქნა სუს-მა ინება და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია. ცოტა დიდხანს კი დასჭირდათ ამაზე ფიქრი, მაგრამ საბოლოოდ მაინც თქვეს, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ რომ არა წინასწარ აგორებული და მოარული ხმები, ამას ალბათ არც იტყოდნენ. ეჭვიც არ მეპარება რომ ეს თავიდანვე იცოდნენ, მაგრამ რომ არა გამოთქმული ვარაუდები ალბათ არც იტყოდნენ. ის რომ მათი საქართველოში ყოფნა და იქ ცხოვრება სამართალდამცავი სტრუქტურების რომელიღაც ნაწილისთვის ცნობილი იყო ამაზე ისიც მეტყველებს თუ როგორ იქცეოდნენ იმ დღეს ტერორისტები. მათ სამართალდამცავებს მისცეს უფლება მოსახლეობა გაეყვანათ, ხალხის მიმართულებით ისინი არ ისროდნენ. საქართველოში ვცხოვრობთ სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და არც ეს ამბავი დაიმალებოდა რა და როგორ მიმდინარეობდა იმ დღეს. სოციალურ ქსელში ჩვეულებრივი მოქალაქეების ვიდეოები და სურათები ვრცელდება როგორ ტოვებდნენ ისინი ადგილს. ეს იმაზე მეტყველებს რომ ტერორისტებს არ ქონდათ აგრესია ხალხის მიმართ და ისინი არც არაფერს აპირებდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ ხალხი რომლებიც საფრთხეს ელოდნენ ასე მშვიდად მიცემდნენ  სადარბაზოს დაცლის საშუალებას? მიუხედავად სპეცრაზმის  მობილიზაციისა მრჩება შთაბეჭდილება რომ ისინი ფიქრობდნენ რომ არ გაწირავდნენ, მოკლედ რომ ვთქვათ ვიღაცის იმედი ქონდათ.

აქამდეც უნდა დაედასტურებიათ რომ ეს ჩატაევი იყო, მესმის რომ არის გარკვეული რეგულაციები დნმ-ის ანალიზი და სხვა რომელიც უტყუარად დაადასტურებს გარდაცვლილის ვინაობას მაგრამ წინასწარი ვარაუდი მაინც უნდა გამოეთქვათ.

კითხვები აქამდეც იყო მაგრამ გაცხადების შემდეგ არ შეცვლილა არაფერი, იგივე კითხვები რჩება. მთავარი ისაა თუ საიდან და როგორ შემოვიდნენ ისინი საქართველოში? თუ არალეგალური გზით რასაც ამბობენ და შეიძლება დავეთანხმოთ რადგან საზღვრების მდგომარეობა ვიცით, მაშინ უნდა ახსნან როდის გახდა მათთვის ეს ცნობილი, რა გახდა ცნობილი ის რომ ისინი შემოვიდნენ და ცხოვრობდნენ თუ ის რომ ისინი რამე კანონსაწინააღმდეგოს აპირებდნენ საქართველოში და რატომ გახდა აუცილებელი იქ და იმ დროს სპეცოპერაციის ჩატარება, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას მათთან თუ საერთოდ ასეთი რამ ხდებოდა და რატომ გახდა აუცილებელი მათი ლიკვიდაცია.

სამწუხაროა რომ რაც გამოაჩინა იმ დღის მოვლენებმა არის ის, რომ ადგილი ქონდა სხვადასხვა უწყებების არაკოორდინირებულ მოქმედებას. საკმაო ხარვეზები დავინახე მე არაპროფესიონალმა და იმედია პროფესიონალები ამ მიმართულებით იმუშავებენ.

ვფიქრობ ეს კარგ  შედეგებს არ მოუტანს  საქართველოს არც ერთი მიმართულებით. თუ აღმოჩნდება რომ ისინი ვიღაცის ხელშეწყობით იყვნენ აქ, ეს იქნება საქართველოზე უდიდესი დარტყმა საერთაშორისო ასპარეზზე, თუ იტყვიან რომ მოხდა მათი შემოტყუება საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ეს ალბათ ჩრდილოკავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს, მოკლედ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ.

სამწუხაროდ სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ერთი სამართალდამცავი. კიდევ ერთხელ  ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს.

Facebook Comments
x

Check Also

ნაციონალები ქართველების ჩამოსაყვანად გადარიცხავენ ფონდში თანხას თუ…

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გახარია ამბობს, რომ თუ ოპოზიციას უცხოეთში დარჩენილი ...