Home » ექსკლუზივი » “ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ პროექტს, როგორ დავიცვათ და ვიხსნათ მომავალი თაობა…”

“ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ პროექტს, როგორ დავიცვათ და ვიხსნათ მომავალი თაობა…”

ქეთი მიქაძე

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად საქართველო შეძრა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა, სანამ ჩვენ 51-ე სკოლის ვერაგულად მოკლულ მოსწავლეებს დავტიროდით, ოფშქვეთში კიდევ ახალი ტრაგედია დატრიალდა და კლასელმა კლასელი მოკლა!

პროცესი უმართავი ხდება, მხოლოდ ვაი-ვიშით ვერაფერს გავხდებით და საჭიროა მოქმედება, საჭიროა ამოფეთქილი აგრესიის შეჩერება და ამაზე უკვე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ როგორ? არსებობს კი მზა რეცეპტი როგორ ვეომოთ ეპიდემიას? სოციალურ ქსელში კომენტარების და სტატუსების კითხვის დროს უცებ მეხსიერებაში ამოტივტივდა ნინო ჩარკვიანთან საუბრები. გამახსენდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” უკვე წლებია ამ პრობლემაზე მუშაობს და პროექტს ქმნის. საზოგადოებას ახსოვს ალბათ, რომ სწორედ ნინო ჩარკვიანმა გაასაჯაროა სექტანტებზე ინფორმაცია და განგაში ატეხა, ეს ორგანიზაცია მუდამ საუბრობდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე და ძალადობაზე.

პროექტზე სასაუბროდ ჩვენ ნინო ჩარკვიანს დავუკავშირდით.

-დღეს, როცა ყველაზე საშინელი პერიოდი გვიდგას, მოკლულ ახალგაზრდებს დასტირის საზოგადოება, ალბათ სწორედ დღეს გვმართებს დაფიქრება და იმ გზის პოვნა, ურემის გადაბრუნების შემდეგ რომ ვეძებთ მუდამ. როგორც მახსოვს, თქვენი ორგანიზაცია მუშაობს პროექტზე, რომელიც სწორედ არასრულწლოვანებს ეხება და საკმაოდ მასშტაბური, სოციალური პროექტია. რა ეტაპზე ხართ?

-პროექტის სამოქმედო გეგმა, რომელზეც თითქმის ერთი წელია მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია–” სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” დავასრულეთ, თუმცა ყველაზე მთავარი წინ გვაქვს.ეს იქნება დიდი სოციალური პროექტი და შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყველა ის დეტალი, რაც არასრულწლოვნებისთვის იქნება მისაღები. ჩვენ, როგორც პროექტის შექმნისას ჩართული გვყავდა მოზარდები, ასევე მისი განხორციელების დროს უშუალოდ გვეყოლება მოზარდები ჩართული.მოგეხსენებათ, ეს ასაკი არის ყველაზე ფაქიზი და ნებისმიერი ღონისძიების გატარებას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ის, რომ ჩვენდა სამწუხაროდ უამრავი არასრულწლოვანი არის ფსიქოტროპულ პრეპარატზე დამოკიდებული და პოტენციური მოძალადე, ჩვენი, საზოგადოების ბრალია პირველ რიგში და ეს პრობლემა ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ.

-ეს თავისთავად, მაგრამ როგორ უნდა გამოვასწოროთ?

-როდესაც ახალგაზრდებს ვურჩევთ , რომ იყვნენ ტოლერანტულნი და მოვუწოდებთ მავნე ჩვევებისგან თავის დაღწევას, მათ არ ვთავაზობთ ალტერნატიულ გზებს და ჩვენვე ვაძლევთ ცუდ მაგალითს. როცა ბავშვს ეუბნები მთელი დღე არ იჯდეს კომპიუტერთან, უნდა შესთავაზო რაღაც ალტერნატივა-რითი ჩაანაცვლოს კომპიუტერი ამ თავისუფალ დროს. გვაქვს ასეთი ალტერნატივები და სხვათაშორის ძალიან საინტერესო შეთავაზებები. მთავარია თავად მოზარდები ჩავრთოთ ამ პროექტში, გავიგოთ მათ რა სურთ, სწორედ ისინი გავუშვათ თანატოლებთან ანალოგიურ კითხვაზე პასუხის მისაღებად-ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ამ პროექტით ნამდვილად შევძლებთ ნაყოფიერად გამოვაყენებინოთ ეს დრო. პროექტით გათვალისწინებულია უამრავი კულტურული თუ შემეცნებითი ღონისძიება, კონკურსი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამ ყველაფერში თავად მოზარდები არიან ჩართულები.

-პროექტი მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება?

-პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, რადგან ამ დოზის აგრესია, შური, ბოღმა, სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა არის ყველგან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკვალოდ არ იკარგება და ყველაზე მთავარი გვავიწყდება-ჩვენი შვილების ჯანსაღი მომავალი და მათ უკეთეს მომავალზე ზრუნვა.

-დრო არ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ, ალბათ ყველა ასეთი სასიკეთო ნაბიჯი ძალიან სწრაფად არის გადასადგმელი. როდის დაიწყება პროექტი?

-პროექტის პრეზენტაცია იგეგმება იანვრისთვის, მოვიწვევთ ყველა იმ უწყებას, ორგანიზაციას, ბიზნეს-სექტორს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პროექტში და რაც მთავარია, მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით მოზარდებთან. მხოლოდ კოორდინაციით და ერთობით შევძლებთ ამ აგრესიის შეჩერებას, მხოლოდ ზუსტად გათვლილი, აწონილი მოქმედებით შევძლებთ მომავლის გადარჩენას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში მაინც ყველანი დავდგებით ერთად.

ნინოს დავემშვიდობე და მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში – მხოლოდ სოციალურ ქსელში „კაკუნი“ ვერაფერ შედეგს ვერ მოგვიტანს, უნდა გავერთიანდეთ არსებული პრობლემის გარშემო და ერთად ვიმოქმედოთ. იმედს ვიტოვებთ ნინო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული პროექტის პრეზენტაციაზე ბევრი ადამიანი მივა და თავის წვლილსაც შეიტანს მომავალი თაობის უკეთესი ხვალინდელი დღის დადგომაში.

Facebook Comments
x

Check Also

სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – მთავრობის ანგარიში

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო ...