You are here
„ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა…“ ეკონომიკა მთავარი 

„ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა…“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტი განიხილა.

კომიტეტის სხდომაზე ძირითადი მიმართულებების პროექტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების პროექტში, ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომელსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს. დოკუმენტში  წარმოდგენილია ასევე,  შესაძლო რისკების მიმოხილვა.

მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის მონეტარულ რეჟიმზე, რომელსაც ის ფასების სტაბილურობის მისაღწევად იყენებს. მისი განცხადებით, აღნიშნული, თარგეთირების რეჟიმი, ყველაზე ეფექტური მექანიზმია ამ მიმართულებით.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა, რაც იმას მიუთითებს, რომ  მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება იკვეთება. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აღნიშნულთან დაკავშირებით 13 დეკემბერს იმსჯელებს.

„დღევანდელ დღეს არსებული ინფორმაციით ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ალტერნატიული გზით განვითარდა, რაც იმას მიუთითებს, რომ იკვეთება მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება. ამასთან დაკავშირებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იმსჯელებს 13 დეკემბრის სხდომაზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს,“-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მომხსენებელმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2018-2020 წლებისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტს შეადგენს, საშუალო ვადიან პერიოდში კი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018-2020 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით – რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

„მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრული განეიტრალება. ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა. ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია,“-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც  მომხსენებელმა განმარტა, 2018-2020 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. „ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე”, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მომხსენებლის განცხადებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ცდილობს დააბალანსოს ორი ფაქტორი: რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ დონეს და როგორი გავლენა ექნება მონეტარული პოლიტიკას ეკონომიკურ ზრდაზე. კობა გვენეტაძემ ინფლაციის პროგნოზთან დაკავშირებულ რისკებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინფლაციის პროგნოზისთვის რისკის შემცველია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი დონის შემთხვევაში, პროგნოზთან შედარებით მაღალ ინფლაციას, ხოლო დაბალი აქტივობის შემთხვევაში, შესაბამისად, დაბალ ინფლაციას გამოიწვევს. მისივე თქმით, რისკის შემცველია ასევე სურსათისა და ნავთობპროდუქტების ფასები, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და მეტწილად მიწოდების ფაქტორებზეა დამოკიდებული.

დოკუმენტის წარდგენისას, მომხსენებელმა განმარტა, რომ საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის ინტეგრირებული რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი მოითხოვს მცურავი გაცვლითი კურსის არსებობას  კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.

„საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებით, ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას შეეწყობა ხელი, რაც შესაბამისად, საქართველოს  მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს,“-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Comments

comments

Related posts