You are here
მერეთი-სიკეთე, პატარების სიხარული…მაგრამ!.. ემოცია განსხვავებული ვერ იქნება მანამ, სანამ მავთულხლართები იქნება…(ვიდეო) ექსკლუზივი მთავარი 

მერეთი-სიკეთე, პატარების სიხარული…მაგრამ!.. ემოცია განსხვავებული ვერ იქნება მანამ, სანამ მავთულხლართები იქნება…(ვიდეო)

ქეთი მიქაძე

საზღვრისპირიდან დაბრუნებული ალბათ პირველად არ მოგიყვებით იმ ემოციებზე, რომელსაც ახლა ვგრძნობ მეც და ჩემთან ერთად მყოფნიც…

პირველად არ მოგიყვებით ამ სოფლებში მაცხოვრებელი ბავშვების თვალებზე, რადგან ახალს ვერაფერს გეტყვით, დრო მიდის და უკვე მერამდენე თაობა იზრდება დანაწევრებულ საქართველოში…აი, ამიტომაც ემოცია განსხვავებული ვერ იქნება მანამ, სანამ ის მავთულხლართები იქ იქნება…

დღეს პირველად დავიწყებ თქვენთან საუბარს ასე:

საზღვრისპირა სოფელი მერეთი. ამ სოფლის მაცხოვრებლებს უამრავი პრობლემის მიუხედავად ადამიანების ჩასვლა,  მათთან გასაუბრება და გულის გადაშლა ახარებთ, აქვთ მომავლის იმედი და პატარებსაც სამშობლოს სიყვარულით ზრდიან.

აქცია „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“ მერეთის საბავშვო ბაღში ჩავიდა. მართალია სიკეთე უანგაროდ გააკეთა აქ ჩასულმა თუ აქციაში ჩაბმულმა ყველა ადამიანმა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა პირადად მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო და მათი ვინაობა საზოგადოებას გავაცნო, არა იმიტომ, რომ მათ რაღაც გააკეთეს, არამედ იმიტომ, რომ მიმბაძველები გამოუჩდნენ და შემდეგი აქციის დროს ჩვენი სიკეთის ჯაჭვი უფრო გრძელი გახდეს.

მოდით დავიწყებ თავიდან. როგორც კი დავაანონსეთ, რომ საზღვრისპირა სოფლის საბავშვო ბაღში ვაპირებდით წასვლას, აქციას მაშინვე შემოუერთდნენ-გელა დანელია, ირაკლი შიხიაშვილი, მაია სირაძე, ლალი მაჭავარიანი, მაკა ცაბუტაშვილი,მაია ცომაია, თაკო კვირტია, ანა რომანჩენკო, მერაბ ქვარაია, ქეთი ქალაძე, სალომე კაპანაძე, კახა კუკავა, ნინო მეტრეველი, თათია კვარაცხელია, როლანა ნიჟარაძე და თავიანთი სურვილისამებრ გადმორიცხეს თანხა. ჩვენი თხოვნით ჩარიცხვის ქვითრებს ფოტოც გადაუღეს და მოგვაწოდეს, რათა ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო.

მერეთში კი აქციასთან ერთად წამოვიდნენ:

მამუკა ლომაშვილი-საბავშვო თეატრ „მაჩაბელას“ ხელმძღვანელი;

„მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი“-დარინა ლომინაძე, დაჯი ბოლაშვილი, ირინა კუჭაძე;

არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილი ადამიანები“-ხელმძღვანელი ნანა ხომასურიძე;

ანსამბლი „ქიმერიონი“-რამინ მიქაბაძე, დავით ხაჩიძე, რეზო ასლამაზიშვილი, ბიძინა ალადაშვილი, თორნიკე მანწკავა, ირაკლი მაღრაძე.

სტუდია „ზღაპრის ქალაქის“ ხელმძღვანელი მარიკა მირველაშვილი;

GmTV-ს ჟურნალისტები ბელა აბულაძე და მაიკო ოქრუაშვილი.

აქციას შემოუერთდა და პატარებთან პროდუქცია გაგვატანა “ზედაზენმა”, რომელიც მუდან სიკეთეს აკეთებს და თავადაც უამრავი აქციის თუ ღონისძიების ორგანიზატორად გვევლინება, ასე რომ აქციის მონაწილეების მიერ ჩატანილი საჩუქრები უფრო ხალისიანი და “მომგებიანი” გახდა არსი კოლასთან ერთად. 

სტუმრებმა ბავშვებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს, პედაგოგებმა კი თავიანთ აღსაზრდელებს ლექსები ათქმევინეს და საქართველოს ჰიმნი ამღერეს…

დღე მართლაც რომ ლამაზი და სასიამოვნო გამოვიდა…

უკან რომ ვბრუნდებოდი, უფრო კარგად დავაკვირდი სოფლებს-წინა ჩასვლებთან შედარებით ვნახე როგორ ნელ-ნელა იშუშებენ ომის ჭრილობებს, მაგრამ მაინც ნაცრისფერი დაჰკრავს არე-მარეს, რადგან სულ ახლოს ოკუპანტი დგას, ადამიანებთან საუბრისას მაინც გრძნობ სიტყვებს შორის დაფარულ შიშს, არავინ იცის დილით მავთულხლართი სად დახვდება…

დავტოვეთ მერეთი, მერე კარალეთი და ყველაფრის მიუხედავად დავინახეთ ამაყად მოფრიალე საქართველოს დროშა…

აქვე გეტყვით, რომ მორიგი აქცია 17 დეკემბერს გაიმართება-ამჯერად თბილისში მცხოვრებ ოჯახებს ვესტუმრებით და დიდი იმედი მაქვს თქვენი დახმარებით სწორედ ბარბარობას ამ პატარებს ოცნებას ავუხდენთ. შემდეგ კი ქუჩაში გავალთ და თითო ლობიანით და ცხელი ჩაით მივულოცავთ ბარბარობის დღესასწაულს იმათ, ვისაც სჭირდება დაინახოს, რომ ის არ არის მარტო…

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!

Comments

comments

Related posts