Home » მთავარი » ეს დიდი საქმეებია, რომელსაც სჭირდება სამთა ერთობა – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების!

ეს დიდი საქმეებია, რომელსაც სჭირდება სამთა ერთობა – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების!

„ქართული ერთობის დარბაზის“

პრეს-ცენტრი

კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის სურვილით

„ეს არ იყო ლეგენდარული რომან რურუასთვის  მარტო იუბილეს მილოცვა, ეს მართლაც, დიდი შეხვედრა იყო“ , – განაცხადა ცნობილმა არქიტექტორმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ, პროფესორმა გიგა ბათიაშვილმა პატრიარქთან „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა შეხვედრის შემდგომ.

„ჩვენ არ გვქონდა უფლება, ჩვენი სულიერი მამის, მართლაც, ქვეყნის დიდ მიმავალზე ორიენტირებული ამ საუბრიდან გამომდინარე, მოქმედება არ დაგვეწყო, კონკრეტული ნაბიჯები არ  გადაგვედგა. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ბატონ რომან რურუასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გამოცემული წიგნის, კალენდრის, ჩვენი კეთილგანწყობისა და თანამშრომლობის  წერილის დაგზავნა, როგორც სახელისუფლებო წრეებში, ასევე ცნობილი მოღვაწეებისა და ბიზნესმენებისათვის“.

ბატონი გიგას განცხადებით, კარგი იქნებოდა, ეს წიგნი და კალენდარი ყველა ოჯახში რომ გვქონდეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია, თუმცა ათიათასზე მეტი კალენდარი დარიგდება შეხვედრებზე, რომლებსაც მიმდინარე წლის ბოლომდე და იანვრის თვეში, გავმართავთ საქართველოს ყველა მხარეში, დიდ ქალაქებსა და რაიონებში.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალი ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაშია. ეს არ არის ადვილი პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში, მაგრამ აუცილებელზე აუცილებელია. ეს მისია კი, სახელმწიფო კაცებმა, ინტელიგენციამ უნდა იკისროს.ეს წერილიც ამ განწყობითაა შექმნილი. ჩვენ ამ წერილში ჩავდეთ მთავარი, ის რაც ჩვენმა პატრიარქმა გვითხრა შეხვედრაზე. ამავე განწყობით ვემზადებით შეხვედრისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამავე განწყობით გაიხსნება 15 დეკემბერს „მწვანე  გალერეაში“ ცნობილი მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბატონი გივი თოიძის გამოფენა…“ – აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

აქვე  სრულად  გთავაზობთ  წერილს, რომლის დაგზავნა სახელისუფლებო წრეებში, ცნობილ მოღვწეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან უკვე დაიწყო.

„ბატონებო, მაქვს პატივი, ჩემი და „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლების ანზორ ერქომაიშვილის, ტარიელ  ხარხელაურის, გივი თოიძის, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის, რამაზ ყურაშვილის სახელით დაგიდასტუროთ  ღრმა პატივისცემა და მოგართვათ  მეცნიერთა,  კულტურის მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად მომზადებული, ლეგენდარული  რომან რურუას წიგნი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ და  ამავე სახელწოდების კალენდარი.

პირველი ეგზემპლარები საქართველოს   კათოლიკოს პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადავეცით და მივიღეთ რჩევა, რომ ყველაფერი ეს გავაცნოთ ხელისუფლებას, ცნობილ მოღვაწეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს.  შევეცადოთ, რომ ამის შესახებ იცოდეს  საქართველოს მოსახლეობამ, რადგან წიგნიც და კალენდარიც დასტურია იმისა,თუ რა კოლოსალური შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას.

პატრიარქმა  შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის წამოწყებას,  დავიწყოთ დიდი მოძრაობა თაობებს შორის  ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის, თაობათა ერთიანობისთვის. ახალგაზრდები იწყებენ  მოძრაობას, რომელიც  გაგრძელებას მიიღებს უფროსი თაობისადმი  მადლიერებისა და პატივგების საღამოში,  რომელიც მომდევნო წლის მაისში, სპორტის სასახლეში შედგება.

პატრიარქმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა, საქართველოს ხელისუფლებასთან, ცნობილ მოღვაწეებთან და ბიზნესის  წარმომადგენლებთან ერთად, მომდევნო წელს, დავიწყოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, რომლის სესიები  ორი წლის განმავლობაში  ჩატარდება მსოფლიოს  ორმოცდაათი ქვეყნის  ოთხმოცზე მეტ ქალაქში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ სოციალური გაჭირვების გამო ცხოვრობს ქართველობა და   დამთავრდება  თბილისში მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს  მომავლის საქართველოს პროგრამას.

ეს  სესიები  პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს მთელ მსოფლიოზე  „ქართული TV”-ით, იმ ტელევიზიით, რომელიც შეიქმნა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და რომლის  სათავეებთან იდგნენ  დიდი  მოღვაწეები,მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, დაკავშირებული ვართ ჩვენ ყველანი. ეჭვი არ გვეპარება,  თქვენც შემოგვიერთდებით.

დამერწმუნებით,  ეს დიდი საქმეებია,  რომელსაც სჭირდება  სამთა ერთობა – ხალხის, ეკლესიისა     და  ხელისუფლების.  ეჭვი არ გვეპარება, რომ ქართული ინტელიგენციის ამ წამოწყებას,  მხარდაჭერილს ჩვენი სულიერი მამის მიერ,თქვენი დიდი თანადგომა ექნება.

ჩვენ მზად  ვართ თამშრომლობისთვის და ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნო იქნება  შეხვედრა თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, იანვარსა და თებერვალში.

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა სახელით,

პროფესორი გიგა  ბათიაშვილი

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...