Home » მთავარი » მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა.

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების  განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს – გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის  ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა.

მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა.  სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა  ა.ხორავას ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.  ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით  და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...