Home » ექსკლუზივი » „ჩემი ძმადნაფიცია და ოჯახს კარგად ვიცნობ! ნუ აყვებით ცრუ ინფორმატორს – ბრალდება აბსურდია!“

„ჩემი ძმადნაფიცია და ოჯახს კარგად ვიცნობ! ნუ აყვებით ცრუ ინფორმატორს – ბრალდება აბსურდია!“

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიხეილ ცილიკიშვილი ეხმაურება და  ჩვენთან საუბარში ექსკლუზიურად აცხადებს, რომ დაჭრილის მამა მისი ძმადნაფიცია. ცილიკაშვილი ამბობს, რომ ოჯახი უპატიოსნესია და სამართალდამცველები ცრუ ინფორმატორმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს.

-პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ჩემი ძმადნაფიცის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილია და მას ბავშვობიდან ვიცნობ, ეს ოჯახი უპატიოსნესი ოჯახია. თემირლანი თვალების პრობლემით დაიბადა და უმეტეს დროს სახლში ატარებდა, ქუჩაშიც კი არ გადიოდა, მხოლოდ შარშან გაუკეთდა ოპერაცია და მერე დაიწყო სახლიდან გასვლა და საინტერესოა, ამ ერთ წელში როგორ მოასწრებდა ტერორისტებთან კავშირის დამყარებას?!

მე მგონი ჩემს სიტყვას ჯერ კიდევ აქვს წონა და ამიტომ მინდა ხმამაღლა განვაცხადო-ეს ოჯახი არის პატიოსანი, მშრომელი ადამიანების ოჯახი და ის ბრალდება, რასაც ამ 18 წლის ბავშვს ტენიან არის აბსურდი!

-თქვენ რას ფიქრობთ, რაიმეს გადაფარვა უნდათ ამ თემით თუ?..

-აქ უფრო ჩატაევის საქართველოში შემოსვლის გზების გადაფარვა უნდა ვიღაცას, სამართალდამცველებს არასწორი ინფორმაცია და ცრუ ინფორმატორი ჰყავთ, ხომ ვერ იტყვიან რაღაც მწვანე გზებით და ხვრელებით შემოვიყვანეთ ჩატაევიო და ამიტომ გამართლებას ისე ეძებენ, სხვას აზარალებენ! კიდევ ვიმეორებ, ეს ბავშვი ქუჩაშიც კი არ გადიოდა და ასეთი ბრალდება ყველა საზღვარს სცდება.

-რას ეტყვით სამართალდამცველებს და მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით?

-პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი არის უპატიოსნესი. სამართალდამცველებს კი მივმართავ – სწორად წარმართონ ძიება, არ წამოეგონ ცრუ ინფორმატორების პროვოკაციაზე და არ შეუწყონ ხელი სიტუაციის დაძაბვას! ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ბიჭი, მან საკმაოდ რთული ბავშვობა გაიარა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ახლა როგორი ასატანია ეს მისი ოჯახისთვის, ადვილი წარმოსადგენია. გამოძიება უნდა წარიმართოს სწორად და დროულად!

შეგახსენებთ:

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმი ვასილ გოტაძე ამბობს, რომ პაციენტის თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ტვინიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

დაჭრილის მამა აცხადებს, რომ ის სამართალს მაინც დაადგენს ამისთვის სტრანსბურგამდე მისვლაც რომ დასჭირდეს.

-“სირცხვილია რაც მოხდა ხელისუფლების მხრიდან. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინრეს ესროლეს და ახლა კიდევ ტერორისტიაო აცხადებენ. ამბობენ, წინააღმდგეობა გაუწია, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ ყოფილა ისე აქვს ნასროლი. ხელისუფლება თვითონ ქმნის ტერორისტებს, ჩემი თავიც და ყველა მძულს. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტეს” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ბიჭი ცხინვალში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – ასეთი ...