Home » ექსკლუზივი » გამოგვყევით – ლელა გვენეტაძის მშვენიერების სამყარო

გამოგვყევით – ლელა გვენეტაძის მშვენიერების სამყარო

სპაციალურად საიტისთვის

მაია ცომაია

                 ლელა გვენეტაძის ფერადი ლენტებით ნაქარგი ყვავილების სამყარო  

ლელა გვენეტაძე დაიბადა და გაიზარდა იმერეთის სამრეწველო ქალაქ ტყიბულში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ორჯონიკიძის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტში, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების სპეციალობით განაგრძო. მისი ცხოვრება, მრავალი  ქალის მსგავსად ჩვეულებისამებრ წარიმართა, დასაქმდა, შექმნა ოჯახი, შეეძინა ორი ვაჟი, თუმცა დედის მიერ ბავშვობიდანვე ხელოვნების მიმართ ინტერესი და სიყვარული ლელას მოსვენებას აკარგვინებდა, მის სულში ჩასახლებული აპოლონი (სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში) აიძულებდა ფიქრს შეექმნა რაიმე განსაკუთრებული, ორიგინალური და მიმზიდველი. ოჯახის მიმართ დიდი პატივისცემისა და პასუხისმგებლობისა, არასოდეს მიუტოვებია საქმე, რომელსაც დღესაც საოცარი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებს .

 ლელა გვენეტაძე:

– რაც მეხსიერება მაქვს დედაჩემი სულ სილამაზის შექმნის სამსახურში იდგა. თავად ქმნიდა ქალის სამოსის მოდელებს, სუფთა და ზუსტი შესრულებით ქარგავდა, ქსოვდა და კერავდა . ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დედას მუშაობის პროცესში მე და ჩემი დაც აქტიურად ვიყავით ჩართულნი და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. ასე ყალიბდებოდა ჩემში გემოვნება, სიყვარული ხელოვნების მიმართ. ბავშვობიდანვე ვქსოვდი ქუდებს, შარფებს, ხელთათმანებს, მაისურებს, ვქარგავდი და ვხატავდი მოდელების ესკიზებსაც.

 – ასე ჩაიარა ბავშვობის ფერადმა და ლამაზმა წლებმა, თუმცა პროფესიულად სხვა მიმართულებით წახვედი….

– ავირჩიე ჩემს რაიონში მოთხოვნადი  პროფესია.  ტყიბული სამრეწველო რეგიონია, მდიდარია ქვანახშირითა და ტეშენიტით, ასევე მოიპოვება ფიქალები, ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები , ვფიქრობდი ჩემს რაიონს გამოადგებოდა პროფესიონალი კადრი. მიუხედავად ამისა, მე არასოდეს გამნელებია ხელოვნების მიმართ არც სიყვარული და არც სილამაზის შექმნის მოთხოვნილება . პროფესიის პარალელურად სულ ახლის ძიებაში ვიყავი, ვსწავლობდი და ვვითარდებოდი ამ მიმართულებით, ქარგვის სხვადასხვა მეთოდებით ვიყავი დაინტერესებული.

-ლელა,როდის და რატომ გადაწყვიტეთ ქსოვილებით, კონკრეტულად კი ლენტების საშუალების ურთულესი და ულამაზესი კომპოზიციების შექმნა?

-დაახლოებით 9 წლის წინ ინტერნეტის საშუალებით წავაწყდი ხელით ნაქარგ მცირე ზომის ვარდს. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი ფორიაქი, დაუსრულებელი ინტერესი და ფიქრი, შემექმნა რაღაც განსხვავებული და მივაგენი მასალას , რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნილებას, ეს ნაჭრის, ძირითადად აბრეშუმის ფერადი ლენტები იყო. ყოველდღე მომდიოდა ფანტაზიები, იდეები, კომპოზიციებსაც თავად ვადგენდი. დროთა განმავლობაში დავიხვეწე, განვვითარდი და გავთამამდი კიდეც. ფეისბუქი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ჩემი შესაძლებლობების გამოსავლენად, უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, როდესაც მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, ითხოვდნენ ახალ ფოტოებსაც. უცხო ადამიანების შექება და მოწონება დიდი სტიმული გახდა ჩემი შემდგომი ნაბიჯებისთვის. მიმიწვიეს ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩემი ნამუშევრებით, გალერეის გახსნაზე სხვა ხელოვანებთან ერთად, ასევე სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებულ ჯგუფურ გამოფენებზე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. თანდათან გაჩნდა იდეაც, დამეგროვებინა იმდენი ნამუშევარი, რომ პერსონალური გამოფენისთვის მოვმზადებულიყავი.

-და აი დადგა ეს დღეც ლელა, როდის და რას წარუდგენ საზოგადოებას კონკრეტულად

-ჩემი ნამუშევრების თემატიკა ყვავილებია, ამიტომ პერსონალურ გამოფენას გაზაფხულზე ვგეგმავ, გალერეა ვაჩეში. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ლამაზი და ფერად-ფერადი ლენტებით შექმნილ შერეული ტექნიკის გამოყენებით (წყლით, ბისერებით, ჯვარედინით, თასმით ქარგვა და სხვა) სურათებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე  წარვადგენ  ნახევრად ძვრიფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს: ბროშებს, საყურეებს, სამაჯურებს და ყელსაბამებს და სხვა აქსესუარებს. ჩემი სურვილია, მრავალ ქალს ამ ყვავილებით გავულამაზო ინტერიერი , კიდევ უფრო მეტი სიმყუდროვე და მშვიდი გარემო შევუქმნა ოჯახებში.

 ლელა გვენეტაძის თითოელი ნამუშევარი თვეების განმავლობაში დიდი რუდუნებითა და სიყვარულით იქმნება. ამ ტექნოლოგიით შეუძლებელია მოკლე დროში შექმნა ისეთი სისუფთავე, სიმშვიდე, სიმყუდროვე და სულის ჰარმონია, როგორიც ლელა გვენეტაძის ნამუშევრებში იგრძნობა. წამატებები ვუსურვოთ ქალბატონს, რომელსაც მომნუსხველი სამყარო აქვს შექმნილი და მთლიანად ჩაკარგულია მასში.  ჩვენ კი მოუთმენლად ველით აბრეშუმის ფერადი ლენტებით ნაქარგი  ყვავილების ლამაზ სამყაროში მოგზაურობას!

Facebook Comments
x

Check Also

“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან”

საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ...