You are here
ლარის კურსი, გაზრდილი ფასები, უცვლელი პენსია და არაადეკვატურად მაღალი პროცენტი… ეკონომიკა მთავარი 

ლარის კურსი, გაზრდილი ფასები, უცვლელი პენსია და არაადეკვატურად მაღალი პროცენტი…

ლარის კურსის ცვალებადობა ყოველთვის გავლენას ახდენს მოქალაქის ჯიბეზე, რა თქმა უნდა ბიზნესზეც, მაგრამ განსაკუთრებით ასახვას მაინც ჩვეულებრივი მოქალაქის მდგომარეობაზე ახდენს.

ლარის დაცემას მაშინვე თან სდევს ფასების მატება, მაგრამ როცა კურსი ასე თუ ისე სტაბილურდება, გაზრდილი ფასები უცვლელი რჩება მომდევნო ვარდნამდე, მერე ფასები ისევ ზევით მიდის.

ფასების ზრდა და საპენსიო რეფორმა-ეს საკითხი ეკონომიკის დოქტორის, რატი აბულაძის ყურადღების ცენტრში მოექცა.

რატი აბულაძე:

-ბოლო დღეებში ხელისუფლებამ აღნიშნა პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფის ფარგლებში გასატარებელი ინიციატივების შესახებ, მათ შორის: პენსიის წინასწარ აღების დროს არსებული არაადეკვატურად მაღალი პროცენტი და ერთი ბანკის მიერ პენსიის გაცემის ეფექტურობა.

ხაზგასასმელია, რომ როდესაც ხელისუფლება მოწყვლადი სეგმენტის უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიმართულებით მზაობას გამოხატავს დადებითი მოვლენაა, განსაკუთრებით საპენსიო სისტემის მართვის დახვეწა. ამასთან, ნებისმიერი მიდგომა, რომელიც საპენსიო ინდუსტრიის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად ზრდის პოლიტიკურ სარგებელს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური აქცენტების გადატანა მაღალ პროცენტზე, ბანკზე, რეგულირებასა და მართვაზე არ ცვლის პენსიონრების ცხოვრების დონეს; არ ზრდის პენსიის ოდენობას; არ ქმნის განსაკუთრებულ სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტებს; ბუნებრივია, საპენსიო ინდუსტრიაში ყურადსაღებია არამხოლოდ ის ფაქტი, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, არამედ ხაზგასასმელია ისიც, რომ კანონიერ სასათბურე პირობებში, ბანკი საპენსიო პაკეტით პირნათლად ემსახურება პენსიონრებს, საპენსიო პროდუქტებით სარგებელს იღებს როგორც სახელმწიფოსგან ისე პენსიონრებისაგან (ვგულისხმობ კრედიტის გაცემა პენსიის უზრუნველყოფით); არსებული სამართლებრივი გარემო შესაძლებლობას აძლევს ბანკს, რომ დაბალშემოსავლიან პენსიონრებს მაღალი საპროცენტო განაკვეთით მისცეს კრედიტი.
არსებული პენსია არ იძლევა თვიდან თვემდე თავის რჩენის შესაძლებლობას. 175.7 ლარის საარსებო მინიმუმის პირობებში, პენსია არის 180 ლარი. როდესაც პენსიონერი კრედიტს იღებს მისი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბლა ჩამოდის. პროცენტით გაცემული კრედიტის დაბრუნების შემთხვევაში, საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსიის პირობებში, არსებობის გაურკვეველ პირობებით რჩება პენსიონერი. პენსიის უზრუნველყოფით გაცემული კრედიტების მიზნობრიობა, რომელიც ძირითად შემთხვევაში წამლის, სამედიცინო მომსახურებისა და საკვების პროდუქტების შეძენის მიზნით არის გაცემული, ზრდის როგორც პოლიტიკური გარემოს მორალურ პასუხისმგებლობას, ისე ეროვნული ბანკისა და ბიზნეს სექტორის პასუხისმგებლობას. ფასებისა და ინფლაციის ზრდა, ცხოვრების ღირებულების ზრდა, მსყიდველობითუნარიანობის შემცირება გავლენას ახდენს პენსიისა და დახმარების ეფექტის დონეზე.

აღნიშნული ინიციტივა უფრო ტექნიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე გამოწვევების ადეკვატური. ამიტომ, ინიციატივები გამოწვევების თანმდევად და ადეკვატურად უნდა განხორციელდეს.

ბუნებრივია, როგორც სხვა სფეროში აქაც უნდა შეიცვალოს პოლიტიკაც და მიდგომებიც. საპენსიო პაკეტი უნდა მოიცავდეს დაბალ საპროცენტო განაკვეთს, პენსიონერებთან შეღავათიან საკრედიტო ურთიერთოებებს (განსაკუთრებით, როდესაც კრედიტს სურსათის შეძენის მიზნით იღებს). არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი გარემოს პირობებში (მანამ სანამ ანტიმონოპოლიური კანონი არ ამოქმედდება), ტენდერის სისტემით საპენსიო მომსახურების პაკეტი არ უნდა გადაეცეს მსხვილ ორგანიზაციებს. საჭიროა ხელი შეეწყოს მცირე ნიშის მქონე ორგანიზაციების არსებობასა და ოპერირებას ბაზარზე.

მოცემული მიდგომები მიმართულია საპენსიო სისტემის მართვის გაუმჯობესებაზე, კარგი იქნებოდა მიმართული იყოს დაფინანსების ზრდაზე; ტენდერით, ახალი პირობებით უნდა განისაზღვროს პროვაიდერი ბანკი. თუმცა, პენსიონერს სხვა ბანკში პორტირების უფლებაც უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, პენსიონერი უფრო მოიგებს, თუ პენსიის გაცემის უფლება ერთზე მეტ ბანკს ექნება. თუმცა, პენსიონერებს გაზრდილი ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე კიდევ უფრო გაურთულდათ ცხოვრების დონე. ამ ფონზე, მხოლოდ საპროცენტო განაკვეთებსა და პროვაიდერი ბანკის პრობლემაზე საუბარს ჯობია პენსიის სიდიდეზე გამახვილდეს ყურადღება;

ბოლო პერიოდში, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფონზე საზოგადოების მოლოდინი იყო შეკვეცილი საბიუჯეტო სახსრებისა და ბიუროკრატიული ხარჯების გადამისამართება სოციალური გარემოს დაფინანსების ზრდაზე, პენსიის ზრდაზე, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ზრდაზე. თუ ეკონომიკა არ გაიზარდა უფრო დიდი სოციალური პრობლემები იქნება ვიდრე საპენსიო სისტემის მომსახურების გამოწვევებია“.

Comments

comments

Related posts