You are here
„როცა მეზობელ რეგიონში ცხელა…რისთვის ვართ მზად?“ – თურქეთმა საომარი ოპერაცია დაიწყო! ინტერვიუ მთავარი 

„როცა მეზობელ რეგიონში ცხელა…რისთვის ვართ მზად?“ – თურქეთმა საომარი ოპერაცია დაიწყო!

ქეთი მიქაძე

თურქეთის პრეზიდენტმა მუქარა შეასრულა და სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. სწორედ რამდენიმე ხნის წინ სამხედრო შტაბმა ახალი განცხადება გაავრცელა და სამხედრო ოპერაციის „ზეითუნის ხილის ტოტი“-ს დაწყების შესახებ ისაუბრა.

იხ.

http://www.gmtv.ge/37179-2/

გენერალმა ამირან სალუქვაძემ ჯერ კიდევ დილით ისაუბრა თურქეთის თემაზე და მისი პროგნოზი ზუსტად გამართლდა. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით სამხედრო ანალიტიკოსს და საუბრის გაგრძელება ვთხოვეთ.

-ბატონო ამირან, ჯერ კიდევ 2016 წელს წერდით თურქეთის საომარ ოპერაციაზე, ზუსტად გათვალეთ რა მოელოდა სირიას და ახლო აღმოსავლეთს. თქვენს მაშინდელ ანალიზს ოდნავ ქვემოთ შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, ახლა კი თქვენი აზრით როგორ განვითარდება მოვლენები და ჰპოვებს თუ არა ეს ყველაფერი ასახვას ჩვენს ქვეყანაზე?

-მიუხედავად ჩავუშოღლუ-ტილერსონის შეთანხმების, ასევე სხვა ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ აშშ არ აპირებს თურქეთის საზღვრებთან უსაფრთხოების ძალების შექმნისა, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში სამხედრო აქტივობებს გააგრძელებს. რაზე ისაუბრეს აშშ-თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა, ვერავინ გაიგებს, მხოლოდ ამ ორი სახელმწიფოს ქმედებების გაანალიზებით შევძლებთ ჩავწვდეთ, თუ რა საკითხებზე შეთანხმდნენ. ფაქტი ერთია, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, მთავრობა, საკუთარ განცხადებებში არ მალავენ, რომ შეეგუებიან სირიის ჩრდილოეთში არსებულ ვითარებას. 2017 წლის შემოდგომაზე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა მოახერხეს რამდენიმე მნიშვნელოვანი რაიონის, კერძოდ აფრინის, ქობანის, მანბიჯის და ჯაზირას დაკავება, რომლებიც თურქეთის სამხრეთს, კერძოდ ქურთული მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს ესაზღვრება. ამ გარემოებას თურქეთი სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს. ანქარა შეეცდება არ თავის სამხრეთ საზღვრებთან გარკვეული ბუფერული ზონა შექმნას. თუ ქურთულ დაჯგუფებებს უკან დაახევინეს, ეს თურქეთისთვის წარმატებულ სამხედრო კამპანიად ჩაითვლება.

აისახება თუ არა ეს საქართველოზე, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში. ვფიქრობ მათ არ მოელით იოლი გასეირნება, თუ, რა თქმა უნდა, თურქეთის მოქმედებები შეთანხმებული არაა აშშ-სთან. წესით ასე უნდა იყოს. სირიის დემოკრატიული ძალების დაჯგუფება ასადის ჯარების შემდეგ სიდიდით მეორეა და მისი რიცხოვნობა 25-30 ათასს აღწევს. მის ბირთვს შეადგენს ქურთული დაჯგუფებები, რომელთა ბრძოლისუნარიანობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუნდაც რაქას გათავისუფლებით. მოკლედ, პირდაპირ საქართველოზე, ან კავკასიის რეგიონზე ანქარას მიერ დაწყებული ახალი სამხედრო კამპანია „Olive branch“ არ აისახება, თუ ქურთული მოძრაობის ალი არ გადმოედო თურქეთის ტერიტორიას. თუ თურქეთის არმია ჩაეფლო საბრძოლო მოქმედებებში, განიცადა დიდი დანაკარგები და ამას მოჰყვა ქურთების გააქტიურება თვით თურქეთში, ეს სერიოზულად დაძაბავს ვითარებას. ასეთ პროგნოზებზე და სცენარებზე საუბარს ყველა ანალიტიკოსი ერიდება. სირიაში ქურთული მოძრაობის შესუსტებაში დაინტერესებულია ირანიც. რუსეთი თავს დიდად არ შეიწუხებს. მას აწყობს დასავლეთთან დაძაბულ ურთიერთობაში მყოფი და ამავე დროს დასუსტებული თურქეთი. ამავე დროს არც ქურთების გაძლიერება აწყობს, რადგან ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ასადის, ან სირიაში პრორუსულად განწყობილი რეჟიმის შენარჩუნებას. ჩვენგან მკითხველი უფრო მაინც პროგნოზებს ელოდება, ვიდრე შეფასებებს. ის რომ თურქეთი გააგრძელებდა სამხედრო აქტივობებს, 18 იანვარს სოციალური ქსელის მეშვეობით ვწერდი.

რაც შეეხება ვითარების განვითარებას, ველოდები, რომ თურქეთი მოახერხებს სირიის და მის ტერიტორიაზე მყოფი ქურთების დაშორიშორებას და ამ ამოცანით შემოიფარგლება. თუ საბრძოლო მოქმედებებმა დიდი მასშტაბი მიიღო, არაა გამორიცხული ირანის გააქტიურება სირიის საზღვრებთან. თუმცა ამას ამერიკის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება. ერთი რამ მკაფიოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზემოთ დასახული ამოცანის შესასრულებლად თურქეთი რესურსებს არ დაზოგავს. სამხედრო რესურსები კი გააჩნია.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონში ვითარების დაძაბვას, ჩვენს თავს კითხვა უნდა დავუსვათ, რისთვის ვართ მზად? როგორც ყოველთვის გამოვთქვამ სურვილს, რომ მეტად თვითკრიტიკულები ვიყოთ და ნუ დავკმაყოფილდებით თავდაცვის რეფორმების მოცულობით და ტემპებით. როგორც ამ ორი წლის განმავლობაში სხვა უამრავ ანალიტიკოსთან ერთად ვწერდი, ახლო აღმოსავლეთს დამშვიდება კარგა ხანს არ უწერია. როცა მეზობელ რეგიონში ცხელა, ჩვენთან როგორც მინიმუმ თბილა მაინც.

-იმედია არ დაცხება. დიდი მადლობა და ახლა, როგორც ვთქვით, 2 წლის წინანდელ ანალიზსაც გადავავლოთ თვალი. ამისთვის ჩვენი მკითხველი უნდა გადავიდეს ლინკზე:

https://www.facebook.com/BrigadeGeneral/posts/1327892270562240

Comments

comments

Related posts