Home » ინტერვიუ » “არანაირ პიარზე აქ საუბარი არ შეიძლება, სირცხვილია ამის თქმა!..ნაწამები ჯარისკაცი დაგვიბრუნეს!..”

“არანაირ პიარზე აქ საუბარი არ შეიძლება, სირცხვილია ამის თქმა!..ნაწამები ჯარისკაცი დაგვიბრუნეს!..”

ზურა ხვიჩია

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი როგორც იქნა საკუთარ სახლშია დასვენებული. 26 დღიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს ვაჟკაცი ნაწამები დაუბრუნდა. ცხედრის გადმოსვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელოვანებმა რუსეთის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს და ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება მოითხოვეს. კულტურის პალატამ პეტიციაც გაავრცელა. წერილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეასებები მოჰყვა.

GmTV დათო ოქიტაშვილს დაუკავშირდა იმ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც ჩვენს მიერ გავრცელებული წერილის კომენტარებად დაიწერა.

-პირველ რიგში გვითხარით , თუ რა არის ამ წერილის მთავარი მიზანი და კონკრეტულად რისი თქმა გინდოდათ?

-ოკუპანტებს მივმართეთ ხელოვანმა ადამიანებმა, რომ ამ საკითხში ვართ ერთნი ერიც და ბერიც  და მომხდარიყო ჩვენი გმირი, მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის და ვფიქრობ , რომ ამ წერილმა თავისი რაღაც წვლილიც შეიტანა ამაში , მაგრამ ჩვენ მივმართეთ ოკუპანტებს , რომ მათგან კატეგორიულად მოვითხოვდით ცხედარი გადაეცათ მისი  მშობელბისთვის, ასევე წერილში მითითებული იყო , რომ გადმოსვენება მომხდარიყო ოკუპირებული  ტერიტორიიდან.

ამ წერილის აზრი იყო ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ყველა ერთნი ვართ პოზიციაც და  ოპოზიციაც რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა საკითხებთან .

-წერილში ეწერა სიტყვა -გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი, რამაც სხვათა შორის სოციალურ ქსელში, კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია ?

-იცით რაშია საქმე, ყველამ ვიცოდით რომ ის მოკლული იყო, მაგრამ სანამ ოკუპანტების მხარეს მიმდინარეობდა გამოძიება და ადგენდნენ მიზეზს, ჩვენ დავიცავით  ის ფორმა, რაც იურიდიულად იყო მისაღები , თორემ ის რომ მოკლული იყო  ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა არც მაშინ და არც ახლა, სიტყვა გარდაცვლილი დაიწერა მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ მათ არ ეთქვათ რომ ჩვენ, წინასწარ ვძაბავთ სიტუაციას, არ მოედოთ შარი, რომ ჯერ მათ არ აქვთ დასკვნა და ცვენ ვაკეთებთ, აი ამას  გავუფრთხილდით , რომ მათთვის არ მიგვეცა ამის თქმის საბაბი, თორემ ყველა ვხვდებით,  რომ ტატუნაშვილი ოკუპანტების მიერ მოკლულია და ნაწამებია , მაგრამ ამ წერილში იყო მითითებული, რომ  გარდაცვლილი გადმოგვეცით-თქო , თორემ ისინი გვეტყოდნენ  თქვენ, რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ?  ჯერ ხომ ექსპერტიზა არ ჩატარებულაო? თორემ ეჭვი არავის არ ეპარებოდა ამაში , რომ ის ნაწამებია და დღეს ეს უკვე დასტურდა.  უბრალოდ ჩვენ არ გავუსწარით მოვლენებს წინ , თორემ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იცოდა , რომ არჩილი იყო ნაწამები და მოკლული ოკუპანტების მიერ და თუ თქვენ ჩემს გამოსვლებს დააკვირებოდით , მე ვამბობდი , რომ მიცვალებულს არ გადმოგვცემდნენ მანამდე სანამ არჩევნები არ დამთავრდებოდა რუსეთში და ზუსტად ასეც ახდა .  ჩვენ კორექტულები ვიყავით  იმ გამონათქვამში იქედან გამომდინარე , რომ ოკუპანტებისთვის არ მიგვეცა საბაბი იმის თქმისა, რომ თითქოსდა ქართული მხარე მოვლენებს წინ უსწერებსო.

-თქვენი აზრით რამდენად მისაღები იყო გიორგი კვირიკაშვილის წერილი რუსეთისდამი მიწერილი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ მისი ეს გადაწყვეტილება?

 –იცით რაშია საქმე , რამდენადაც ფრთხილი არ უნდა ვიყოთ და რთული არ უნდა იყოს , როდესაც მე ჩავედი და დავინახე , რომ შვილმკვდარ დედას უნდა თავისი შვილი .  სახელმწიფომ, რაც არ უნდა რთული იყოს, უნდა გადადგას ნაბიჯი და დედას დაუბრუნოს თავისი შვილი  და ამ შემთხვევაში  დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მართალია ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო , მაგრამ ამერიკის ელჩიც კი ამბობს რომ , რუსეთს უნდა დაელაპარაკო და თუ არ მიწერ და არ მოთხოვ იმას რაც გინდა , ის ხო ვერ  გიპასუხებს და რომ არ მიეწერა ეს წერილი ,ხომ  იფიქრებდნენ , რომ ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი არავის არ აინტერესებს საქართველოში?!. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, ოკუპანტს მაინც უნდა ელაპარაკო  მიუხედავად იმისა შედეგი ექნება თუ არა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

-ჩვენ დღეს ვიმყოფებით რუსეთ- დასავლეთის გლობალური დაპირისპირების მწვავე ფაზაში, თქვენი აზრით, ამ ვითარებაში , რამდენად შესაძლებელია საქართველომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და არ აჰყვეს პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან?

 –არ უნდა აჰყვეს საქართველო პროვოკაციებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა გვეუბნება და ყველა ვთანხმდებით, რომ რაც არ უნდა რთული იყოს დიალოგი ოკუპანტთან, მაინც უნდა ვესაუბროთ. თუნდაც დაგვიანებით ხომ  გამოიღო ამან შედეგი, ჩვენი მოკლული ნაწამები ჯარისკაცი გადმოგვცეს . ამ დროს მოკლულის მშობლებს ხომ არ აინტერესებს პოლიტიკა , ჯერ ის ხომ საშინელებაა შვილს რომ უკლავენ და მერე ამ მოკლულსაც რომ არ აძლევენ ორმაგი საშინელებაა. თორემ ჩვენ ყველა ვთანხმდებით საქართველოში ერიც, ბერიც, პოზიციაც და ოპოზიციაც , რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

ჩვენს აფხაზ ძმებს რამდენი სახლებიც არ უნდა ვაჩუქოთ აქ და შევუქმნათ ნორმალური ცხოვრების პირობები ამ ადამიანებს უნდათ იქ, საიდანაც ოკუპანტებმა გამოყარეს .     მე ძალიან ბევრ მათგანთან ვმეგობრობ და ზაფხულშიც გადმოდიან, მაგრამ მე ვერც მათ სახელებს ვიტყვი და ვერც ფოტოებს გამოვამჟღავნებ, რადგან არ შეექმნათ პრობლემები , ჩვენ ზაფხულში ერთად ვისვენებთ და მე მაქვს მათთთან ურთიერთობა.  ახალგაზრდები უკვე ხვდებიან და იციან რა მოხდა.   ჩვენი ეს ურთიერთობა დგება ნელ – ნელა. ბევრმაც გადმოიტანა საბუთები და აქ სწავლობს .  მე პირადად კულტურის პალატას და ხელოვან ადამიანებს ახალგაზრდათა გარკვეულ ჯგუფებთან გვაქვს  ურთიერთობა და რაც მთავარია ეს ურთიერთობა ფართოვდება.

-შეიძლება ცუდათ ჟღერს, მაგრამ ეს კითხვა მაინც უნდა დაგისვათ , რადგან თქვენც ნახავდით კომენტარებში წერდნენ , რომ ის წერილი, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ იყო საპიაროდ გავრცელებული…

 –ვის სჭირდებოდა პიარი? ასმათ ტყაბლაძეს? ირმა სოხაძეს თუ გურანდა გაბუნიას? ეს სირცხვილია. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ადამიანური დამოკიდებულება და  გვერდში დავუდექით  შვილმკვდარ დედას, არავითარ პიარზე აქ საუბარი არ შეიძლება, უბრალოდ სირცხვილია ამის თქმა , ვინც ამას ამბობს, ისინი თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს.  ადამიანი უნდა იყო უზნეო,  რომ ამ შემთხვევაში იფიქრო პიარზე და იქ ისეთი ადამიანები აწერენ ხელს, მაგალითად ზურა ყიფშიძეს რა პიარი სჭირდება , ჩვენ მხარში დავუდექით შვილ მკვდარ დედას და მამას და ჩვენ ყოველთვის იქ ვიდგებით, სადაც დგას ერი და ბერი . ეს პიარისთვის არ გაკეთებულა და პიარს ვინც აკეთებს, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვცით.  ნუ აყენებენ იმ  ადმიანებს შეურაცხყოფას , რომლებმაც  წერილი დაწერეს და ხელი მოაწერეს, მათ ქართული კულტურის ისტორია აქვთ შექმნილი , მათ არ სჭირდებათ პიარი , პიარი იმათ სჭირდება, ვინც ამ ყველაფერს ლაპარაკობს სოციალურ ქსელში.

-დამეთანხმებით ალბათ, ყველამ თითო აგური რომ დავდოთ, ცათამბრჯენი აშენდება . ვიღაცას იმაზეც გაეცინა -სოხუმში ჩასვლაზე რომ გაავრცელეთ განცხადება . ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე და მიიღეთ , თუ არა რაიმე პასუხი აფხაზეთიდან?

 -იცინონ.  იცით რა ? მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და მე მაქვს 30 სტუდენტთან ურთიერთობა  მე ამ პროექტს ვანხორციელებ საპატრიარქოსთან ერთად.

მე მზად ვარ , რომ ჩავიდე და ამ საკითხზე ვმუშაობ,  ამას მე პიარისთვის არ ვაკეთებ.  კიდევ გეუბნებით, ჩვენ გვაგვს ურთიერთობა 30 სტუდენტთან, რომლებიც ზაფხულობით ჩამოგვყავს და რამდენიმე მათგანმა საბუთებიც კი გადმოიტანა თბილისში და აქ აგრძელებს სწავლას. რაც მთავარია მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვინ რას იტყვის, ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. ეს არის ჯგუფი შექმნილი  რასაც პირველად ვამბობ,  რომლებსაც აქვთ სხვისი გვარი და სახელით რეგისტრაცია „ფეიკი“ ფესიბუქები- შემოგესევიან ხოლმე და გლაძღავენ , მათთვის დათო ოქიტაშვილი ხომ მტერია , მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე მაქვს 30 არაჩვეულებრივ , ჩემი შვილის ტოლა , ახალგაზრდასთან ურთიერთობა და სწორედ ამ ახალგაზრდების ინიციატივა იყო , რომ მე ჩავსულიყავი მათთან და გამეცნო მათი მშობლები,  უბრალოდ მათ სახელებს არ ვიტყვი , რადგან პრობლემები არ შეუქმნას ჩემმა გამონათქვამებმა…

შენი გაკეთებული და ჩემი გაკეტებული ყველას არ მოსწონს და გაკრიტიკებენ , მაგრამ მე როდესაც მაკრიტიკებენ ამას ჯანსაღად ვღებულობ და სულ ვცდილობ არ გადავდგა ისეთი ნაბიჯი რაც ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს და ჩემს პიროვნებას მოუტანს ზიანს.  მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ მართალ საქმეს და ამ ადამიანებმა, რომლებიც მაკრიტიკებენ, ლაპარაკის მეტი არაფერი იციან და ილაპარაკონ.

-რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი?

 –ჩემი მთავარი სათქმელი არის, რომ ვიყოთ ერთად და გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა მორჩეს ჩვენს ქვეყანაში ლანძღვა-გინება, ერთმანეთისდამი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება. ეს ქვეყანა ჩვენია და გავუფრთხილდეთ. მტერს ვანახოთ, რომ ქართველი ერი ვართ ერთიანი, ერთად შეკრული . რაღაც გაჭირვების ჟამს ყველა ვივიწყებთ ყველაფერს და ერთად ვდგებით და ერთ მუშტად ვართ შეკრული,  სწორედ ასეთი ერთ მუშტად შეკრული მინდა ვიხილო ჩემი ქვეყანა.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და იმედი მაქვს, სხვა დროს რომ შევხვდებით უფრო პროფესიულ თემებზე მოგვიწევს საუბარი.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...