Home » მთავარი » 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა იკრძალება

1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა იკრძალება

მიმდინარე წლის 1 მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება იწყება და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით – „საქართველო თამბაქოს გარეშე“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – „განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“.

1 მაისი არის საერთაშორისო სოლიდარობის დღე. ჩვენს შემთხვევაში, ეს იქნება სოლიდარობის დღე ჩვენს მწეველ და არამწეველ მოქალაქეებს შორის, როდესაც მწეველებს შეეძლებათ ძალიან მცირე დისკომფორტის ხარჯზე მოწიონ სიგარეტი და ამით დაიცვან ჩვენი არამწეველი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, კონკრეტულად კი იმ 20010 ადამიანის, რომელიც ყოველწლიურად ნაადრევად გვეღუპება მტანჯველი სიკვდილით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, პრევენციას დაქვემდებარებული პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის, 6 მილიონი მწეველია, ხოლო 1 მილიონი – არამწეველი. 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს მსოფლიოში ანუ ყოველ 4 წამში დაიღუპება 1 ადამიანი. თუ მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%, საქართველოში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.
2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...