Home » მთავარი » “როგორ მოვიქცევით ხვალ – გვემახსოვრება კი ხუთშაბათის დიდი მისტერია?..”

“როგორ მოვიქცევით ხვალ – გვემახსოვრება კი ხუთშაბათის დიდი მისტერია?..”

გია მურღულია

პედაგოგი

დიდ ხუთშაბათს (ისევე როგორც ყველა სხვა ხუთშაბათს და ყველა სხვა დღესაც) ადამიანი უბრალოდ უნდა დაფიქრდეს, რატომ დაბანა მაცხოვარმა ფეხები თავის მოწაფეებს – რატომ უჩვენა კაცობრიობას თავმდაბლობის ესოდენი სიმაღლე?

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და მუდმივად იბადება კითხვა – არის კი ადამიანი იმ ხუთშაბათის ღირსი? არის კი შობის ღირსი? არის კი აღდგომის ღირსი?

უსაგნო კითხვაა, რადგან მას პასუხი მაცხოვარმა უკვე გასცა – არის, უფალმა ასე ინება და ამით გვაჩვენა, რომ სიყვარულს მიზეზი და მიზანი არ სჭირდება. ის უბრალოდ არის – “მე ვარ, რომელი ვარ”.

მან გვითხრა, რომ არსებობა, სიცოცხლე, ცხოვრება სიყვარულია. ვერანაირ ბოროტებას ვერ ძალუძს მისი ხელყოფა, რაგინდარა დამაჯერებელი სიბინძურით არ ცდილობდეს ამას.

არადა, მართლა რა დამაჯერებელია და ლამის დაუეჭვებელიც! ყოველდღე გვიდასტურებს, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. რა ამაზრზენად სასაცილო და უსახურია. რა მოკლესულიანი და გრძელამპარტავნებიანია.

როგორ არ უნდა გძულდეს ის?! რა არის ერთი მიზეზი მაინც, რომ მის სიმდაბლესა და გაუტანლობაში, მის ეგოიზმსა და დაუნდობლობაში, მის გამყიდველობასა და ორგულობაში ეჭვი შეგატანინოს?

არაო, – უფალი გვეუბნება, – ყველა ადამიანი სიყვარულის ღირსია და მტერიც კი უნდა გიყვარდესო. რომელმან დაიმდაბლოს საკუთარი თავი, ის ამაღლდესო.

რა ძნელი დასაჯერებელია და ყოველწამიერად როგორ გვიმტკიცებს წუთისოფელი, რომ საქმე სწორედ პირიქით არის. როგორ გვინდა, რომ მარტივი რამ იყოს ჭეშმარიტება: “თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ!” როგორი ნათელი, მკაფიო და გასაგები იქნებოდა ჩვენთვის.

თუმცა რწმენა მხოლოდ სიყვარულია.

დღეს მაცხოვარი თავის მოწაფეებს ფეხებს დაბანს.

კიდევ ერთხელ გვეტყვის, რა არის ჭეშმარიტება.

ჩვენ კი წავალთ ტაძარში, სანთლებს დავანთებთ, ვილოცებთ, ერთმანეთს კარგ სიტყვებს ვეტყვით და არავინ იცის (ან ყველამ იცის), როგორ მოვიქცევით ხვალ – გვემახსოვრება კი ხუთშაბათის დიდი მისტერია?

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...