Home » ექსკლუზივი » სასწრაფოს ექიმების აღიარება, გაპარული პაციენტის სხეულში აღმოჩენილი სასიკვდილო ნივთიერება და ექიმის უდანაშაულობის მტკიცებულებები

სასწრაფოს ექიმების აღიარება, გაპარული პაციენტის სხეულში აღმოჩენილი სასიკვდილო ნივთიერება და ექიმის უდანაშაულობის მტკიცებულებები

2018 წლის 26 იანვარს , ქუთაისში, ხუთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ , 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს, 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში , 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან დააპატიმრეს.
ირაკლი მერკვილაძე კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს. მერკვილაძის უდანაშაულობას საქმის მასალებიც ნათლად ადასტურებს, კერძოდ ბრალდების ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეროვნული პროტოკოლები, რომლის შექმნაში თავად ირაკლი მერკვილაძე მონაწილეობდა უცხოელ ექსპერტებთან და საქართველოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თავად დაზარალებულის, გარდაცვლილის დედის, ალლა მატინოვას ჩვენებაც.
დიდი ტრაგედიაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება, ყველასთვის გულისტკივილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია უდანაშაულო ადამიანის მკვლელად შერაცხვა.
საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვიწყებთ რუბრიკას „ირაკლი მერკვილაძის საქმე“, რომელიც მოგვცემს საშუალებას დაწვრილებით გაეცნოთ საქმის დეტალებს. ასევე გაეცნობით ექიმის არგუმენტებით გამყარებულ დასკვნით სიტყვას, სადაც ის მის უდანაშაულობას ამტკიცებს. სამედიცინო საზოგადოება ინფორმირებულია და ირაკლი მერკვილაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სრულ „აბსურდს“ უწოდებს. ირაკლი მერკვილაძის მხარდასაჭერად შეგროვებულია ცნობილი კლინიცისტი ექიმების ხელმოწერები, რომლებსაც ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას.
-თქვენო ღირსებავ, ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი ჩვეულებრივი არ გახლავთ, რამეთუ თქვენს წინაშე დგას, არა ცხოვრების გზას აცდენილი, ან ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ან დანაშაულებრივი მენტალიტეტით მყარად გამსჭვალული და სამართალ დარღვევებისადმი პათოლოგიურად მიდრეკილი ადამიანი, რომელთა მსგავსს, დარწმუნებული ვარ, თქვენს პრაქტიკაში მრავლად შეხვდებოდით, არამედ – 34 წლიანი სტაჟის მქონე მეან-გინეკოლოგი, რომელიც ყოველთვის ამაყობდა და იამაყებს იმით, რომ ემსახურება ამ ქვეყნად ყველაზე ღირებულს, ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ექიმმა, რომელმაც გაიარა ყველა საფეხური, უმცროსი ექიმიდან დაწყებული სამშობიაროს მეან-გინეკოლოგობამდე, ასევე სამშობიაროს დირექტორობამდე. პატივი მქონდა ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად მემუშავა ეროვნული პროტოკოლების შექმნაზე, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს ექიმებს, სწორად და კვალიფიციურად უმკურნალონ პაციენტებს.
ჩემს ხელში იმშობიარა 12000-ზე მეტმა მშობიარემ, აქედან 5000-ზე მეტი მოხდა საკეისრო კვეთის გზით-ამ სიტყვებით დაიწყო ირაკლი მერკვილაძემ სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა .
სასამართლოზე ექიმმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროტოკოლებზე, რომლის მნიშვნელობა არასამედიცინო განათლების ადამიანებისათვის შეიძლება რთულად აღსაქმელია, და მათი უცოდინრობაც გასაგები მომენტია, მაგრამ დაუშვებელია პროტოკოლის შეუფასებლობა იმ ადამიანისგან, ვინც მედიცინაში მოღვაწე პირის ქმედება უნდა შეაფასოს და მის სისწორეზე გადამწყვეტი დასკვნა გამოიტანოს. სასამართლოზე ამ საკითხზე არათუ იმსჯელეს, არამედ ეროვნული პროტოკოლების არსებობა თითქმის მასხრად აიგდეს.
სასამართლოზე დასკვნით სიტყვაში ირაკლი მერკვილაძემ დიდი დრო დაუთმო აღნიშნული პროტოკოლების შექმნას მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე. თუ როგორ მონაწილეობდა თავად პროტოკოლების შედგენაში საქართველოს წამყვან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად , ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ უცხოეთის ქვეყნებში პროტოკოლები იქმნებოდა სასამართლო გარჩევების შემადგენელ ნაწილად, რამეთუ განვითარებულ ქვეყნებში პროტოკოლები მოქმედებს მას შემდეგ, როცა დამტკიცდება ექსპერტებისა და სამედიცინო ასოციაციების მიერ, რადგან იქ, მათ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მერკვილაძის საქმის წარმოებისას კი ბრალდებამ ექსპერტად მოიწვია პიროვნება, რომელმაც არ იცის, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლი, არა რეკომენდაცია, არამედ ექიმების მოქმედების განმსაზღვრელი საკანონდებლო აქტია.
იქამდე, სანამ საქმის ქრონოლოგიას მივყვებით, უპირველესად განსასჯელად გაგაცნობთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას გვამის გაკვეთის შედეგად : ბრალდების მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა N0005406015, ადასტურებს მშობიარის მიმართ, ექიმის მიერ განხორციელებულ ღონისძიებების სისწორეს. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ N3 სამშობიაროში, თრომბოემბოლიური და სხვა გართულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩატარებულია სწორად.
ვიოლეტა მატინოვას მიმართ, ექიმის მიერ ჩატარებულ ზემოაღნიშნულ ღონისძიებების სისწორეს ადასტურებს, საქმეში არსებული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ N0-04/41 დასკვნა მედიცინის დოქტორის, ანგიოლოგის ფარღალავას მსჯელობა:
„პაციენტთა რისკ-ფაქტორების შკალის მიხედვით ვ.მატინოვა მიეკუთვნებოდა ვენური თრომბოზის (თრომბემბოლიის) განვითარების საშუალო რისკის ჯგუფს, რადგან მას ჰქონდა მხოლოდ ორი რისკ-ფაქტორი: სხეულის მასის ინდექსი-30კგ/მ2 და გეგმიური საკეიერო კვეთა. აქედან გამომდინარე, მას სწორად ჩაუტარდა ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა“. პაციენტის საოპერაციოდ მომზადების შემდეგ, ჩაუტარდა ოპერაცია საკესრო კვეთა, „საკეისრო კვეთის“ პროტოკოლის მიხედვით, გართულებების გარეშე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, მელოგინე მე-4 დღეს, ახალშობილთან ერთად, გაეწერა ბინაზე, დამაკმაყოფილ მდგომარეობაში, შესაბამისი რეკომენდაციებით.
 
ბრალდების მიერ ჩატარებულ N000540615 ექსპერტიზის დასკვნაში წერია: ,,ისტორიაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე ვ.მატინოვას გაწერა კლინიკიდან 10.01 ში იყო შესაძლებელი“ ანალოგიურ დასკვნას დებს დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ოპერაციიდან მე-7 დღეს პაციენტი მოვიდა კლინიკაში, გაისინჯა, მოიხსნა ნაკერი. ჭრილობის შეხორცება მიმდანერეობდა გართულებების გარეშე. პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემდეგ 2013 წლის 22 იანვარს, ირაკლი მერკვილაძეს ტელეფონით დაუკავშირდა ვიოლეტა მატინოვას მეუღლე და აუწყა ექიმს ვიოლეტას მომატებული ტემპერატურის თაობაზე, ითხოვა მკურნალობის დანიშვნა, რაზედაც ექიმმა უარი განუცხადა და მოითხოვა პაციენტის დაუყოვნებლივ მოყვანა კლინიკაში. მეორე დღეს, 2013 წლის 23 იანვარს, ვიოლეტას მეუღლე კლინიკაში მარტო მივიდა და ექიმს აუხსნა რომ ვიოლეტას მოუსვლელობის მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ირაკლი მერკვილაძემ ისევ მოითხოვა პაციენტის მოყვანა ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე! იმავე დღის 1400 საათზე, პაციენტი სამშობიაროში მოვიდა თავისი ფეხით. პაციენტს ჩაუტარდა ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის შედეგადაც, დადასტურდა ლოქიომეტრა, რაც წარმოადგენს საშვილოსნოდან ბუნებრივი გამონადენის შეფერხებას. აღნიშნულის შემდეგ, პაციენტს ჩაიტარდა შეფერხებული ლოქიების ევაკუაცია. პაციენტის გასინჯვისას ფილტვებში შესუსტებული სუნთქვის გამო ეჭვი გაჩნდა ფილტვის პრობლემაზე, და სამშობიაროს თერაპევტმა დასვა მარჯვენა მხრივი მწვავე პნევმონიის, ანუ, ფილტვების ანთების დიაგნოზი. ამის გამო საჭირო გახდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რათა ჩატარებულიყო ერთობლივი მკურნალობა ენდომეტრიტზე და პნევმონიაზე.
მატინოვა მოთავსებულ იქნა დღის სტაციონარის პალატაში და შეივსო ამბულატორული პაციენტის სამედიცინო ბარათიN97, რომელიც მტკიცებულების სახით საქმეშია. პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკი,როგორც ენდომეტრიტის,ასევე პნევმონიის სამკურნალოდ, რომლის დასტურია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი და საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ამ პრეპარატების ანოტაციები. ამასთან, ვინაიდან ერთი ანტიბიოტიკი უნაზინი, იმ დროისათვის სამშობიაროში არ იყო, მის შესაძენად, თავად ექიმმა მისცა თანხა პაციენტის მეუღლეს. პაციენტი იმყოფებოდა დღის სტაციონარის პალატაში,ექთნის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც უტარებდა დანიშნულებას.
ამასთან, ზემოაღნიშნული სამი ანტიბიოტიკი, შესაბამისი სინჯის ჩატარების შემდეგ, მატინოვას გაუკეთდა ვენაში, რასაც ითვალისწინებს ეროვნული პროტოკოლით, რამეთუ ვენაში შეყვანილი ანტიბიოტიკი უფრო ეფექტურია, ვიდრე კუნთში. ხსენებული ანტიბიოტიკების გარდა, „მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის“პროტოკოლის შესაბამისად,რომლითაც დადგენილია, პაციენტს დაენიშნა ინფუზიური თერაპია და მოკლე მონაკვეთის განმავლობაში, გადაესხა 1100მლ სამკურნალო ხსნარები. 1600 საათისათვის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სწორედ ამ პერიოდში ირაკლი მერკვილაძეს მატინოვას ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, 2013 წლის 23 იანვარს, ამავე დღეს სამშობიაროში შემოსული, კიდევ ერთი პაციენტისათვის მკურნალობის ჩატარება მოუწია საშვილოსნოს გარეშე ორსულობის და შინაგანი სისხლდენით. პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, სასიცოცხლო ჩვენებებით და ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა რთულად. პაციენტი იმყოფებოდა ოპერაციის შემდგომ ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში, რის გამოც ექიმს პერიოდიულად უწევდა პაციენტთან ყოფნა. 1800საათზე, მატინოვას მკურნალმა ექთანმა ექიმს აცნობა, რომ პაციენტმა დაუკითხავად მიატოვა მკურნალობა, ფაქტიურად გაიპარა კლინიკიდან. სამწუხაროდ მედპერსონალმა ვერ შეძლო მასთან დაკავშირება.
25 იანვარს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ექიმს თბილისიდან დაუკავშირდა ვიოლეტას დედა და სთხოვა ირაკლი მერკვილაძეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საეკლესიო საავადმყოფოში გადაყვანილი მისი შვილისთვის მიეხედა. რა თქმა უნდა ექიმმა მაშინვე დარეკა აღნიშნულ საავადმყოფოში, საიდანაც აცნობეს, რომ ვიოლეტა მატინოვა კლინიკაში შესვლისთანავე გარდაცვლილა.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სასწრაფოს ექიმების აღიარებით ჩვენებებზე, რაც მიმდინარეობდა წინა დღეებში.
ირაკლი მერკვილაძის დასკვნით სიტყვაში წერია: პირველი გამოძახება მოხდა 2013 წლის 21 იანვარს, დილის 0855 საათზე. დაისვა დიაგნოზი – ვეგეტო ნევროზი მეორე გამოძახება განხორციელდა იმავე დილის 1100 საათზე. დიაგნოზი – ტაქიკარდია დაუზუსტებელი. საავადმყოფოში გადაყვანაზე პაციენტმა განაცხადა კატეგორიული უარი, რაც დადასტურებულია თავად მატინოვას ხელმოწერით. მესამე გამოძახება მოხდა 2013 წლის 23 იანვრის ღამის 2359 საათზე. დიაგნოზი- მწვავე ვირუსული ინფექცია. სტაციონარში გადასვლაზე განაცხადა უარი, რასაც ადასტურებს მეუღლის გ. ნიკოლეიშვილის ხელმოწერა. მეოთხე გამოძახება ხდება 2013 წლის 24 იანვარს, 1500 საათზე. დიაგნოზი – პნევმონია. სტაციონარში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს, რაც დასტურდება თავად მატინოვას ხელმოწერით. მეხუთე გამოძახება განხორციელდა 2013 წლის 25 იანვრის ღამეს, 0158 საათზე. დიაგნოზი- სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადაყვანილია სტაციონარში. ყურადღება მიაქციეთ, რომ კლინიკიდან თვითნებურად წასვლიდან რამოდენიმე საათში და სასწრაფო ბრიგადამ პაციენტის გასინჯვის შემდეგ, „კრიტიკული მდგომარეობა“ არ დააფიქსირა.
მეოთხე გამოძახება მომხდარია 24 იანვრის 1500 საათზე, ანუ გარდაცვალებამდე 12 საათით ადრე და გასინჯვის შედეგად, სასწრაფო დახმარების ბრიგადა არც ამჯერად არ აფიქსირებს „კრიტიკულ მდგომარეობას“. მხოლოდ მეხუთე გამოძახებისას, უკვე 25 იანვრის ღამის 150 საათზე, პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, როდესაც ფილტვების ანთების ფონზე განვითარდა ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპება, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგი. კიდევ ერთი უდავო მტკიცებულება გახლავთ ვ. მატინოვას დედის, ალა მატინოვას, 2014 წლის 25 აგვისტოს დაკითხვისას, დეტექტივ-გამომძიებელ ხათუნა ივანეიშვილის კითხვაზე გაცემული პასუხი: -„2013წლის 25 იანვარს, 0100საათზე ვესაუბრე ვიოლეტას ჩემი კუთვნილი მობილურით, რა დროსაც შევეკითხე, თუ როგორ იყო, მის შემდეგ კი მითხრა, რომ უკეთესად ვარ და ხვალ წამოვალ თბილისშიო. რამოდენიმე ხანში დამიკავშირდა ჩემი სიძე გიორგი ნიკოლეიშვილი და მითხრა რომ ვიოლეტა წაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში.“
ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ პაციენტს და მის მეუღლეს სასწრაფო დახმარების ექიმებისათვის კატეგორიულ უარი არ ეთქვათ საავადმყოფოში გადაყვანაზე, პაციენტი შეიძლებოდა გადარჩენილიყო. პირველ რიგში, ირაკლი მერკვილაძე იყო დაინტერესებული, რა იყო პაციენტის სიკვდილის მიზეზი, მოუთმენლად ელოდა ექპერტიზის დასკვნას.
„ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მატინოვას გვამიდან აღებულ სისხლში მეთილის, ეთილის, იზოპროპოლის სპირტები არ იქნა აღმოჩენილი. სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება “ფენობარბიტალი“
1.საიდან აღმოჩნდა მთელ ორგანიზმშიეს პრეპარატი?
2.რა დოზით იყო ეს პრეპარატი ორგანიზმში?
3. რატომ არ მიუთითა ექსპერტმა ამ ნივთიერების რაოდენობაზე, მაშინ როცა გამომძიებელი პირდაპირ ავალებდა ყველა იმ ნივთიერების მითითებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი. ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები დღემდე არ გააჩნია გამოძიებას.
ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტის არასათანადო კვალიფიკაციაზე მიუთითებს, რადგან ფენობარბიტალის ორგანიზმში არსებობას და დიდ დოზას შეუძლია ადამიანის გარდაცვალება. ამის უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ განზრახული იყო პირდაპირი ბრალის დადება ექიმზე, მაშინ როცა გვამის გაკვეთისას აღმოჩნდა ორგანიზმში ნივთიერება, რომელსაც შეეძლო ლეტალური შედეგის გამოწვევა და გამოძიებამ არათუ გამოიკვლია, არამედ საქმეში არ არსებობს არანაირი დასკვნა ამ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, თავად ირაკლი მერკვილაძის მიერ იქნა მიღებული ზომები, რომ გამოძიებისათვის დაესაბუთებინა საფუძვლიანი ეჭვის შესახებ და საქმეში არსებობს საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, ფარმაცევტიული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ბატონ დავით მაჭარაშვილის ხელმოწერით წერილი, სადაც აღწერილია ფენობარბიტალის ჭარბი დოზირების შედეგად რა სახის გართულებები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ სისხლის წნევის,გულისცემის სიხშირის, სხეულის ტემპერატურის და აზროვნების დაქვეითება,რასაც შეიძლება მოჰყვეს კომატოზური მდგომარეობა, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. აქედან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდების ექსპერტებს ფენობარბიტალის ინსტრუქცია არ წაუკითხავთ ან არ აწყობდათ .
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც არანაირი დასკვა არ არსებობს: გარკვეული დოზის ფენობარბიტალს შეეძლო გამოეწვია, როგორც სიკვდილი, ასევე, არაეფექტური გაეხადა იმ პრეპარატების მოქმედება, რომელიც პაციენტს დაენიშნა ექიმის მიერ. აქედან გამომდინარე სასამართლოსთვის ეს საკითხი უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი.
რატომ არ მოხდა ექსპერტების მიერ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რას ფიქრობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რა ეჭვი უჩნდება ოჯახის წევრებს და თავად ბრალდებულს, ხომ არ იკვეთება კონკრეტული პირის ინტერესები, ან ხომ არ არის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მელოგინისთვის შეუფერებელი პირობების (რაც დაკითხვისას სასწრაფოს ექიმებმაც დაადასტურეს) და ახლობლების დაუდევრობა, რას ფიქრობენ ადვოკატები და იურისტები და რა ხდება სააპელაციო სასამართლომდე -ამ და სხვა საკითხებზე შემდეგ მასალებში გიამბობთ.
მოამზადა მაია ცომაიამ

 

Facebook Comments
x

Check Also

საოკუპაციო ძალებმა 17 წლის ბიჭი ცხინვალში გადაიყვანეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი – ასეთი ...