Home » მთავარი » “დღესაც მსოფლიო დაუნდობელ რეჟიმში განაგრძობს მაცხოვრის ჯვარცმას…”

“დღესაც მსოფლიო დაუნდობელ რეჟიმში განაგრძობს მაცხოვრის ჯვარცმას…”

გიორგი ტიგინაშვილი

წითელი პარასკევი – კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და დრამატული მოვლენა. დღე როდესაც ადამიანთა მოდგმამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. სამყაროს არსებობის მანძილზე, მანამდე მართლაც “არასოდეს არ ყოფილა ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი უსასტიკესი მსაჯული”. იესო ქრისტე, მესია ღმერთკაცი ჩვენივე გულქვაობით, სიბნელითა და შურით ჯვარს მივამსჭვალეთ, დავცინეთ და დავგმეთ მისი კრავისებრი თვინიერება და განუზომლად დიდი სიყვარული, რომლის წილ ჩვენ უმადურობა და ყინულივით ცივი უგრძნობლობა მივაგეთ მას. დღესაც ასეთია მსოფლიო საზოგადოება,იგი კვლავინდებურად, დაუნდობელ რეჟიმში განაგრძობს მაცხოვრის ჯვარცმას. სამაგიეროდ უტიფრად ინდობს და იწყალებს უსახურ ბარაბას, რომელსაც უფრო მეტად აწინაურებს თავის სარბიელზე, ვიდრე უდანაშაულო მხსნელს სოფლისას. ისღა დაგვრჩენია,რომ შეუორგულებელი სინანულით შევღაღადოთ უზენაესს: შეგვინდე უფალო, გვაპატიე დაუნახავობა ჩვენი და მოგვეც ზნეობრივი ღირსება!

ერთი რამ ცხადია – უხამსობაა ჯვარცმულის სისხლი და ხორცი მიიღო და ჯვარცმას გაურბოდე. დიახ, თუ არ გტკივა უფალი, თუ არ განიცდი შენში სულიერი ღვაწლის “სიმწარეს” და თუ არ გრძნობ დაღვენთილი სანთლის როლში ყოფნის აუცილებლობას და სხვათადმი გზის განათების სურვილს, მაშინ შენ ჯერ კიდევ შორს ხარ ჭეშმარიტი რწმენისაგან.

უფლის იმედი ჩვენ, ყოველთვის უნდა გვქონდეს, რადგან ის ჩვენს გამო გარდამოხდა ზეცით და ჩვენს დასახსნელად ჯვარზე აღესრულა, დაითმინა უსამართლობა და წუთისოფლისეული გულქვაობა, ამიტომ თითოეული ჩვენი ტკივილი მაცხოვრის ტანჯვასთან შედარებით იოტისოდენაა და მიზერული. გარდა ფიზიკური ტკივილებისა, იესო ქრისტეს ყველაზე უფრო ის სტკიოდა, რომ მის ღვაწლსა და მის ენითგმოუთქმელ სიყვარულს არ აფასებდნენ და მან როგორც ღმერთმა, წინასწარჭვრეტით იცოდა, რომ კაცობრიობა მომავალშიც ასეთივე დასნებოვნებული და უგრძნობი იქნებოდა. დღესაც ასეთია საზოგადოება, მსოფლიო სოციუმი, რომელიც მხოლოდ ამბიციებს, მატერიალიზმსა და დიდებას ეშურება, რამეთუ ჩვენ ეგოიზმის საუკუნეში ვცხოვრობთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ფუჭია მზის ქვეშეთში, ყოველივე წარმავალი, ლპობადი და ხრწნადია. დიდება – კვამლივით განქარდება, თანამდებობა – ოდესმე ჩამოგერთმევა, მატერიალური დოვლათი – საუკეთესო შემთხვევაში აქვე მიწაზე დაგრჩება, ხოლო ჩვეულებრივ კი როგორც შემვიწროვებელი ღირებულებებისა და სიბრვამე სულისა – ნემსის ყუნწში გაგვჭედავს კისრით, სახელი – სხვათაგან ცილისწამებით ან შეცდომებით შეგელახება და დარჩები ალმურიანი სიცარიელით თავზარდაცემული.

გულსაკლავია, როცა მარტოსულობის მისტიური დარდი გვეუფლება თანამედროვე ადამიანებს, თუმცა კი მაინც ვხარობთ, რამეთუ მარადისობა არსებობს და რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. სიმშვიდეს კი უფლის
კვარცხლბეკიდან მომდინარე დიდსულოვნება გვიქადის, რომელიც, როგორც მშობლის ტკბილი ალერსი, ისეთივე თბილი და სასიამოვნოა.

ნამდვილი ნუგეში, ბედნიერება და ხსნა სულიერ სათნოებებშია დაფლული. სრული სიმდიდრე მათი მოხვეჭაა, რომელიც შეუძლებელია მაძიებლობისა და სიმდაბლის გარეშე, რამეთუ სიმშვიდისა და სიყვარულის სასარგებლო მასალა მხოლოდ სიმდაბლის ბუნებრივ წიაღისეულში მოპოვება. მისკენ სწრაფვაშიც ჩვენი ცხოვრების ყოველი პარასკევი საკუთარი სისხლით წითლად უნდა შევღებოთ და ისევ უფალთან მივიდეთ მონანული პეტრეს მსგავსად, რომელსაც მამალის ყივილზე (ჩვენს შემთხვევაში ცოდვის გახსენებაზე) ცრემლი სდიოდა თვალთაგან.

მხოლოდ ღმერთია უშრეტი წყარო სიმდაბლისა და მასზე დიდი მაგალითი არავინაა სამყაროში. დიახ, ქრისტეშია ჭეშმარიტი თავისუფლება, მარადისობა და ბავშვურად სუფთა სიხარული, რომელიც არ იცნობს სიკვდილსა და დროებითობას. როგორც წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: “მორწმუნეთათვის ქრისტე ყველაფერია!” მაშ, დიდება სულგრძელებასა მისსა, დიდება მოთმინებასა და კაცთმოყვარებასა მისსა. ამინ

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...