Home » ექსკლუზივი » რას ამბობენ ექიმები და ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნები სამხარაულის პასუხის წინააღმდეგ

რას ამბობენ ექიმები და ექსპერტიზის განმეორებითი დასკვნები სამხარაულის პასუხის წინააღმდეგ

„მერკვილაძის საქმე“ – რა მოხდა სინამდვილეში და რატომ გახდა საჭირო განმეორებითი ექსპერტიზა…

2018 წლის 26 იანვარს, ქუთაისში, ხუთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს, 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან დააპატიმრეს. ირაკლი მერკვილაძე კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

მერკვილაძის უდანაშაულობას საქმის მასალებიც ნათლად ადასტურებს, კერძოდ ბრალდების ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეროვნული პროტოკოლები, რომლის შექმნაში თავად ირაკლი მერკვილაძე მონაწილეობდა უცხოელ ექსპერტებთან და საქართველოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია და როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თავად დაზარალებულის, გარდაცვლილის დედის, ალლა მატინოვას ჩვენებაც. დიდი ტრაგედიაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება, ყველასთვის გულისტკივილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია უდანაშაულო ადამიანის მკვლელად შერაცხვა. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ რუბრიკას „ირაკლი მერკვილაძის საქმე“, რომელიც მოგვცემს საშუალებას დაწვრილებით გაეცნოთ საქმის დეტალებს.

 სამედიცინო საზოგადოება ინფორმირებულია და ირაკლი მერკვილაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სრულ „აბსურდს“ უწოდებს.

ირაკლი მერკვილაძის მხარდასაჭერად შეგროვებულია ცნობილი კლინიცისტი ექიმების ხელმოწერები, რომლებსაც ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. წინა მასალაში გაგაცანით, პირველ რიგში, გარდაცვლილი პაციენტის ექიმი-ირაკლი მერკვილაძე იყო დაინტერესებული, რა იყო ვ.მატინოვას სიკვდილის მიზეზი, მოუთმენლად ელოდა ექპერტიზის დასკვნას. „ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ მატინოვას გვამიდან აღებულ სისხლში მეთილის, ეთილის, იზოპროპოლის სპირტები არ იქნა აღმოჩენილი. სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალი“

1.საიდან აღმოჩნდა მთელ ორგანიზმშიეს პრეპარატი?

2.რა დოზით იყო ეს პრეპარატი ორგანიზმში?

  1. რატომ არ მიუთითა ექსპერტმა ამ ნივთიერების რაოდენობაზე, მაშინ როცა გამომძიებელი პირდაპირ ავალებდა ყველა იმ ნივთიერების მითითებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი. ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები დღემდე არ გააჩნია გამოძიებას. ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტის არასათანადო კვალიფიკაციაზე მიუთითებს, რადგან ფენობარბიტალის ორგანიზმში არსებობას და დიდ დოზას შეუძლია ადამიანის გარდაცვალება. ამის უგულებელყოფა მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ განზრახული იყო პირდაპირი ბრალის დადება ექიმზე, მაშინ როცა გვამის გაკვეთისას აღმოჩნდა ორგანიზმში ნივთიერება, რომელსაც შეეძლო ლეტალური შედეგის გამოწვევა და გამოძიებამ არათუ გამოიკვლია, არამედ საქმეში არ არსებობს არანაირი დასკვნა ამ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, თავად ირაკლი მერკვილაძის მიერ იქნა მიღებული ზომები, რომ გამოძიებისათვის დაესაბუთებინა საფუძვლიანი ეჭვის შესახებ და საქმეში არსებობს საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ბატონ დავით მაჭარაშვილის ხელმოწერით წერილი, სადაც აღწერილია ფენობარბიტალის ჭარბი დოზირების შედეგად რა სახის გართულებები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ სისხლის წნევის,გულისცემის სიხშირის, სხეულის ტემპერატურის და აზროვნების დაქვეითება,რასაც შეიძლება მოჰყვეს კომატოზური მდგომარეობა, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. აქედან გამომდინარე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდების ექსპერტებს ფენობარბიტალის ინსტრუქცია არ წაუკითხავთ ან არ აწყობდათ . ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც არანაირი დასკვა არ არსებობს: გარკვეული დოზის ფენობარბიტალს შეეძლო გამოეწვია, როგორც სიკვდილი, ასევე, არაეფექტური გაეხადა იმ პრეპარატების მოქმედება, რომელიც პაციენტს დაენიშნა ექიმის მიერ. აქედან გამომდინარე სასამართლოსთვის ეს საკითხი უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი. რატომ არ მოხდა ექსპერტების მიერ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება?

ფენობარბიტალთან დაკავშირებით, გამომძიებელ ხათუნა ივანეიშვილის კითხვაზე_შეეძლო თუ არა ფენობარბიტალს სიკვდილი გამოეწვია, სამხარაულის ექპერტმა მამუკა ნოსელიძემ უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი ქიმიური კვლევის საგანი იყო და პასუხის გაცემა არ შეეძლო. პასუხის გაცემა შეეძლო ქიმიურ ექსპერტიზას და ფენობარბიტალის საკითხი ქიმიური კვლევის საგანი იყო. იგივე მამუკა ნოსელიძემ 2015 წლის 17 ნოემბერს, სასამართლოზე დაკითხვისას პოზიცია შეცვალა და გამომძიებლის კითხვაძე უპასუხა, რომ არ იყო ფენობარბიტალის კვლევის ჩატარების საჭიროება, სისხლში მისი რიცხობრივი რაოდენობის დაწვრილებითი გამოკვლევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმის გამო, რომ არ იყო ინტოქსიკაციის სურათი, ხოლო კითხვაზე- თუ რატომ არ ჩაწერა ინტოქსიკაციის არ არსებობა, უპასუხა, რომ დაწერა ის, რაც საჭიროდ ჩათვალა. იგივე ფენობარბიტალთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა კახა ახალკაციშვილმა, 2017 წლის 18 იანვარს სასამართლო შიდა კითხვისას, ბ-ონ ირაკლი მერკვილაძის კითხვაზე: შეეძლო თუ არა ფენობარბიტალს გამოეწვია სიკვდილი, უპასუხა:

„ფენობარბიტალს შესაძლოა გამოეწვია სიკვდილი, გააჩნია დოზას.“ ფენობარბიტალის მიერ სიკვდილის გამოწვევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ბრალდების კიდევ ერთ ექსპერტი გიორგი მაღრაძისათვის ანალოგიურ კითხვაზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ ამ საკითხში არ იყო კომპეტენტური. ახლა ვნახოთ, რა წერია ფენობარბიტალთან დაკავშირებით, 2014 წლის 11 ნოემბერს ჩატარებულ, დამოუკიდებელ ექსპერტიზის დასკვნაში:

„ვიოლეტა მატინოვას გვამიდან აღებულ სისხლში და შინაგან ორგანოების ქიმიური გამოკვლევით აღმოჩნდა ფენობარბიტალი. აღნიშნული პრეპარატის ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, არტერიალური წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), ბრადიკარდია, კომატოზური მდგომარეობაც კი, ლეტალური გამოსავლით. იმის გათვალისწინებით, რომ გვამის გამოკვლევით არ არის დადგენილი ფენობარბიტალის კონცენტრაცია, ექსპრტიზა ვერ გამორიცხავს გამოხატული სუნთქვის უკმარისობის პირობებში ფენობარბიტალს შეეწყო ხელი ან შეექმნა ფონი ვ.მატინოვას ჯამრთელობის მდგომარეობის კრიტიკული გაუარესებისათვის“ ბრალდების მხარე გამოძიების პროცესში და საქმის სასამართლოში განხილვისას, ყველნაირად ცდილობდა ფენობარბიტალის საკითხზე მსჯელობისათვის თავი აერიდებინა, თუმცა, სასამართლო ამ საკითხით დაინტერესებისა და ჭეშმარიტების დადგენის მზაობაში, რომ დაერწმუნებინა, ბრალდების მიერ, კომისიური ექსპერტიზის მეორედ ჩატარებისას დამოუკიდებელმა კომისიურმა ექსპერტიზამ, პირწმინდად გააბათილა ბრალდების პირველი კომისიური ექსპერტიზა, სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული ბრალდების მხარე ჩაეტარებინა მეორე კომისიური ექსპერტიზა.

ექსპერტებს დაუსვეს კითხვა: „გვამის საექსპერტო გამოკვლევით სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალი, რა მიზნობრიობით შეეძლო მიეღო ბინაზე ყოფნისას ეს ნივთიერება? შეეძლო თუ არა ამ ნივთიერებას გამოეწვია თრომბოემბოლია და ამ გზით გამხდარიყო ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალების მიზეზი? ფენობარბიტალის საკითხის ესოდენ გამოკვეთილად წარმოჩენა, ვფიქრობთ სასამართლოსათვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რამეთუ ყველაფერი მარტივადაა. ორგანიზმში არის აღმოჩენილი ნივთიერება, რომელსაც შეეძლო სიკვდილი გამოეწვია ორ შემთხვევაში: პირველი, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დიდი დოზის მიღებით და დოზის ოდენობის დადგენა, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და მეორე, შეიძლება დოზა არ ყოფილიყო დიდი, მაგრამ სხვა გარემეობებთან ერთად (პნევმონია, ბრონქიტი), რაც მატინოვას დაუდგინდა, გამოეწვია ლეტალური შედეგი. აღნიშნულ საკითხზე ექსპერტთა მიერ გაკეთებული მსჯელობებით, უტყუარად იკვეთება, რომ მატინოვას ორგანიზმში ნივთიერება ფენობარბიტალის აღმოჩენა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ პაციენტის გარდაცვალება შეიძლება გამოწვეული იყოს სწორედ ამ პრეპარატის მიღებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით, პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს, მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეცამეტე ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს ობიექტურ პირს პირის ბრალეულობაში.

ფენობარბიტალის გამო სიკვდილის დადგომის შესაძლებლობაზე, ზემოთ მოყვანილი თუნდაც ერთი ექსპერტის დასკვნაც, საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ფენობარბიტალის დოზის და მისი მიღების გამო პაციენტის გარდაცვალების ვერსიის გამორიცხვის ზუსტად დაუდგენლად, ექიმის ბრალეულობაში ეჭვის შეტანა გონივრულია და მხოლოდ მარტო ეს გარემოებაა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი არ შეიძლება იყოს გამამტყუნებელი განაჩენი.

მოამზადა მაია ცომაიამ

სასწრაფოს ექიმების აღიარება, გაპარული პაციენტის სხეულში აღმოჩენილი სასიკვდილო ნივთიერება და ექიმის უდანაშაულობის მტკიცებულებები

იხ.

http://www.gmtv.ge/38143-2/

Facebook Comments
x

Check Also

მეცნიერების თქმით, “დიდი სიცარიელის” საიდუმლო სულ მალე გაიხსნება

“დიდი სიცარიელე” (Big Void) – ასე დაარქვეს საიდუმლო შენობას, რომელიც ხეოფსის პირამიდაში (Great Pyramid of ...