You are here
„დაფიქრდი, მერო, რა გემართება! მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს დავეჩაგვრინო…“-ღია წერილი სენაკის მერს თქვენი სათქმელი მთავარი 

„დაფიქრდი, მერო, რა გემართება! მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს დავეჩაგვრინო…“-ღია წერილი სენაკის მერს

სააგენტოს სენაკიდან ვასილ ბესელია დაუკავშირდა, რომელმაც სენაკის მერისადმი საჯარო მიმართვის გავრცელება გვთხოვა იმ იმედით, რომ იქნებ საჯარო მიმართვის მერე მაინც მიიღოს პასუხი. როგორც თავად გვითხრა, მერის მისაღებში საათობით მომლოდინეს მუდამ ერთი პასუხი ესმის-დღეს არ მცალია და მობრძანდით ხვალ.

როგორც საზოგადებამ იცის, ჩვენი რუბრიკა “თქვენი სათქმელი” ყოველთვის აჟღერებს ხალხის ხმას და ამჟერადაც ვუთმობთ ბატონ ვასილს დროს.

ვასილ ბესელია

ღია წერილი სენაკის მერს, ბატონ ლევან კუპრეიშვილს

ამას მთელი საქართველოს გასაგონად ვწერ. რასაკვირველია, მათ შორის ხელისუფლებაც იგულისხმება.
ახლა რომ გითხრათ, ოპონენტებს მინდა ვუპასუხო-მეთქი, ტყუილია, იქ ოპონენტები არ ყოფილან. ესენი იყვნენ სახელდახელოდ შეკოწიწებული, სწრაფი რეაგირების ბრიგადის დაბნეული წევრები, რომლების სასწრაფოდ ხსნიდნენ პროფილებს და უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ.

ლექსის შინაარსზე არავის უსაუბრია. ეგ თემა არ აწყობდათ.

პირველი, ვინც თავს დამესხა, ერთი პატარა გოგონა იყო, რომელმაც ისეთი რამ დაპოსტა, ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს მისი დაწერილი იყო. ორჯერ წავუშალე პოსტი და მესამედ თავისი პროფილიდან დადო. კი აიღო უცებ, მაგრამ, მოგეხსენებათ, თავის მოსაჭრელად წამიც საკმარისია! თავისი ადამიანური იმიჯი, მერის დაკვეთას გადააყოლა!

აგერაა ის გოგო და აქვს საშუალება გათქვას დამკვეთი და სული გადაირჩინოს.
მე რომ მკითხოთ, ამ ფაქტით მერი უფრო გაფარჩაკებულია, ვიდრე ის.

მეორე, ვინც, ასე ვთქვათ, ლექსად გამლანძღა და „მემუარები-პენუარები“ გარითმა, იმ გოგოს ტოლი ყმაწვილი კაცია, რომლის სამსახურში მოწყობაში ერთდროს გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის…
ეს ორი ახალგაზრდა ძალიან ახლოს არიან მერთან (მანძილს ვგულისხმობ ) და რეაგირებაც, შესაბამისად, მათგან დაიწყო.

ამათ მე კი შევუნდობ, მაგრამ ყველაფრის ზემოთ სინდისია….ძნელი მგონია, დამძიმებული სინდისით ცხოვრება. გამოვიდნენ და თქვან, ვინ აიძულა ისინი…ეგ თქვენთვის სჯობს, შვილებო, თერემ მე თქვენზე უარესებიც მინახავს!

შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შეიქმნა „ლევან კუპრეიშვილის მხარდამჭერი“ გვერდი. ეს გვერდი მაშინ პარტიამ შექმნა და მიუღებელი მასში არაფერია.
ეს გვერდი დღესაც არსებობს. დღეს რაში უჭერენ მხარს არ ვიცი, მაგრამ ამ გვერდის ადმინმა, ჩემს ლექსს ბიუჯეტის ჭამაზე, ასეთი კომენტარი გაუკეთა :

ლევან კუპრეიშვილის მხარდასაჭერად • 124 საერთო მეგობარი

ვასილ, ვინც კარგად გიცნობს, მათ შენგან არც კი უკვირთ ღვარძლიანი და ბოღმით სავსე პოსტის გამოქვეყნება! შენ ის ვასილი არ ხარ, თანასოფლელთა უმრავლესობა რომ აუგად და შიშით მოგიხსენიებს; ის კაცი არ ხარ, გონიერია ხალგაზრდების და ზოგადად, ადამიანების წარმატება რომ არ გახარებს; ის ვასიკო არ ხარ, დგებუაძის მმართველობის პერიოდში რომ დაგნიშნეს კულტურის სამსახურის უფროსად და თამადად, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით რომ აბრუებდი და აბოლებდი ხალხს?! მაშინ ,,ქველმოქმედი“ დგებუაძის ჯიბიდან გადახდილ სუფრებს თამადობდი თუ შენი წისქვილიდან შემოსული თანხებით იხდიდი ღრეობის საფასურს?! გირჩევ, ფქვი წისქვილში, ქვის ბზრიალში და სიმინდის მარცვლების ფქვილის პატარა ნამცეცებად გადაქცევამდე, ლექსი წერე! ასე გაივლის დრო და როგორც შენ ამბობ: ,,დავდივარ, როგორც ფეხადგმული ქვიშის საათი – ციდან მიწამდე ვიცლები და … სამარეს ვავსებ…“

ამ საიტს ლევან კუპრეიშვილის სურათი ამშვენებს. ჩემთვის ეს იგივეა, მერი რომ მლანძღავდეს, ეს მისი გვერდია!
ასეთი „მხარდამჭერი“ ქუჩის უკანასკნელ მეძავსაც არ ეკადრება. ესაა სამთავრობო აზროვნება?
მე არ ვიცი, ის ორი ახალგაზრდა რას ელოდება მათი დამქირავებლისაგან, ეს „მხარდამჭერი“ კი დაწინაურებას უცდის. მერი კი ვერ ხვდება, მისგან ამნაირ მხარდაჭერას, ჩემგან მხილება რომ სჯობს!
მე ვამხელ, სამთავრობო „მხარდამჭერი“ მლანძღავს…ამას ქვია პროფესიონალიზმი!
სხვათა შორის, მერისა და მისი „მხარდამჭერის“ ტანდემზე წერილს უახლოეს მომავალში გაახლებთ!
ა, ბატონო, სამი მხარდამჭერი, სამი უზრდელი და უნამუსო. ამ ხალხთან აქვს ურთიერთობა და ძმობა ჩვენს მერს. ეს ხალხია მისი სახე!

რაც შეეხება დალი ქაჩიბაიას, მას იმდენი ნამუსი მაინც აქვს, სახელი და გვარი არ დამალოს.
მისი და მისი გოგოების ადგილი მხოლოდ მერიაში კია (ჩემგან განსხვავებით ), მაგრამ მას აწი არ დააწინაურებენ, ვერ გაართვა თავი დავალებას, ისეთ ავტორიტეტებს შეედავა, რომლებთანაც საუბარი მეც კი მერიდება.
ვერ ივარგა მერმა, აშკარად მარტო დარჩა და პირისპირ შერჩა ჩემს ძალზე საქმიან და პოეტურადაც საკმაოდ საინტერესო ლექსს!

მე მინდა მადლობა მოვახსენო ჩემს მეგობარ მწერლებს და საყვარელ მკითხველებს.
იმდენი სიცოცხლე მე, რამდენიც მხარს მიჭერს მერიაში და სენაკში და დალაიქებაისა და გამოხმაურების ეშინიათ.

ბატონო ლევან, მე თქვენსავით მომხრეები არ დამირაზმავს. თქვენი „მეგობრებისგან“ განსხვავებით, არავის უგინებიხართ. თქვენ დელიკატურად აგიხსნეს, რომ თქვენი გადაწყვეტილება იყო სულელური.
გავხსნათ კარტები და ვილაპარაკოთ სიმართლე.

თქვენ ებრძვით სამ ადამიანს – ადმინისტრაციის უფროსს, საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელს და მე.

სამივე ეს ადამიანი თქვენს წინამორბედთან მეგობრობდა და მეგობრობს.

ესაა თქვენ რომ გაბოროტებთ.თქვენ ყველა მტერი გგონიათ, ვინც მას კეთილად მოიხსენიებს. ამიტომ გიყვართ ის ლეკვები, რომლებიც ფეხსაცმელს გილოკავენ და ამ მართალ კაცს მიწასთან ასწორებენ.

ადექი და თქვი სიმართლე, ბატონო ლევან, მერე რა, მერი რომ ხართ, მერიც ხომ ადამიანია!
ბარემ ისიც თქვით, რას ერჩით მომარაგების განყოფილების თანამშრომელს, იმ კაი ბიჭს, რატომ „აკაჩავებთ“, რა უფლებით, ვისთვის გინდათ ეს ადგილი, თუ ისიც იმ კაცთან მეგობრობამ გააფუჭა!
ჩვენ არჩევნებამდე თქვენსკენ გზა არ გაგვიკაფავს, არ მოვსულვართ და არ გავმხდარვართ ორი ბატონის მსახური. თქვენ გიყვართ ყველა, ვინც ასე მოიქცა.

მუდმივად ერთ ბრალდებებს რომ გვიყენებთ, რატომ არჩევნების დროს გვერდით არ დამიდექითო, ახლა მოგახსენებთ, იმიტომ, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ შეიძლება და არც საჯარო მოხელეს აქვს მასში ჩარევის უფლება.

თუ ძაან მოგვაწვებით, ვიშოვით იმ სიებს, თქვენს მხარდაჭერას ხელისმოწერით რომ გვიდასტურებდნენ და მერე იძახეთ, არჩევნები მაგრად მოვიგეო!

თქვენს წინამორბედ ხელისუფალს ჩვენ აქ დავუმეგობრდით, საქმემ დაგვამეგობრა. იმ საქმემ და საქმეებმა, რომელსაც თქვენნაირები ვერ ხედავენ.მე არაერთხელ შემოგთავაზეთ, მამასავით ამოგიდგებით გვერდით ყველა სასიკეთო საქმეში-მეთქი, მაგრამ ეს თქვენ არ ისურვეთ. 5 თვეა მოხვედით და მთელი ეს დრო მოანდომეთ იმაზე ფიქრს, ვინ გაუშვათ და ვინ მოიყვანოთ. დადიხართ და დაგსდევთ თქვენი კასტა და გისკდებათ თავი ამაზე ფიქრით. იმ „ვერსალში“ ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფის გარდა, ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ. ერთი პროექტი არ გაქვთ მზად არცერთ სფეროში., რომ გაიძახით, დამიდექით გვერდით და ერთად ვაშენოთ სენაკიო, პროფესიონალები თქვენ არ გინდათ და იმ „მხარდამჭერ“ ქალთან და მისნაირებთან ერთად რა სოფელსაც ააშენებთ, აგერ ნახავთ!

ზოგიერთებმა გამოთქვეს აზრი, პოეტი ერთია, მენეჯერი – მეორეო!

სავსებით ვეთანხმები ამ ხალხს.

განვმარტავ, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენი წელი ქარხნის დირექტორად ვარ ნამუშევარი თბილისში. თქვენ რომ ვაგზლის ტუალეტებს აპროექტებდით, იმ ასაკში მე ექსტრაქტორების პროექტებზე ვმუშაობდი, თითო მანქანის ღირებულება თქვენს ამჟამინდელ ბიუჯეტს ორჯერ მაინც აღემატებოდა. თქვენ რომ კინკილა 10 მილიონლარიან ბიუჯეტს ხართ მიძუძგურებული, მე მაშინ 68 მილიონი მანეთის ბრუნვა მქონდა. მანეთი მაშინ დოლარზე თითქმის ორჯერ მეტი იყო! თქვენ რომ 100 კაცს ვერ უვლით, მე 1200 კაცს ვმართავდი.
თქვენ რომ ვაჟა დურგლიშვილს და ვაჟა აზარაშვილს გუგლიში ეძებთ, მე თქვენს ასაკში, მათთან ღვინოს მივირთმევდი!

რომელ მენეჯმენტზეა ლაპარაკი!

გასაუბრებაზე, შანსი რომ არ დაგიტოვეთ, ბოლოს მითხარით, მე ისეთი ღონისძიებები მინდა, ფული რომ შემოვიდესო.
მე არ ვიცი, თქვენ მართლა ისწავლეთ თუ არა ლონდონში, მაგრამ ამ განცხადებით პოპულარული ტელესერიალის იმ ინფანტილურ გმირს მაგონებთ, მე ხომ ლონდონში ვსწავლობდიო, წარამარა რომ გაიძახის.
რას მიედმოედები, თუ კაცი ხარ, რომელი ზღვისპირეთი აქ გაქვს, „კაზანტიპის“ ორგიები მოაწყო, დაფიქრდი, მერო, რა გემართება!

ან ამ ლონდონში „განსწავლულმა“ პერსონამ ეს სენაკის უნივერსიტეტდამთავრებულები რომ ააბაირამეთ, არ გეუხერხულებათ? ამათ ხომ კახა ლომაიას წინასაარჩევნო ბრძანებით მიენიჭათ უმაღლესი განათლება და არა სწავლითა და ოფლის ღვრით. ხომ ყველამ იცის, ამ „უნივერსიტეტებს“ ორი ოთახი რომ ეკავათ, ერთი რექტორისა და მეორე – ბუღალტრის. ყველამ იცის, ამ დიპლომებს რომ დაბადების დღეებზე ჩუქნიდნენ, იაფი იყო და იოლად გამოდიოდნენ. თქვენ გაწყობთ ასეთებთან მუშაობა. ისინი ადვილად იმართებიან!

ვასილ ბესელია არ გინდა, რეზო ადამია არ გინდა, ვახტანგ დავითაია არ გინდა, ამათი საიუბილეო ფული ბიუჯეტიდან ამომიღე და რომელ მენეჯმენტზე მელაპარაკები.მეტი რა შემოსავალი გინდოდა, მთელი შემოქმედებითი ელიტა სენაკს ესტუმრებოდა.

ან რა ხელოვნებაზე და კულტურაზეა ლაპარაკი, როცა 5 თვეა, რაც აქ ხართ და ჯერ თეატრში არ შეგიხედავთ. თქვენი წინამორბედი სამუშაო დღეს თეატრით იწყებდა და ამთავრებდა. ამიტომ ვიყავით ჩვენ მეგობრები.
სენაკში გამვლელიც კი არ მეგულება, ხარაჩოებში ჩასმულ თეატრში ერთხელ მაინც არ შეეჭყიტა…ასეთი მხოლოს თქვენ ხართ!

ერთ-ერთ თათბირზე უდიერად მოიხსენიეთ უსათნოესი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ბიბლიოთეკარი ციური ხორავა – 80 წლის ქალს სამსახურში რა უნდაო!

ახლა, ალბათ,სახლში გაუშვებენ, დირექტივა მიცემულია … ესაა თქვენი მენეჯმენტი, ესაა თქვენი ზრდილობა. ამ ქალბატონს წინა ხელისუფალმა სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და ამიტომ ვერ იტანთ.
ესაა თქვენი სტილი – დაერიოთ და გაყაროთ ღირსეულები!

ახალგაზრდობა ბიოლოგიური მდგომარეობაა და არა უპირატესობა, მთავარი საქმეა და შრომის უნარი!
ერთმა ქალბატონმა დაწერა, სენაკის ახალგაზრდა მერმა გაბედა და ვასილ ბესელია სამსახურიდან გაუშვაო. მომეწონა ეს განცხადება. იმ ქალმა ის მაინც იცის, ეს რომ გასაბედი საქმეა. რაც შეეხება საკუთრივ გაბედულებას, ახალფეხადგმული ბავშვიც ბედავს, უმოაჯირო აივანზე გადის და ვერ აცნობიერებს გადავარდნის საშიშროებას.
მე ვიცი, ახლა ვიღაცას ამზადებინებთ პასკვილს, წავა ჩემი ლანძღვა -გინება, თქვენ მხოლოდ ეს შეგიძლიათ… გაგდება კი გაბედეთ, მაგრამ ოპონირებას ვერ გაბედავთ!

მე ის კაცი არ ვარ, ვინმეს დავეჩაგვრინო…

მე ფაქტებით ვსაუბრობ, ფაქტი დაგიწერეთ ლექსად, ფაქტს დაგიწერთ პროზად იმ ტენდერზე, ფორმალურად, წინასწარი მორიგებით რომ ჩაატარეთ და ტენდერით მიღებული ეკონომიით იგივე შესყიდვა პიდაპირი ხელშეკრულებით რომ განახორციელეთ!

მერე დააწერინეთ იმ თქვენს „მხარდამჭერს“ რომ ევროპული აზროვნების და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული კაცი ხართ, მიიკარით ეს ტრაფარეტი გულზე და იარეთ აღმა-დაღმა!

5 თვის მანძილზე, ერთიმეორის მიყოლებით, 5 დღეც არ ყოფილხართ სამსახურში, თუ ხართ, ექვსის მერე გამოჩნდებით, დგანან შეწუხებული სამსახურის უფროსები, უჭირავთ ხელმოსაწერი წერილები და დღეები ელოდებიან თქვენს მოწყალებას!

წაბრძანდებით თბილისში და ახლა თქვენი მოადგილე გიგზავნით წერილების ფოტოებს და არკვევს დაარტყას თუ არა თქვენი ფაქსიმილე …

თქვენ ძაღლადაც არ აგდებთ თანამშრომლებს!
სენაკის მერიაში 37 -ის ცოდვა ბარბალებს, ყველას აყურადებენ თქვენი აგენტები. თქვენ მთელი დღე მონიტორით აკონტროლებთ თანამშრომელთა გადაადგილებას, როცა არ ხართ, მობილურში გვიყურებთ….საკმარისია ვინმე ვინმესთან სამჯერ შევიდეს და მორჩა, თქვენი მტერია!

თქვენ დაკომპლექსებული ხართ ფობიით, ჩემო ბატონო!

როგორ მითხარით? ვიცი, მაგარი ხარ, მაგრამ აქ შენს ადგილს ვერ ვხედავო!
ევგენი მიქელაძესაც ასე უთხრა ბერიამ, მაგარი სმენა გაქვსო და ყურში შანთი გაუყარა!
ახლა, ბარემ, ევგენი მიქელაძეც დაგუგლეთ!
რომელ მართვაზეა ლაპარაკი, ხალხნო, სენაკი უპატრონოა, სად ხართ, ხელისუფალნო!

პ.ს.
ახლა შემოვლენ თქვენთან თვალთმაქცები და გაგიმაგრებენ გულს, თათბირზე ერთმანეთს დაასწრებენ ლოცვა-შეძრომას.
მე კი ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ნუ შემოვლენ ჩემთან, თორემ სამსახურს დაკარგავენ!

Comments

comments

Related posts