You are here
“საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ მთავარი პოლიტიკა 

“საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება მნიშვნელოვანი გამოწვევაა“

„საპარლამენტო კონტროლის კუთხით, წინა მოწვევის პარლამენტში ძალიან თამამი ნაბიჯები გადავდგით და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები დავიწყეთ. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: „საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში“.

ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც იგი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სათავეში ჩაუდგა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების კუთხით ყველაზე მძიმე ვითარება იყო – ამ მიმართულებით არ იყო არანაირი ინსტიტუციური მეხსიერება და არც გამოცდილება.

მისივე თქმით, პარლამენტში სახალხო დამცველი ანგარიშის მოსასმენად, ექსპერიმენტის სახით, შეიქმნა ახალი ფორმატი.

„ჩემი ინიციატივით შეიქმნა ფორმატი, რომელიც იყო პირველი ნაბიჯი და ძალიან საინტერესო. როდესაც სახალხო დამცველი ანგარიშით პარლამენტში მოდის, ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი და დავიწყეთ განსხვავებული საპარლამენტო განხილვა. 2012 წლამდე, პარლამენტის მხრიდან მთავარობის მიმართ არც ერთი რეკომენდაცია არ იყო გაცემული. ეს იყო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. არც ერთი ანგარიში სახალხო დამცველის არ იყო მიღებული არსებითი შინაარსობრივი განხილვისთვის, ყველა ანგარიშს პარლამენტი 2012 წლამდე ცნობად იღებდა.

პირველივე წელს, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე მოვიწვიეთ მთავრობის წარმომადგენელები. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და განსაკუთრებით კი, ძალოვანი უწყებები, ჩართული იყვნენ ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი, როდესაც იქმნება ერთიანი, ღია და საქმიანი სივრცე დიალოგისთვის. 5 წელია უკვე ყველა ძირითადი უწყება მოდის პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში მოსმენისას. როდესაც სახალხო დამცველი საუბრობდა რა დარღვევებია ადამიანის უფლებების სფეროში, ჩვენ შესაბამისი შეკითხვით მივმართავდით მთავრობას. სხდომები იყო ღია და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სამოქალაქო საზოგადოების თანდასწრებით და რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა აბსოლუტური წვდომა ყველა ინფორმაციაზე ამ პროცესმა გაზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და დამკვიდრდა საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი ფორმა“, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული პროცესი 2-3 თვე გრძელდებოდა და პირველსავე წელს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში, რომელიც პარლამენტის სხდომაზე გავიდა, მხარდაჭერილი იყო 47 რეკომენდაცია მთავრობისთვის.

„ბოლო წლის ინფორმაციით, ამ კუთხით პარლამენტს 220 რეკომენდაცია აქვს გაცემული, ხუთი წლის განმავლობაში კი 500-მდე რეკომენდაცია, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია პროცესი და არა ციფრები. 2013 წლიდან დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება და გაგრძელდება, რადგან ჩვენ, 2016 წელს პარლამენტის რეგლამენტში ჩავწერეთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს უნდა მოჰყვეს რეკომენდაცია ან რეზოლუცია და არა ცნობად მიღება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Comments

comments

Related posts