You are here
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტაში მთავარი საზოგადოება 

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტაში

ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

“მიზეზად დაგვისახელეს, რომ პოლიციას წაღებული აქვს მასალები და აწარმოებს გამოძიებას. უკრაინის კანონებითაც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს, პოლიციას ვერ ეცოდინება დაზუსტებით ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

ჩვენ დღეს განვიხილეთ რამდენიმე ვერსია, მათ შორის სამთო დარტყმა, ძველი, დახურული შახტების საკითხი, აფეთქების შესაძლებლობები და სხვ. ხვალ თუკი კომპანია უფლებას მოგვცემს, გვინდა ჩავიდეთ შემთხვევის ადგილზე, შახტში. განვაგრძობთ მუშაობას, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია”, – განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა. ვესლავანიჩის თქმით, ექსპერტებს განუცხადეს, რომ დაზარალებულებთან გასაუბრებასაც ვერ შეძლებენ, რადგან ეს ადამიანები პოლიციამ უკვე გამოკითხა:

“ჩვენ გვიდოდა ამ ხალხთან გასაუბრება, თუმცა კვლავ გვეუბნებიან, რომ პოლიციამ ისინი უკვე გამოკითხა. ასევე კარგი იქნებოდა გვენახა სამედიცინო ექსპერტიზა. ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ფილტვებში CO, აღენიშნებოდათ თუ არა დამწვრობა, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით”, – აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. მისი თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც დღეს ნახეს დასკვნის დასადებად არასაკმარისია.

განმარტებები გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

“ჩვენ მივაწოდეთ ის დოკუმენტები რაც გაგვაჩნდა: განვითარების გეგმა, შახტის ადგილ-მდებარეობა, დამუშავების პროექტი. ვერ მივაწოდეთ განწესის გაცემა, ის წაღებული აქვს პოლიციას. ხვალ შევეცდებით, რომ ასლები გავაკეთოთ და მივცეთ. ასე რომ ღია ვართ”, – აღნიშნა ჯამბულ ჯაყელი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ის ამბობს, რომ უბნის ნაწილი დაკეტილია, თუმცა სადამდეც შესაძლებელია ხვალ უკრაინელ ექსპერტებს მიიყვანენ.

ისინი უკრაინაში 26 აპრილს დაბრუნდებიან და საბოლოო დასკვნას მოამზადებენ.

Comments

comments

Related posts