Home » მთავარი » კალაძე: მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს…

კალაძე: მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს…

„მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა. მინდა მკაფიოდ განვუცხადო ყველას, რომ მეტრო იმუშავებს როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, პატივს სცემს თითოეული დასაქმებულის შრომას, თუმცა მისთვის მიუღებელია, რომ დასაქმებულები და პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არამარტო მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობასაც.

„ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. პატივს ვცემ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის. ჯერ კიდევ არ მქონდა მუშაობა ოფიციალურად დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე მათ ჩემი პატივისცემა. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული ამ ადამიანების შრომა, თუმცა ის დამოკიდებულება და მიდგომები, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, სრულებით მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დასაქმებულებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტროს მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მერი დედაქალაქის მთავრობასთან ერთად მიიღებს.

Facebook Comments
x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...