Home » მთავარი » “მერკვილაძის საქმე” – საყურადღებო საკითხები – რა და რატომ რჩება ყურადღების მიღმა…

“მერკვილაძის საქმე” – საყურადღებო საკითხები – რა და რატომ რჩება ყურადღების მიღმა…

მანამ, სანამ იარსებებს შეფასების გარეშე დატოვებული ფაქტები, საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს გონივრული და სამართლიანი ეჭვი ექიმის მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის!

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ რუბრიკას „ირაკლი მერკვილაძის საქმე“.

სამედიცინო საზოგადოება ინფორმირებულია და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სრულ „აბსურდს“ უწოდებს. ირაკლი მერკვილაძის მხარდასაჭერად შეგროვებულია ცნობილი კლინიცისტი ექიმების ხელმოწერებიც, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ „ირაკლი მერკვილაძის საქმეზე” საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელიად მიიჩნია. განცხადება გაკეთდა საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული 42 დარგობრივი ასოციაციის სახელით. მეან-გინეკოლოგი გაასამართლეს მუხლით პაციენტის საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, კერძოდ წარმატებული საკეისრო კვეთის შემდგომ , მე-18 დღეს პაციენტის დამძიმებული მდგომარეობის არასწორად შეფასებისა და მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოუთავსებლობის გამო. თუმცა ექიმმა ყველა ღონე იხმარა დახმარებოდა პაციენტს, როდესაც კლინიკიდან გაწერის შემდეგ 2013 წლის 22 იანვარს.

ექიმს ტელეფონით დაუკავშირდა ვ. მატინოვას მეუღლე და აუწყა ექიმს ვიოლეტას მომატებული ტემპერატურის თაობაზე, ითხოვა მკურნალობის დანიშვნა, რაზედაც ექიმმა მოითხოვა პაციენტის დაუყოვნებლივ მოყვანა კლინიკაში. მეორე დღეს, 2013 წლის 23 იანვარს, ვიოლეტას მეუღლე კლინიკაში მარტო მივიდა და ექიმს აუხსნა რომ ვიოლეტას მოუსვლელობის მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ირაკლი მერკვილაძემ ისევ მოითხოვა პაციენტის მოყვანა ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე! იმავე დღის 14 საათზე პაციენტი სამშობიაროში მოვიდა თავისი ფეხით. პაციენტს ჩაუტარდა ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის შედეგადაც, დადასტურდა ლოქიომეტრა, რაც წარმოადგენს საშვილოსნოდან ბუნებრივი გამონადენის შეფერხებას.

აღნიშნულის შემდეგ, პაციენტს ჩაიტარდა შეფერხებული ლოქიების ევაკუაცია. პაციენტის გასინჯვისას ფილტვებში შესუსტებული სუნთქვის გამო ეჭვი გაჩნდა ფილტვის პრობლემაზე, და სამშობიაროს თერაპევტმა დასვა მარჯვენა მხრივი მწვავე პნევმონიის, ანუ, ფილტვების ანთების დიაგნოზი. ამის გამო საჭირო გახდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, რათა ჩატარებულიყო ერთობლივი მკურნალობა ენდომეტრიტზე და პნევმონიაზე. მატინოვა მოთავსებულ იქნა დღის სტაციონარის პალატაში და შეივსო ამბულატორული პაციენტის სამედიცინო ბარათიN97, რომელიც მტკიცებულების სახით საქმეშია. პაციენტს დაენიშნა ანტიბიოტიკი,როგორც ენდომეტრიტის,ასევე პნევმონიის სამკურნალოდ, რომლის დასტურია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი და საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ამ პრეპარატების ანოტაციები. ამასთან, ვინაიდან ერთი ანტიბიოტიკი უნაზინი, იმ დროისათვის სამშობიაროში არ იყო, მის შესაძენად, თავად ექიმმა მისცა თანხა პაციენტის მეუღლეს.

პაციენტი იმყოფებოდა დღის სტაციონარის პალატაში,ექთნის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც უტარებდა დანიშნულებას. „მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვის“ პროტოკოლის შესაბამისად,რომლითაც დადგენილია, პაციენტს დაენიშნა ინფუზიური თერაპია და მოკლე მონაკვეთის განმავლობაში, გადაესხა 1100მლ სამკურნალო ხსნარები. 4 საათისათვის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სწორედ ამ პერიოდში ირაკლი მერკვილაძეს მატინოვას ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, 2013 წლის 23 იანვარს, ამავე დღეს სამშობიაროში შემოსული, კიდევ ერთი პაციენტისათვის მკურნალობის ჩატარება მოუწია საშვილოსნოს გარეშე ორსულობის და შინაგანი სისხლდენით. პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. პაციენტი იმყოფებოდა ოპერაციის შემდგომ ინტენსიური მეთვალყურეობის პალატაში, რის გამოც ექიმს პერიოდიულად უწევდა პაციენტთან ყოფნა. საღამოს 6 საათზე, მატინოვას მკურნალმა ექთანმა ექიმს აცნობა, რომ პაციენტმა დაუკითხავად მიატოვა მკურნალობა, ფაქტიურად გაიპარა კლინიკიდან. სამწუხაროდ მედპერსონალმა ვერ შეძლო მასთან დაკავშირება.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სასწრაფოს ექიმების აღიარებით ჩვენებებზეც, რაც მიმდინარეობდა გარდაცვალებამდე და არსად არ იკვეთება ის ფაქტი, რომ პაციენტის მდგომარეობა გახლდატ საგანგაშო და კრიტიკული, ანუ სარეანიმაციო. პირველი გამოძახება მოხდა 2013 წლის 21 იანვარს, დილის 8.55 საათზე. დაისვა დიაგნოზი – ვეგეტო ნევროზი, მეორე გამოძახება განხორციელდა იმავე დილის 11 საათზე. დიაგნოზი – ტაქიკარდია დაუზუსტებელი. საავადმყოფოში გადაყვანაზე პაციენტმა განაცხადა კატეგორიული უარი, რაც დადასტურებულია თავად მატინოვას ხელმოწერით. მესამე გამოძახება მოხდა 2013 წლის 23 იანვრის ღამის 23. 59 საათზე. დიაგნოზი- მწვავე ვირუსული ინფექცია. სტაციონარში გადასვლაზე განაცხადა უარი, რასაც ადასტურებს მეუღლის გ. ნიკოლეიშვილის ხელმოწერა. მეოთხე გამოძახება ხდება 2013 წლის 24 იანვარს, შიადღის 3 საათზე. დიაგნოზი – პნევმონია. სტაციონარში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს, რაც დასტურდება თავად მატინოვას ხელმოწერით. მეხუთე გამოძახება განხორციელდა 2013 წლის 25 იანვრის ღამეს, 01. 58 საათზე. დიაგნოზი- სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გადაყვანილია სტაციონარში. ყურადღება მიაქციეთ, რომ კლინიკიდან თვითნებურად წასვლიდან რამოდენიმე საათში და სასწრაფო ბრიგადამ პაციენტის გასინჯვის შემდეგ, „კრიტიკული მდგომარეობა“ არ დააფიქსირა. მეოთხე გამოძახება მომხდარია 24 იანვრის 1500 საათზე, ანუ გარდაცვალებამდე 12 საათით ადრე და გასინჯვის შედეგად, სასწრაფო დახმარების ბრიგადა არც ამჯერად არ აფიქსირებს „კრიტიკულ მდგომარეობას“. მხოლოდ მეხუთე გამოძახებისას, უკვე 25 იანვრის ღამის 150 საათზე, პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული, როდესაც ფილტვების ანთების ფონზე განვითარდა ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპება, რამაც გამოიწვია ფატალური შედეგი.

კიდევ ერთი უდავო მტკიცებულება გახლავთ ვ. მატინოვას დედის, ალა მატინოვას, 2014 წლის 25 აგვისტოს დაკითხვისას, დეტექტივ-გამომძიებლის კითხვაზე გაცემული პასუხი: -„2013წლის 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე ვესაუბრე ვიოლეტას ჩემი კუთვნილი მობილურით, რა დროსაც შევეკითხე, თუ როგორ იყო, მის შემდეგ კი მითხრა, რომ უკეთესად ვარ და ხვალ წამოვალ თბილისშიო.

რამოდენიმე ხანში დამიკავშირდა ჩემი სიძე გიორგი ნიკოლეიშვილი და მითხრა რომ ვიოლეტა წაყვანილი ჰყავდათ საავადმყოფოში.“ პ.ს. საქმეში მოცემულ არცერთ დეტალში არ ჩანს ვიოლეტა მარტინოვას პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების აუცილებლობა.

მოამზადა მაია ცომაიამ

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...