Home » მთავარი » რა ვერ ისწავლა რუსეთმა, რატომ კვეთს წითელ ხაზებს და რატომ კონფლიქტობს მეზობლებთან …

რა ვერ ისწავლა რუსეთმა, რატომ კვეთს წითელ ხაზებს და რატომ კონფლიქტობს მეზობლებთან …

ამირან სალუქვაძე

გენერალი, სამხედრო ანალიტიკოსი

ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ახლახანს, როცა მედიაში კასპიის ზღვაზე, ყაზახეთის პორტ აქტაუში ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა მეგობარმა მკითხა „რა ხდებაო“. შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი. შესაძლოა თქვენც დაგაინტერესოთ.

იმის მიუხედავად, რომ ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა და მონაწილეობს ყველა რუსულ პროექტში (კუხო (ОДКБ), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (ШОС), ევრაზიული ეკონომიკური კავშირი (ЕАЭС), ერთიანი ეკონომიკური სივრცე, საბაჟო კავშირი, დსთ), ყაზახეთი დასავლეთისკენ იცქირება და აშშ-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

რუსეთი ფიქრობს, რომ ყირიმის ანექსიით, დონბასის კონფლიქტით, მანამდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით, იმპერიას ამყარებს. თუმცა, პირიქით ხდება. რუსეთმა ვერ ისწავლა მეზობლების ან მოკავშირეების თვალებით შეხედოს საკუთარ ქმედებებს, გაანალიზოს თავისი საგარეო პოლიტიკა.

რუსეთმა ვერ ისწავლა სხვა, განსაკუთრებით მასზე მცირე სახელმწიფოების ინტერესების, როგორც თვითონ ეძახიან, წითელი ხაზების გათვალისწინება. არადა, იგივეს ითხოვენ ხოლმე დასავლეთისგან, აშშ-სგან.

დავუბრუნდეთ ყაზახეთს. სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებისას და დაშლის შემდეგ, ყაზახეთი ერთ-ერთი იოლად მოწყვლადი რესპუბლიკა იყო უზარმაზარი დაუცველი და მოწესრიგებელი საზღვრით რუსეთთან და სხვა მეზობლებთან, შერეული ეთნიკური შემადგენლობით და სხვა. თუმცა, ყაზახეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა შესძლო მშვიდობა შეენარჩუნებინა და ამ წლების მანძილზე მაქსიმუმი მიიღო: აირიდა სისხლისმღვრელი კონფლიქტები სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, მიაღწია შიდა სტაბილურობას, განავითარა ეკონომიკა, ახალი დედაქალაქიც კი ააშენა.

ამავე დროს, კარგად ათვითცნობიერებენ რამდენიმე ძირითად საფრთხეს:
– რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება, განსაკუთრებით, ამ პროცესის დასავლეთის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, მწვავედ აისახება ყაზახეთზე. დასავლეთთან ურთიერთობებში, განსაკუთრებით სუსტ წერტილს, ნურსულთან ნაზარბაევის უვადო მმართველობა წარმოადგენს.
– სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესუსტების შემდეგ, ცენტრალურ აზიაში ტერორიზმის საფრთხემ მკვეთრად იმატა. მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით ყაზახეთი ვერ აიცილებს მომავალ საფრთხეებს
– აშშ-ს ეკონომიკური ომი დანარჩენ რეგიონებთან (ევროკავშირი, რფ, ჩინეთი) ასახვას ჰპოვებს ყაზახეთის ეკონომიკაზეც. ყაზახეთი აშშ-სთან პარტნიორობით შეეცდება თავიდან აიცილოს ეკონომიკური პრობლემები.
– ყაზახეთი გრძნობს, რომ რუსეთი ადრინდელ პოლიტიკას აგრძელებს და კუხო-ს წევრებს როგორც კოლონიებს ისე ექცევა. არ ვითარდება სამხედრო მეცნიერება, არ შემოდის თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ გარღვევის აღმოფხვრა შესაძლებელია სხვა სამყაროსთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით.
– რუსეთი დომინირებს კასპიის ბასეინში. აშშ-სთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებად შესაძლოა ყაზახეთის სამხედრო ფლოტის განვითარება იქცეს

ყაზახეთი ხედავს, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს გავლენებს ცენტრალურ აზიაში. სომხეთში მიმდინარე პროცესებიც რუსული გავლენების შესუსტების მაჩვენებელია, როცა საკუთარი თამაში ცუდად შემოუტრიალდა და არაპროგნოზირებად პროცესებში გადაიზარდა.

თუ ვიმსჯელებთ რუსული ენის ფლობით, ყაზახეთს და ყირგიზეთს გარდა, ცენტრალური აზიის სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში რუსული ენა ნელ-ნელა ქრება.

აშშ გავლენების გასაზრდელად წარმატებით იყენებს ტერორიზმთან ბრძოლას ავღანეთში და ამ ამოცანისთვის ლოჯისტიკის მარშრუტებს შუა აზიის სახელმწიფოების გავლით.

რუსეთისთვის ცენტრალური აზია, ისევე როგორც კავკასია, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და, რა თქმა უნდა, მწვავედ აღიქვამენ რეგიონში აშშ-სა და ჩინეთის გააქტიურებას.

სომხეთსა და აზერბაიჯანზე რუსეთი ყარაბაღის მეშვეობით ახდენს გავლენას. ყაზახეთთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ასეთი ბერკეტი არ გააჩნია. ეთნიკურ ნიადაგზე დღეს კონფლიქტს ვეღარ ააგორებს. ეს იოლი იყო 90-იანებში.

თუ წინა წლებთან შედარებით ყაზახეთის 2017 წლის საგარეო ვაჭრობას გადავხედავთ, საგარეო ვაჭობის წილი ევრაზიულ კავშირთან საკმაოდ შემცირდა, მაშინ როცა ევროკავშირზე 50%-ზე მეტია. ანუ ეკონომიკური ბერკეტებიც საკმაოდ სუსტდება. სუსტ მდგომარეობაშია ყირგიზეთი. თუმცა, რეგიონის გასაკონტროლებლად ეს პატარა სახელმწიფო და იქ განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, საკმარისი არაა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მონაწილეობა კასპიის ზღვაზე პორტების მშენებლობის მიზნით, რაც სამომავლოდ რუსეთის გავლენის შესუსტებას გამოიწვევს.

სანამ რუსეთი ვერ ისწავლის, რომ მეზობელი სახელმწიფოები თანატოლ პარტნიორებად აღიქვას, ეს ტენდენციები შენარჩუნებული იქნება. თუ ბოლო პოლიტიკურ დისკუსიებს გადავხედავთ, რომლებიც სომხეთის მოვლენებს მოჰყვა, რუსეთისგან პარტნიორულ დამოკიდებულებას, სხვისი ინტერესების გათვალისწინებას არ უნდა მოველოდეთ. გაგრძელდება დამოკიდებულება: „მე დიდი ვარ, შენ დურაკი ხარ“.

ნიშანდობლივია ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებაში ფრაზა, როცა ის აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს, რაც უდავოდ ნიშნავს, რომ ყაზახეთის საგარეო ვექტორი ცვლილებებს განიცდის. მაშინ როცა რუსეთი გავლენებს კარგავს, ხოლო რეგიონში ჩინეთი და აშშ ძლიერდებიან, ყაზახეთი ნელ-ნელა აშშ-სკენ გადაიხრება.

ასეთ ტენდენციებზე, რუსეთს, აზიასა და კავკასიაში, როგორც წესი ერთი პასუხი ექნება, – ჩახლართული სცენარები, დაკონსერვებული პრობლემების გაღვივება. არადა, მენტალობას რომ შეიცვლიდნენ, მშვენივრად ვიმეზობლებდით.

ჰო, კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცე პასუხი: რატომ კონფლიქტობს რუსეთი საკუთარ მეზობლებთან, რატომ ცდილობს საზღვრებთან ბუფერული ზონების შექმნას?

ჩემი აზრით ჩარჩნენ მსოფლიო და სამამულო ომების ისტორიაში, ცუდად ახსოვთ ნაპოლეონის და ჰიტლერის მოსკოვამდე მისვლა. ისევ სატანკო ბატალიების ეპოქაში არიან.

სახელმწიფოს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი არმია და აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად უმძლავრესი ბირთვული არსენალი გააჩნია, ვერ წარმოუდგენია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მეზობლობა. ბალტიისპირეთი ისე აქვთ, როგორც სადგისი მუთაქაში.

არადა, რომ არა მათი ზემოთ აღწერილი პოლიტიკა, ნატოს წევრობასაც არავინ ისურვებდა. ჩვენც დავტკბებოდით შვეიცარიული ნეიტრალიტეტით.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...