You are here
მერკვილაძის საქმეში ეჭვი ყოფილ პროკურორთან მიდის! ექსკლუზივი მთავარი 

მერკვილაძის საქმეში ეჭვი ყოფილ პროკურორთან მიდის!

-ეს არის შეკვეთილი და შეკერილი ქუთაისის პროკურატურის მიერ და გამართლებული მოსამართლის მიერ. დარღვეულია ჩემი უფლებები. კლანური ინტერესია ჩადებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყოფილი პროკურორის, დავით ხონელიძის მიერ არის დაკვეთილი, რომელსაც, როგორც კლინიკის დირექტორს, დამფუძნებლები ვედავებით იმას, რომ მან არაკანონიერად მიითვისა და გაფლანგა 5 პარტნიორის თანხა ნახევარ მილიონამდე. უზენაეს სასამართლოში მიღებულია გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაცდელს, რომელიც ღმერთმა მომივლინა, გავუძლებ ღირსებით. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რა მიზეზით და რა მოტივით ვარ ბრალდებული? მე ბოლომდე მოვიხდი სასჯელს მაგრამ ვერ გამტეხენ, არასდროს ვაღიარებ იმას, რაც არ ყოფილა”-განაცხადა ირაკლი მერკვილაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც კვლავ გადაიდო 8 ივნისმდე.

შეგახსენებთ, 2018 წლის 26 იანვარს, ქუთაისში, ოთხწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 34 წლის გამოცდილების მქონე ცნობილი მეან გინეკოლოგი მკვლელად გამოაცხადეს, 22 წლის, ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში (სსკ-ის 116-ე მუხლი), 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდანვე პატიმრობაში აიყვანეს.

ირაკლი მერკვილაძე კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს. მერკვილაძის უდანაშაულობას ჩემს ხელთ არსებული (ყველასთვის ხელმისაწვდომია) საქმის მასალებიც ნათლად ადასტურებს, კერძოდ ბრალდების ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ეროვნული პროტოკოლები, რომლის შექმნაში თავად ირაკლი მერკვილაძე მონაწილეობდა უცხოელ ექსპერტებთან და საქართველოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა. აქედან გამომდინარე როგორც მოქალაქესა და ჟურნალისტს მიჩნდება უამრავი კითხვა, რის საფუძველზე მოხდა ექიმის დაპატიმრება ზემორე მუხლით. სად იკვეთება საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობა, მაშინ როცა ექიმმა ზედმიწევნით პროფესიონალურად ჩაატარა ოპერაცია და პაციენტი სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან, ხოლო ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც ძირითადად უჰაერობაში გამოიხატებოდა, ექიმთან მისვლისას, ბატონმა ირაკლიმ დაუსვა სწორი დიაგნოზი, სავსებით სწორად მიიტანა ეჭვი ფილტვებიდან მომდინარე პრობლემასთან დაკავშირებით და კონსულტაციისათვის გააგზავნა თერაპევტთან. შემდეგში, თერაპევტთან შეთანხმებით, მოათავსა სტაციონარში, მიუჩინა პერსონალური ექთანი, გაუკეთა სასწრაფო გადასხმები საჭირო ანტიბიოტიკებისა და ყოველივე აღნიშნულმა, დადებითი შედეგი, პაციენტის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, უკვე ორ საათში გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, პაციენტმა თვითნებურად დატოვა სამშობიარო 2013 წლის 23 იანვარს, საღამოს 1800 საათზე, თუმცა იმავე საღამოს კვლავ უჰაერობის გამო იძახებს სასწრაფო დახმარებას, რომელიც ჰოსპიტალიზაციას თავაზობს, თუმცა პაციენტისა და ოჯახის წევრებისაგან კატეგორიულ უარს ღებულობს, რასაც სათანადო ხელმოწერით ადასტურებს აწ გარდაცვლილი. კიდევ ოთხი საათის გასვლის შემდეგ, პაციენტი ისევ იძახებს სასწრაფო დახმარებას, რომლის ანალოგიურ შეთავაზებაზე, კვლავაც უარს უფიქსირებს ჰოსპიტალიზაციაზე და მთელი ერთი დღე-ღამის შემდეგ, პაციენტის მეუღლე კვლავაც იძახებს სასწრაფო დახმარებას, რომელსაც ვიოლეტა მატინოვა, პრაქტიკულად ტერმინალურ მდგომარეობაში გადაჰყავთ საავადმყოფოში, სადაც შეყვანიდან რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა კიდეც. გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანმა მოსამართლემ, ირაკლი მერკვილაძის ბრალეულობა ინკრიმინირებულ ქმედებაში იმით დაასაბუთა, რომ მერკვილაძეს, როგორც მაღალკვალიფიციურ ექიმს, უნდა გაეთვალისწინებინა პაციენტის დაღუპვის შესაძლებლობა. ანუ, მერკვილაძეს უნდა გაეთვალისწინებინა: რომ პაციენტი სახლში წასვლისას იქნებოდა მელოგინისთვის არასათანადო პირობებში (- სასწრაფო დახმარების ექიმები და ექთნები ადასტურებენ, რომ პაციენტთან მისვლისას, ადგილზე დახვდათ არასასურველი მდგომარეობა, ან საიდან უნდა სცოდნოდა ექიმს რომ მისი პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესებისას არ დაუკავშირდება მას, ან პაციენტი და ან მისი ოჯახის წევრები რომ არ გამოიჩენდნენ ელემენტარულ გონიერებას და უარს განუცხადებდნენ სასწრაფო დახმარების ექიმების შეთავაზებას ჰოსპიტალიზაციაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურმე, ექიმ მერკვილაძეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელებისას, პაციენტი დაიწყებდა გარკვეული პრეპარატების თვითნებურად მიღებას. გარდაცვლილის ორგანოებში და სისხლში აღმოჩენილ იქნა ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალი. აღნიშნული პრეპარატი ან მისი შემცველი სხვა წამალი, არც ირკალი მერკვილაძეს და არც სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტისათვის არ მიუციათ, საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია. ფენობარბიტალის გარკვეულ დოზას შეეძლო, როგორც გარდაცვალების გამოწვევა, ასევე იმ პრეპარატების მოქმედების გაუვნებელყოფა, რომელიც მას მერკვილაძემ გაუკეთა სამშობიაროში.

ყველა ამ საკითხზე, მე ჩემს გადაცემაში „პაციენტის დრო“ სტუმრად მყავდა წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც დაწვრილებით იმსჯელეს .

ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მოსამართლემ, ყოვლად დაუსაბუთებელი მსჯელობით, ირაკლი მერკვილაძის დამნაშავედ ცნობის გარდა, მისთვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, ალტერნატიული სასჯელის სახით, შინაპატიმრობასაც აწესებს) იმით დაასაბუთა, რომ ითვალისწინებდა ბრალდებულის პიროვნებას (თითქოსდა რეციდივისტზე, დანაშაულებრივი მენტალიტეტით მყარად გამსჭვალულ და სამართალდარღვევებისადმი პათოლოგიურად მიდრეკილ ადამიანზე საუბრობდა), დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ხაზგასმების ვერ გამგებთათვის განვმარტავ, რომ მოსამართლე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს აბრალებს მერკვილაძეს, რომლის დროს მოტივისა და მიზანის ხსენება ისეთი აბსურდია, რომ იგი არათუ მოსამართლეს, არამედ იურიდიული ფაკულტეტის საშუალოზე დაბალი მოსწრების სტუდენტსაც კი არ შეიძლება ეპატიოს), ჩემთვის ცხადზე უცხადესი გახდა, რომ აღნიშნული საქმე აშკარად შეკვეთილი იყო და მიზნად ისახავდა ირაკლი მერკვილაძის, როგორც საუკეთესო ექიმის დისკრიმინაციას.

აღნშნულ საკითხზე ირაკლი მერკვილაძემ პირდაპირ მიუთითა კონკრეტული პირი, ქუთაისის ახალი მე-2 სამშობიაროს გვერდით, რომლის დირექტორიც არის ირაკლი მერკვილაძე, ფუნქციონირებს კონკურენტი კლინიკა (ბატონი ირაკლი ამავე კლინიკის 10% წილის მფლობელი პარტნიორიცაა), რომლის დირექტორი დავით ხონელიძე, ყოფილი პროკურორია, რომელიც დიდი ალბათობით, წარმოადგენდა კიდეც იმ პირს, რომელმაც შეუკვეთა ხსენებული საქმე.

რა თქმა უნდა, მე, როგორც ჟურნალისტს, კონკურენტი კლინიკის და ყოფილი პროკურორის ხსენებამ დამაინტერესა და შევეცადე ბატონი ირაკლის მეუღლესთან გამერკვია, თუ რა გარემოებებს ეფუძნებოდა ბატონი ირაკლის მიერ გამოთქმული ეჭვი და ინფორმაცია, რომელიც მე მომეწოდა, არის ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე არანაკლებ საინტერესო და მე ვიწყებ საუბარს იმ სამოქალაქო საქმეებზე, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს შპს „ხონელიძის კლინიკის“ ხუთ პარტნიორს, მათ შორის ირაკლი მერკვილაძეს და ამავე კლინიკის ყოფილ პარტნიორს და ამჟამინდელ გენერალურ დირექტორ დავით ხონელიძის მიმართ.

-ქალბატონო ეკა, თქვენ, როგორც ბატონი ირაკლის მეუღლეს, ალბათ კარგად გეცოდინებათ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ბატონი ირაკლი გამოთქვამს ეჭვს დავით ხონელიძის როლზე, მის მიმართ შეკვეთილ სისხლის სამართლის საქმეზე . ყველა დაინტერესებულ პირს გვსურს ვიცოდეთ მათ შესახებ.

-რა თქმა უნდა, მე ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და ვეცდები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, მოკლედ და გასაგებად მოგითხროთ თქვენთვის საინტერესო ფაქტებზე, თუ რამდენად ლოგიკური და საფუძვლიანია ირაკლის მიერ გამოთქმული ეჭვი, დასკვნის გაკეთება საზოგადოებისთვის მომინდვია. უფრო საინტერესო დეტალებს ამ საქმზე შემდგომში გაგაცნობთ!

მოამზადა მაია ცომაიამ

Comments

comments

Related posts