Home » ბლოგი » ის ახალგაზრდები, დრო რომ მოვა და არჩევანს მათზე შეაჩერებ, მერე კი არ ინანებ…

ის ახალგაზრდები, დრო რომ მოვა და არჩევანს მათზე შეაჩერებ, მერე კი არ ინანებ…

ქეთი მიქაძე

ბლოგი

რატომ გადავწყვიტე  თქვენთან საუბარი:

მოკლედ, დღეს სიუჟეტის კეთების დროს  ადამიანთა ჯგუფს რომ ვესაუბრებოდი, არაერთხელ გავიგე მათ მიერ სინანულით ნათქვამი ფრაზა – ახალგაზრდები აღარ აქტიურობენ, არც ქალაქი უყვართ და არც უბანი, გაქცევაზე უჭირავთ თვალი-ო. მათ რომ ვუსმენდი, პირველი, ვინც გამახსენდა, გიორგი ქაჯაია იყო, ხანდახან დღეში რამდენიმე ლაივს რომ დებს ფეისბუქზე თავისი უბნიდან, ხან პრობლემას ასაჯაროვებს და ხან უკვე მოგვარებული საქმის ამსახველ კადრებს გვაჩვენებს. ასე რომ ვერ დავეთანხმე იმ ადამიანებს და ვუთხარი, საქმის მკეთებელი და ქალაქზე შეყვარებული არაერთი ახალგაზრდაა ჩვენს ქვეყანაშითქო…

მერე გზაში ყური მოვკარი ორი ქალბატონი რომ საუბრობდა-დღეს ჩვენს ახალგაზრდებს პატარა წინააღმდეგობა შეხვდებათ და მაშინვე ანებებენ საქმეს თავსო. რატომღაც აქაც გიორგის ნათქვამი გამახსენდა – „ყურები არ ჩამოვყარე, ბოლომდე მივყევი საკითხს და პრობლემაც მოგვარდა“-ო, თუმცა ასეთ ბოლომდე საქმის მიმყვან და რქებით გამტან ახალგაზრდას ბევრს ვიცნობ და მართლა გამიხარდა, იმ ქალებს თუნდაც გულში რომ არ დავეთანხმე…

მერე სანამ სახლში მივიდოდი, სკვერი გადავჭერი და თქვენ წარმოიდგინეთ, აქაც გიორგი და მისი ლაივები გამახსენდა, ისიც კი გავიფიქრე, კარგი იქნება ჩვენს უბანში „გადმოცხოვრდეს“, იქნებ წლების დაგროვილი პრობლემები მოაგვარებინოს რაიონის მთავრობას-თქო. მერე გამიხარდა, რა გამიხარდა? აი ის, მე რომ წლებია ვერც მაჟორიტარები გავაღვიძე და ვერც გამგებლები, ახლა კი უცებ ვიღაც აღმოვაჩინე, რომელმაც თუ თავის უბანში შეძლო, სხვა უბანშიც და ქალაქშიც შეძლებს…

ისე, ცოდვა გამხელილი ჯობია და პირველად გიორგი პოპულისტი და მხოლოდ წინასაარჩევნოდ „დაქოქილი“ მეგონა მეც, ისევე როგორც სხვებს, მაგრამ არჩევნები დასრულდა, გიორგი დიდუბის რაიონის მაჟორიტარი ვერ გახდა, მაგრამ დაწყებულ საქმეს პირნათლად ასრულებს. მისი ტოლებიც აიყოლია, სადაც შეუძლიათ თავიანთი ძალებით აგვარებენ პრობლემებს, ხან მთავრობას აწუხებენ და ადგილობრივ გამგეობა-საკრებულოს ხომ ნამდვილად სისხლს უშრობენ“, მერე შედეგით ბედნიერი პატარა ბავშვივით ხარობს, არც მადლობის თქმა ავიწყდება, რაც ჩვენს დროში სამწუხაროდ იშვიათობაა.

და ყველაზე მეტად რისი თქმა მინდა იცით? მიხარია, რომ გიორგისნაირი ახალგაზრდები მოდიან, აი სწორედ ისეთები ქვეყანაზე, ქალაქზე, უბანზე შეყვარებულები, წასვლა რომ არ უნდათ არსად და სურთ უკეთეს სამშობლოში იცხოვრონ. აი, ის ახალგაზრდები, დრო რომ მოვა და არჩევანს მათზე შეაჩერებ, მერე კი არ ინანებ.

და ბოლოს – ვინც ახლა მისმენთ, იქნებ თქვენც იცნობთ ასეთ ახალგაზრდებს, მოგვწერეთ მათზე და გაგვაცანით, ჩვენ კი ყველას მოვიყვებით მათ შესახებ და…

….თუმცა „და“ შემდეგ, როცა ასეთ ახალგაზრდებს გაგვაცნობთ…

P.S. ვწერდი და ვიხსენებდი როდის და როგორ გავიცანი გიორგი, უცბად გამახსენდა-ეს ის გიორგია, ვინც პირველად ლიანდაგებზე ასფალტის გადაგების ამბავი გვამცნო….და მას მერე არაერთი გაშუქებული და მოგვარებული პრობლემით დაგვამახსოვრა თავი…

Facebook Comments
x

Check Also

“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან”

საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ...