Home » მთავარი » მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ დღეს მუშაობა დაასრულა

მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ დღეს მუშაობა დაასრულა

მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიამ დღეს მუშაობა დაასრულა. სესიის დახურვამდე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამმეორე მოსმენით წარმოადგინა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილება ითვალისწინებს ტერმინების – ინდივიდუალური მუშაობა“, „ვაუჩერი“, „ინკლუზიური განათლება“, „მასწავლებელი“, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე“, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი“, „პანსიონური მომსახურება და პედაგოგიური საქმიანობა ახლებურ განმარტებას.

კანონპროექტით, ასევე, რეგულირდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სმენის და მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების გამოიყენებასთან და ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს.

მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ მუხლობრივი განხილვისას განაცხადა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში გათვალისწინებული და ასახულია პირველი მოსმენის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხების პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმას დაუჭირეს მხარი. შესვენების შემდეგ, პარლამენტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გააგრძელა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილისა და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა.

დღესვე, მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძის განმარტებით, წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახულია მეორე განხილვის შემდეგ გამოთქმული შენიშვნები.

ირმა ქავთარაძემ ასევე, წარმოადგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ კონვენციასთან საქართველოს მიერთების თაობაზე და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილების კანონპროექტი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ, რომელიც არეგულირებს საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

დეპუტატებმა იმსჯელეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით განხორციელდა.

განხილულ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უახლოეს მომავალში, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, სადაც განხილვის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხი იქნება.

პარლამენტში არის შემოსული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონთა პაკეტი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია. ჩვენ, აუცილებლად, რიგგარეშე სესიის ფარგლებში შევიკრიბებით, მაღალი ალბათობით, შემდეგ კვირას და განვიხილავთ მთავრობის რეორგანიზაციის საკითხებს. ზაფხულში რიგგარეშე სესია კიდევ გვექნება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საგაზაფხულო სესიის დასრულების ნიშნად, პლენარულ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...