Home » მთავარი » ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებს და განსაკუთრებით მათ მშობლებს – წარმატებები, ახალგაზრდებო!

ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტებს და განსაკუთრებით მათ მშობლებს – წარმატებები, ახალგაზრდებო!

მისაღები გამოცდები ყოველთვის დიდ ხმაურს და ყურადღებას იწვევს, რასაც თან ახლავს ნერვიულობა, დაძაბულობა, წელს კი განსაკუთრებული ცხელი დღეების, გამოცდების განრიგის მოულოდნელად შეცვლის  გამო დაძაბული ფონი კიდევ უფრო გაზრდილია.

როგორ ავიყვანოთ თავი ხელში და რა რჩევა ექნება ფსიქოლოგს როგორც აბიტურიენტებისადმი, ასევე მათი მშობლებისადმი.

ჩვენ ფსიქოლოგ ლელა სტურუას დავუკავშირდით.

-გამოცდები თითქმის ყოველთვის გარკვეულ მღელვარებასთან და სტრესთან ასოცირდება. წელს კი აბიტურიენტებისთვის შექმნილი ვითარება დამატებით სტრესულ ფაქტორებს შეიცავს, რადგან ეროვნული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციამ მოულოდნელი ცვლილებები დააანონსა და გამოცდების გრაფიკიც შეცვალა. ესკი, როგორც აბიტურიენტების, ასევე მათი ახლობლების მხრიდან სამართლიანი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა.

ახლა მინდა რამდენიმე რეკომენდაცია მივცე აბიტურიენტებს და მათ მშობლებს, რათა მშვიდად და მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ ამ საგამოცდო ე.წ. “ციებ-ცხელებასთან “გამკლავება.

გაიხსენეთ ნებისმიერი წარმატება, რაც ცხოვრებაში გქონიათ. არ არის აუცილებელი ეს საგამოცდო ან სასწავლო თემას ეხებოდეს. მაგალითად თუ თვლით რომ ბავშვობაში ძლიან კარგად თამაშობდით ” დამალობანას” და საკმაოდ წარმატებით ართმევდით თავს ან საბავშვო ბაღში ზეიმზე ძალიან კარგად თქვით ლექსი, ან ოლიმპიადაში რომელიმე საპრიზო ადგილი აიღეთ, რასაც წარმატებად მიიჩნევთ და ა.შ. შეაგროვეთ ასეთი ფაქტები რაც შეიძლება მეტი. სასურველია 5-7 ფაქტზე ნაკლები არ იყოს. შემდეგ კი წარმოიდგინეთ თქვენს წინ დიდი ეკრანი და უბრალოდ “ნახეთ” წარმოსახვითი ფილმი თქვენს წარმატებაზე. ნახეთ ეს ფილმი ფერადად, მკვეთრად და ამ 5-7 რეალურ წარმატებას,რომელიც წარსულში გქონდათ “მიაბით” მომავალი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების წარმოდგენაც. გააკეთეთ ეს სავარჯიშო 2-3 წუთის განმავლობაში ყოველდღე.

ხშირად გაიმეორეთ გამოცდის წინა დღეებში ფრაზები : “მე მაქვს უნარი წარმატებით ჩავაბარო გამოცდა” ან “მე შემიძლია გამოცდაზე წარმატების მიღწევა” და ა.შ. ასეთ ფრაზებს აფირმაციები ეწოდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტვინის შესაბამისი “პროგრამების” გააქტიურებას იწვევს. აფირმაციები შესაბამის ვიზუალურ წარმოდგენებს აწვდის ჩვენს ტვინს და მომავლის პოზიტიურ აღქმას უწყობს ხელს.

მშობლებს კი მინდა ვურჩიო, ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილებს იმაზე, რა გახდება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც ისინი გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ. რა დადებითი და მათთვის სასიამოვნო შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს_ ეს დაეხმარება თქვენს შვილს მოტივაციის ამაღლებაში.

წარმატებას გისურვებთ!

Facebook Comments
x

Check Also

“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე -“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, ...