Home » ინტერვიუ » “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია”-რატომ დაარსდა და რა მიზანი აქვს ახალ არასამთავრობოს

“რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია”-რატომ დაარსდა და რა მიზანი აქვს ახალ არასამთავრობოს

რამდენიმე დღის წინ დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია – “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია”. ჩვენ ასოციაციის ერთ-ერთ დამაარსებელს, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს დავუკავშირდით.

-რამდენიმე დღის წინ, თქვენ დააფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია – “რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია”. რა პროფილი და დანიშნულება ექნება თქვენს საქმიანობას?

-უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” დაარსების იდეა თეოლოგთა ვიწრო წრეში, კერძოდ კი ჩემ სამეგობროში წარმოიშვა. რამდენიმე ახლობელმა ადამიანმა, რომელთაც ერთმანეთისადმი ნდობის, ქრისტესმიერი სიყვარულისა და პატივისცემის მაღალი ხარისხი გაგვაჩნია, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა კომპაქტური ჯგუფი, რომელიც ღია დისკუსიას, ანალიზს, ობიექტურობას, კვალიფიციურ, არგუმენტირებულ და კომპეტენტურ კრიტიკას შესთავაზებდა საზოგადოებას. შესაბამისად, სამოღვაწეო მიზნები და ამოცანები სავსებით წრფელი, პრობლემათა პრევენციაზე ორიენტირებული, თანამედროვე გამოწვევებისადმი ადექვატური და პოლიტიკურად არაანგაჟირებული გვაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია გარე მდგენელი, კონიუქტურული დამკვეთი, ან დირექტივების მომცემი ზემდგომი და გამბედაობასაც სწორედ თავისუფლების ამგვარი გააზრება გვძენს. ჩვენს ორგანიზაციას აინტერესებს ყველა რელიგიის, კონფესიისა თუ დენომინაციის საქმიანობა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, თუმცა ძირითადი აქცენტი კონცენტრირებული იქნება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის მოწოდებასა და მისიაზე სამყაროში თუ ლოკალურად ჩვენს ქვეყანაში. მალე ოფიციალურად დავრეგისტრირდებით, გვექნება დებულება, ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანის კონცეფცია, შინა განაწესი, საიტი, ლოგო და ოფისი. აქვე დავძენ, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასული თეოლოგი (მაგისტრანტი) ზვიად ცაბაძე თავმჯდომარედ ავირჩიეთ, ხოლო მე აღმასრულებელი მდივანი ვიქნები.

-აპირებთ თუ არა თანამშრომლობას საქართველოს საპატრიარქოსთან?

-ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა ამ ფორმაციის ადმინისტრაციასთან, სისტემის მენეჯმენტთან და რეჟიმის შემქმნელ ცალკეულ პირებთან, რომელთაც დესტრუქციული და ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვთ განსხვავებული აზრის მიმართ, ალბათ ძალზე გაჭირდება კომუნიკაცია. ასეთ ვითარებაში ჩვენი მიზანი იქნება კანონიკური სამართლისა და წმიდა წერილის შუქზე მრევლამდე და თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ ჭეშმარიტი, არაიდეოლოგიზირებული და არატენდენციური სიმართლე, რასაც აკადემიური გზითა და მედია სივრცეში აქტიური მეცადინეობით ვაპირებთ.

-იქნებიან თუ არა სასულიერო პირები თქვენს ორგანიზაციაში?

-არა, რადგან შექმნილი ცენზურა და თითოეულ მათგანზე არსებული ზემდგომთა უფლებები გარკვეულ უხერხულობასა და შეზღუდვას გამოიწვევს, რაც საქმეს დადებითად არ წაადგება და დაგვაზიანებს. ჩვენ პატივს ვცემთ სასულიერო პირებს, მათთან ვამბობთ აღსარებას და მათი ხელიდან ვიღებთ ზიარებას, გვიყვარს და გვეიმედება ბევრი მათგანი, გვაქვს კონტაქტები და პერიოდულად არ გამოვრიცხავთ ურთიერთკონსულტაციებსაც საჯარო თუ კონფიდენციალურ სივრცეში, თუმცა დეკლარირებულად სამსახურეობრივ თანამშრომლობას ამ ეტაპზე მათთან არ ვაპირებთ, მეტადრე ორივე მხარის უსაფრთხოებიდან და ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე.

-და ბოლოს, რა არის თქვენი უმთავრესი პრიორიტეტი?

-უმთავრესი და უძირითადესი ფუნდამენტი არის განათლება და ზნეობა, რაც დამყარებული უნდა იყოს სახარებისეულ ჰუმანიზმზე, კეთილშობილებაზე, სამართლიანობასა და კანონიერებაზე და არა მორალიზმზე, ფანატიზმსა თუ ცრუ რიგორიზმე სადაც საღვთო სიყვარულის ნაცვლად მხოლოდ უბირი სიხისტეა ხოლმე. ჩვენი მიზანია ჩვენივე სპეციალობის ფარგლებში ვაწარმოოთ ერთგვარი მონიტორინგი ეკლესიოლოგიურ თუ დოგმატურ სფეროში, დასაბუთებულად ვამხილოთ რამდენიმე მეტად აგრესიული ერესი, რომელიც გაბატონებულია ჩვენში, მაგალითად: ეთნოფილეტიზმი, ანიმიზმი, გნოსეომაქია, ნესტორიანიზმი და სხვა პროფანაციები. აგრეთვე ვერ შევეგუებით ათეიზმამდე დასულ ულტრასეკულარიზმსა და ნეოლიბერალურ ტრენდს. ყოველთვის ვეცდებით, რომ ოქროს შუალედი და სამეუფეო გზა დავიცვათ, რადგან მიგვაჩნია რომ რადიკალიზმი დამღუპველია საზოგადოებრივი განვითარებისათვის.

 

x

Check Also

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ...