Home » ინტერვიუ » თბილისს ახალი საბავშვო ინგლისური თეატრი „პოზიტიური სახლი“ შეემატა

თბილისს ახალი საბავშვო ინგლისური თეატრი „პოზიტიური სახლი“ შეემატა

თბილისს ახალი საბავშვო თეატრი „პოზიტიური სახლი“ შეემატა. სულ რამდენიმე ხნის წინ პატარა მსახიობებმა „ვერის უბნის მელოდიები“ ინგლისურ ენაზე ითამაშეს. საზოგადოების აღფრთოვანება დიდი იყო. ქართველი ბავშვები უაქცენტოდ ლაპარაკობენ და მღერიან ინგლისურ ენაზე.

ჩვენ თეატრის ხელმძღვანელს, თამუნა სვიანაძეს დავუკავშირდით.

-თამუნა, ვნახე თქვენი თეატრის “პოზიტიური სახლის” სპექტაკლი “ვერის უბნის მელოდიები” ინგლისურ ენაზე და ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი.

  • როგორ დაიბადა „პოზიტიური სახლის“ შექმნის იდეა?
  • გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბავშვებთან, სტუდენტებთან და ინგლისურ ენასთან არის დაკავშირებული, ყოველთვის მქონდა გარკვეული იდეები მათთვის უცხო ენის ხალისიანად, ადვილად და შედეგიანადსწავლებასთან დაკავშირებით. ინგლისური საბავშვო თეატრის იდეა კი ზამთრის ცივ დღეებში გაჩნდა რომლის განხორციელებაც 2017 წლის სექტემბერში შევძელი.
  • ე.ი. ეს არის საბავშვო თეატრი და მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ და შემოგიერთდნენ?
  • დიახ, ეს არის ინგლისური თეატრი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ მოახდინონ თეატრალური ნიჭის რეალიზება განსხვავებულად პოზიტიურ გარემოში, საფუძვლიანად ისწავლონ ინგლისური ენა და ამასთანავე შეისწავლონ მუსიკა და ქორეოგრაფიაც.
  • რა არის ამ თეატრის მიზანი?
  • პოზიტიური სახლი“-ს მიზანია ცნობილი ქართული ფილმების, მულტფილმების, ნაწარმოებების და მიუზიკლების ინგლისურად გასცენარება, შემდგომში კი ქართველი და საერთაშორისო დონის მაყურებლის წინაშე წარდგენა, რითაც სურვილი მაქვს მსოფლიომ გაიცნოს ქართული თეატრალური და კინოს სამყაროს ჯადოსნური მარგალიტები. ამასთანავე, „პოზიტიური სახლის“ უპირველესი მიზანია ჩვენს შვილებს ბავშვობიდან შევაყვაროთ თეატრალური სამყარო, გავაცნოთ ქართული ნაწარმოებები და ჩამოვუყალიბოთ დახვეწილი მუსიკალური და თეატრალური გემოვნება, რათქმაუნდა ეს ყველაფერი ინგლისურ ენასთან განუწყვეტელ კავშირში. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩვენმა პატარებმა ნაკლები ან საერთოდ არ იციან ქართული კინოს, მუსიკის, მულტფილმის და თეატრის შესახებ. ჩვენთან კი ამ ყველაფრის პოპულარიზაცია და შეყვარება უნებურად ხდება მათში, რასაც ემატება ინგლისური ენის ყოველგვარი დაძალების და ძალისხმევის გარეშე სწავლაც.
  • ინგლისური ენის პოპულარიზაცია და ქართული ნაწარმოებების შერწყმა საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. შემდეგი სპექტაკლიც ინგლისურენოვანი იქნება?
  • რათქმაუნდა ინგლისურ ენაზე იქნება, თუმცა მანამდე მინდა მოგახსენოთ ჩვენი პირველი სპექტაკლ-მიუზიკლის შესახებ – ვაჟა-ფშაველას – „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიდგა და მიუზიკლის ყველა ცნობილი სიმღერაც ინგლისურად იქნა ნათარგმნი, რათქმაუნდა ჩვენს ამ შრომას და მუშაობას დიდი გამოხმაურება მოყვა და ამავე სპექტაკლით უკვე საერთაშორისო ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა, სადაც საზღვარგარეთის საგზური და ლაურეატის წოდებაც მოვიპოვეთ. ეს უდიდესი სტიმული იყო ჩვენი ახლად ფეხადგმული თეატრისა და თითოეული პატარა მსახიობისთვის. რაც შეეხება „პოზიტიური სახლი“ სეზონის დახურვას, ეს იყო მართლაც გრანდიოზული, რადგან ჩვენ წარვადგინეთ უკვდავი მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ინგლისურ ენაზე და ეს მართლაც დაუვიწყარი და მთელი ცხოვრების მოგონებად დარჩება ყოველი პოზიტიველის ცხოვრებაში.
  • თუ ბავშვმა არიცის ინგლისური და უნდა თქვენთან სიარული?
  • გეტყვით, რომ ინგლისური ენის არცოდნა ჩვენთვის ბარიერს არ წარმოადგენს, ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა თუნდაც ნულიდან დაიწყონ ენის შესწავლა და საფუძვლიანი ინგლისური ენის გაკვეთილებთან თანხვედრაში სპექტაკლზე რეპეტიების დროს მუდმივი შეხება ქონდეთ ენასთან. ასეთ სწავლებას მივყავართ საოცარ შედეგებამდე, ბავშვებისათვის ერთდროს უცხო ენა, ხდება ძალიან ნაცნობი და ახლო, მათთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს საუბარი ამ ენაზე და თუნდაც სასკოლო მასალის დაძლევა ხდება უმარტივესი.
  • ტერიტორიულად სად ფუნქციონირებთ?
  • ტერიტორიულად საბურთალოზე ვართ, ყაზბეგის 44-ში, ქავთარაძის ქუჩის დასაწყისთან.
  • ჯერ ახალი დაარსებულია თეატრი, მაგრამ როგორც ვიცი უკვე გეგმავთ ფესტივალებში მონაწილეობასაც?
  • როგორც უკვე მოგახსენეთ, „პოზიტიურმა სახლმა“ უკვე მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში „IFFSAT“ სპექტაკლით -„ჩხიკვთა ქორწილი“, სადაც ლაურეატის წოდება და საერთაშორისო საგზური მოვიპოვეთ, თუმცა ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო და მომავალშიც აუცილებლად ვაპირებთ კიდევ მრავალ ფესტივალსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობას.
  • როგორია თქვენი უახლოესი და სამომავლო გეგმები?
  • უახლოეს მომავალში ანუ სექტემბრიდან უკვე დაგვემატება მოზარდების ჯგუფები, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში მოთხოვნა ძალიან დიდია და პატარების ჯგუფებთან ერთად უკვე 14-15 წლამდე ასაკის მოზარდების ჯგუფებიც გვეყოლება. ინგლისურ ენასთან ერთად კი შესაძებელი იქნება რუსული ენის შესწავლაც. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რათქმაუნდა ყველა თეატრალური და მუსიკალური სტუდიის ოცნებაა საკუთარი შენობის ქონა და ყველაზე საუკეთესო ვარიანტში საკუთარი დარბაზის არსებობა. ეს რათქმაუნდა შორეული გეგმებია, თუმცა მიუღწეველი არაფერია.
  • ვინ არიან ადამიანები რომლებიც გვერდით გიდგანან ამ მართლაც კარგ საქმეში?
  • არ დავიღლები ამ ადამიანებზე საუბრით. პირველ რიგში რათქმაუნდა არშემიძლია არ ვახსენო ბატონი გოგი დოლიძე, ვინც პირველივე დღეებიდან ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი და მხარდამჭერია, მისგან ვიღებთ საუკეთესო რჩევებს და წინადადებებს, ეს ადამიანი ჩვენი თეატრისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ იმ ყველაფრისთვის რაც „პოზიტიური სახლისთვის“ გააკეთა.

ასევე ჩვენი მხარდამჭერნი არიან „პოზიტიური სახლის“ პატარა მსახიობების მშობლები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და გვერდში მიდგანან ყველა წამოწყებისას. მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით და სითბოთი მოვიხსენიო ჩვენი თეატრის რეჟისორი – ქალბატონი ნანა ხურით, ვინც უდიდეს როლს თამაშობს თეატრის ცხოვრებაში. მისი დამსახურებაა ბავშვების მსახიობური კუთხით გახსნა და იმ უნარების ჩამოყალიბება რაც აუცილებელია პატარა მსახიობებისთვის. ნანასთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა, როგორც ჩემთვის ასევე განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათ უყვართ თეატრი, უყვართ სპექტაკლებზე მუშაობა და განსაკუთრებით კი უყვართ თვითონ ნანა.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს თეატრს მუსიკასთან დიდი კავშირი აქვს, არშემიძლია არ გითხრათ ჩვენი მუსიკის პედაგოგის ელენე მელქაძის შესახებ, ვისი დამსახურებაცაა ჩვენი სპექტაკლების საოცარი მუსიკალური გაფორმება და ბავშვების ამ მხრივ დახვეწა. ამაყად ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი სპექტაკლი სრულიად ცოცხალი შესრულებითაა და მუდამ ასე გაგრძელდება. ამ ყველაფერს კი მოგეხსენებათ უდიდესი შრომა და მუშაობა ჭირდება. მადლობა ელენეს ამ ყველაფრისთვის.

  • უცხო ენაზე ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ შრომატევადია, როგორია პატარა მსახიობებთან მუშაობის პროცესი?
  • მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან და სტუდენტებთან დიდი ხანია ვმუშაობ უცხო ენის სწავლების კუთხით, განსაკუთრებით სასიამოვნოა პატარა მსახიობებთან მუშაობა, საინტერესოა ენის მხრივ მათთან ურთიერთობა. ძალიან მოკლე დროის მანძილზე, მათი ძალისხმევის გარეშე ხდება გამოთქმების დახვეწა, სიტყვების ზუსტი მახვილებით და სწორი ინტონაციით წარმოთქმა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენის სწავლების პროცესში, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ბავშვებს უყალიბდებათ ინგლისური ენის სწორად გამოთქმის კულტურა, უყვარდებათ ენა, როგორც სალაპარაკო ასევე გრამატიკული. უგროვდებათ ზღვა სიტყვის მარაგი, რასაც თავისუფლად იყენებენ სალაპარაკო პრაქტიკაში. ეს რათქმაუნდა დროსთანაცაა დაკავშრებული, თუმცა შედეგი ნამდვილად გასაოცარია.

  • „პოზიტიური სახლი“ – საიდან წამოვიდა სახელი?
  • ზაფხულის პერიოდში, როცა უკვე კარგად მომწიფებული იყო თეატრის გახსნის იდეა, სახელთან დაკავშირებით მცირე კონკურსი გამოვაცხადე ჩემი შვილის სამეგობრო წრეში. წამოვიდა ათასი სახელის იდეა, სხვათაშორის ძალიან საინტერესო სახელები გაჟღერდა, თუმცა ერთ დილით გავიღვიძე თუარა, თავში „პოზიტიური სახლი“ ამოტივტივდა და მაშინვე შევწყვიტე სხვა რამეზე ფიქრი. ასე დაერქვა ინგლისურ საბავშვო თეატრს ეს სახელი, რომელიც ორივე ენაზე მართლაც პოზიტიურ განწყობას უქმნის ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

სვანეთში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ...