Home » მთავარი » პანკისში რაგბი ბრუნდება

პანკისში რაგბი ბრუნდება

ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ პანკისის ხეობაში რაგბის ბურთი ჩაიტანეს და ადგილობრივები ამ შესანიშნავ თამაშს აზიარეს.

პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. ახლა სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.

სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახმეტის რაიონს გუშინ ეწვია და ადგილობრივებს რაგბის ბურთები, ფორმები და ინვენტარი ჩაუტანა. მასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობის სოფლებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე რაგბის კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას გულისხმობს. სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა.

ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება.

ახმეტელ და პანკისელ ბავშვებთან კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი იმუშავებს.

საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის. რაგბში ჩართული ბავშვთა რაოდენობის ზრდა, მწვრთნელების დეფიციტს გამოიწვევს, თუმცა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე საკითხს იმედიანად უყურებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში 17 სოფელია. რაგბის ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება, ყველა სოფლის ბავშვი ერთად ივარჯიშებს.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...