You are here
დღეს  პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო  პროგრამას განიხილავს მთავარი პოლიტიკა 

დღეს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას განიხილავს

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ხვალ, 14 ივლისს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს.

„გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. საუბარი, ასევე, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის საკითხს შეეხო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი მთავარი პროკურორობის კანდიდატის პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში მოსმენას არ ითვალისწინებს. თუმცა, მისივე შეფასებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უმჯობესია, მოსმენა გაიმართოს იმავე ფორმატში, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის გამწესების საკითხის განხილვისას იქნა გამოყენებული.

„რეგლამენტი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრას, თუმცა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური მხარე, ერთია სამართლებრივი მხარე და მეორე – პოლიტიკური მხარე და ვფიქრობ, რომ, პირადად ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, რომელიც არის დაკავშირებული ამ განხილვასთან, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, გამოვიყენოთ იგივე ფორმატი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ წინა შემთხვევაში, როდესაც განიხილებოდა ბატონი ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე გამწესების საკითხი. ეს არის ჩემი შემოთავაზება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის თარიღთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები გაიმართა.

„რაც შეეხება თარიღებს, ამაზე გვქონდა ჩვენ გუნდში კონსულტაციები და ვართ შეჯერებული იმაზე, რომ კვირას ჩატარდეს პირველი ნაწილი პროცედურის – ეს არის საკომიტეტო განხილვა და პოლიტიკური ჯგუფები და ორშაბათს უკვე პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო გვაქვს ყველას, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ასეთ გადაწყვეტას. რაც შეეხება ფორმატს – გავიაროთ კომიტეტები, პოლიტიკური ჯგუფები და გავაკეთოთ ეს ყველაფერი კვირა დღეს და ორშაბათს, უკვე პლენარულ სხდომაზე, განვიხილოთ საბოლოოდ ეს საკითხი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსხვავებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია, პარლამენტის ბიუროს სხდომაც გაიმართოს.

„ჩვენ თუ შევჯერდებით განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე, შეგვიძლია, ამას დავუთმოთ სპეციალური ბიუროს სხდომა. შეგვიძლია, გავიაროთ დამატებითი კონსულტაციები და თუ შევჯერდებით განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე, ამისთვის შეგვიძლია, საგანგებოდ ბიუროს სხდომა ჩავატაროთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა ხვალ, 14 ივლისს, 12 საათზე დაიწყებს მუშაობას.​

Comments

comments

Related posts