Home » მთავარი » სიკვდილის სარეცელზე მოითხოვა ქართული მიწა… – ქაქუცა! (სპექტაკლი)

სიკვდილის სარეცელზე მოითხოვა ქართული მიწა… – ქაქუცა! (სპექტაკლი)

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ჩოლოყაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები საქართველოს ისტორიაში გამოირჩეოდნენ სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულითა და გმირული თავდადებით. ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი XVII საუკუნის ეროვნული გმირის, 1659 წლის ანტიირანული ამბოხების სულისჩამდგმელის, ბიძინა ჩოლოყაშვილის პირდაპირი ჩამომავალი იყო.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში.

სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალ. სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები მისი შვილისათვის გადაეცა. ქაიხოსროს სურვილი იყო მისი ცხედარი დაეწვათ, რათა მისი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.

მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს.

2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს.

ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15 საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო ( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.

სპექტაკლი

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...