Home » მთავარი » “ეს ნორმალური განათლების სისტემაა?”

“ეს ნორმალური განათლების სისტემაა?”

გია მურღულია

პედაგოგი

დღეს კლასიკურ გიმნაზიაში შეხვედრაზე ვსაუბრობდით ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე – ქართული განათლების სისტემა მოსწავლეებს ართმევს ბავშვობას! მოდით, მარტივი რამ ვიანგარიშოთ: მოსწავლე სკოლაში მიდის და 9 საათზე იწყება სასწავლო პროცესი. 3-ზე ან 4-ის ნახევარზე ის ასრულებს მეცადინეობას და ტოვებს სკოლას (კერძო სკოლებში – 5 საათამდეც რჩებიან). იმ დავალებათა შესრულება, რომლებსაც მოწაფეები სკოლაში იღებენ, სრულიად გარკვეულ დროს მოითხოვს – დაახლოებით 3,5 – 4 საათს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე მეცადინეობას დაასრულებს (პირდაპირ სახლში მისვლისას რომ დაიწყოს) 7-8 საათზე. ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ მას ვთხოვთ: იაროს 1-2 სპორტულ თუ შემოქმედებით წრეზე (როდის?!?), შეიყვაროს მხატვრული ლიტერატურა და წაიკითხოს ბევრი კარგი წიგნი (როდის?!?), მალევე და სრულფასოვნად შეისწავლოს უცხო ენა თუ ენები და ა.შ.

კითხვა ასეთია: ეს ნორმალური განათლების სისტემაა?

როდის უნდა წავიდეს ბავშვი კინოში?
როდის უნდა იურთიერთოს მეგობრებთან?
როდის უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად?
როდის უნდა ითამაშოს?
როდის უნდა ჭამოს და როდის უნდა დაიძინოს?

ყველა სასკოლო საგნის სპეციალისტი აღიარებს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სტანდარტები, პროგრამები და სახელმძღვანელოები გადატვირთულია.

ვინმემ დათვალა, რა დრო სჭირდება მასწავლებელს, რომ სავალდებულოდ ქცეული აურაცხელი მასალა ასწავლოს (სწორედ ამიტომ ითხოვენ პედაგოგები დამატებით საათებს, რადგან ვერ ასწრებენ ამ მასალის სათანადო ხარისხით გავლას)?

იქნებ ეს პრინციპულად შეუძლებელია – ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?

იქნებ სწორედ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმისა, რომ ბავშვები სასწავლო პროცესს ზურგს აქცევენ და როგორც მათი, ისე მასწავლებლების მოტივაცია სასურველზე ბევრად დაბალია?!

იქნებ ეს იმის მიზეზიც არის, რომ სახელმწიფოს ნაკლებად აინტერესებს, როგორ აღწევენ (ან – აღწევენ თუ არა საერთოდ!) სკოლები ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და რამდენად აკმაყოფილებენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს? არც ე.წ. “კატ”-ის და არც ერთიანი ეროვნული გამოცდები სასკოლო პრაქტიკის უმთავრეს გამოწვევებს ახლოსაც არ ეკარებიან.

თუ მასწავლებელი სათანადოდ სწავლებას ვერ ასწრებს და მოსწავლე კი – სათანადოდ სწავლას, განა ეს სისტემა გადასახედი არ არის?!

რა ეშველება ამ საქმეს?

ვფიქრობ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავხედოთ “ზოგადი განათლების” ცნებას და კარგად გავერკვეთ – კერძოდ, რას ვგულისხმობთ ამაში. ეჭვი მაქვს, რომ არცთუ იშვიათად სკოლაში უმაღლესი განათლებისთვის დამახასიათებელი მიზნები და ამოცანები შემოგვაქვს, რაც აბსურდია.

მეორე: უნდა შევთანხმდეთ, რომ სკოლაში ბავშვს ყველაფერს ვერ ვასწავლით – ეს არც ვინმეს შეუძლია დედამიწის ზურგზე (კომპეტენცია არ ეყოფა) და არც არის საჭირო. მოსწავლემ უნდა ისწავლოს უმთავრესი საკითხები (უნდა განვსაზღვროთ, ეს რა არის და რა მოცულობის), შეითვისოს მთავარი ღირებულებები და შეიძინოს, ასევე, მთავარი უნარები. მან უნდა ისწავლოს სწავლა (ცოდნის მოძიება, გაანალიზება, შეფასება და გამოყენება). ეს საკმარისად რთული ამოცანაა საიმისოდ, რომ მას კიდევ რაღაც (და – ბევრი!) დავამატოთ.

ამ პრინციპებზე დაფუძნებით უნდა გავამარტივოთ და შევამციროთ სასწავლო სტანდარტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები და საათობრივი ბადე. გამარტივება არ ნიშნავს გაპრიმიტიულებას , ამიტომ ასეთი უადგილო შენიშვნა (რომელსაც ხანდახან ვისმენ): “ბავშვები ისედაც არაფერს სწავლობენ და თქვენ გინდათ, საერთოდ გაათავისუფლოთ სწავლის ვალდებულებისაგან?”- სრულიად ზედმეტია.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ისე გავამარტივოთ სასწავლო პროცესი, რომ განათლების ხარისხი არ დავაზიანოთ და მეტიც – ავამაღლოთ.

საქმე საათების რაოდენობაში კი არა, კარგად გააზრებულ სასწავლო პროცესსა და პედაგოგებისა თუ სკოლის ადმინისტრატორთა კომპეტენციასა პროფესიონალიზმშია.

სასკოლო განათლების სისტემის ნამდვილი რეფორმა სწორედ ეს იქნება.

კარგად მესმის, რომ ამ საკითხს ბევრი სხვა ნიუანსიც აქვს და მათზე მსჯელობა კვლავაც მოგვიწევს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმწვავესი პრობლემა დავინახოთ, ვაღიაროთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ზოგიერთი (იქნებ – ბევრიც) იტყვის: თუ ამ გზას დავადგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ – საათების შემცირების კვალობაზე – მასწავლებელთა რაოდენობაც შესამცირებელი გვეყოლებაო. დიახ, ეს ასეა. თუმცა, ერთი რამ უპირობოდ მწამს – არაფერია იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდრე ის, რომ ბავშვი იყოს ბედნიერი.

მთავარი მიზანი ბავშვის (ზოგადად – ადამიანის) ბედნიერებაა!

დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.

როგორც დასაწყისშივე ვთქვი, დღეს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით) გავხსენით დისკუსია ამ თემაზე. ეს მნიშვნელოვანი დიალოგი იყო და ძალიან მწვავე პრობლემის უმთავრესი ასპექტები გამოიკვეთა.

მასზე საუბარს ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.

ჩვენი მოსწავლეები და საქართველოს მომავალი იმსახურებენ იმას, რომ განათლების სისტემა უფროსებმა უფრო გონივრულად გავიაზროთ და მოვაწყოთ.

მივცეთ ჩვენს შვილებს ახალი სივრცე თავისუფალი განვითარებისთვის!

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...