Home » თქვენი სათქმელი » “ფრთხილად! აჭარაში ხდება ის, რაც ხდებოდა აფხაზეთში 80-იანი წლების ბოლოს…”

“ფრთხილად! აჭარაში ხდება ის, რაც ხდებოდა აფხაზეთში 80-იანი წლების ბოლოს…”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

აჭარაში ხდება ის, რაც ხდებოდა აფხაზეთში 80-იანი წლების ბოლოს – გარედან მართულ პროცესებს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ (3 წელიწადში 3 ხელისუფლება) ალღო ვერ აუღო, მან დათმობის და წაყრუების პოლიტიკა არჩია. ამან პროცესები უმართავი გახადა, პანდორას ყუთი გახსნა და საბოლოოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოარყია, რის მწარე შედეგებს დღემდე ვიმკით. განსხვავება მოტივშია – აფხაზეთში ეთნიკური კარტი გათამაშდა, აჭარაში კი რელიგიური დაპირისპირება მწიფდება.

ჩვენ არ ვართ ავსტრია, რომელსაც იმდენი ძალა და გავლენა ნამდვილად აქვს, რომ თურქული ექსპანსია შეაჩეროს, მითუმეტეს თურქეთი მას არ ესაზღვრება, შესაბამისად გლობალური გართულების რისკი მინიმალურია. სამაგიეროდ ხელისუფლებას იმის შნო მაინც უნდა აღმოაჩნდეს, რომ საკუთარ წიაღში აღკვეთოს მოსალოდნელი საფრთხეები. ქვეყნის უშიშროება უბრალოდ ვალდებულია გამოავლინოს სეპარატისტები და იმოქმედოს ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

თურქეთი შემთხვევით არ მიხსენებია – ამ ქვეყანას თავისი სტრატეგიული მიზნები გააჩნია და შესაბამისად მოქმედებს – ზრდის გავლენას საზღვრებს გარეთ და ნაციონალისტური პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს რელიგიურ თემატიკას (გავიხსენოთ რუსეთი და მისი “ერთმორწმუნეობის” თემა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ქართველმა აიტაცა). საქართველოსთან მიმართებაში ამას ლაზების და რადიკალი ქართველების ხელით აკეთებს. ჩვენ კი წესით საკუთარი მიზნები უნდა გაგვაჩნდეს (ლაზებს გაგონება არ სურთ იმისა, რომ ისინი ქართველები არიან და დასავლეთ საქართველოს საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევენ).
პრობლემა არა მეჩეთშია, არამედ აქტიურ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, რაშიც ჩვენთვის სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. მოკლედ, არ გამოდის საქმე ლიბერალისტურ-ტოლერანტული მიდგომებისგან – ქვეყანაში არსებობს კანონი და ის უნდა კანონობდეს, ხოლო უშიშროების სამსახურს ხელფასს იმისთვის ვუხდით, რომ ქვეყანაში წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოს..

P.S. დაბოლოს, რელიგიის თემა ყოველთვის საფრთხილოა და ყოველთვის შეიცავს ნაღმებს. როცა აჭარელი ხედავს, რომ საქართველოს ქრისტიანულ ნაწილში ლამის ყოველ კვარტალში შენდება მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო მისთვის სალოცავის აშენება პრობლემას წარმოადგენს, მას ბუნებრივად უჩნდება საპროტესტო განწყობა, რომ მისი რელიგიური გრძნობები ილახება, ამიტომ ის ეძებს გამოსავალს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ანტიმუსულმანური აქციები, გამოსვლები, ვითარების გამწვავება ცალსახად მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს, რაც დაუშვებელია. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს შეცდომების გარეშე – სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად!

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენ გვესმის ერთმანეთის” – აფხაზი და ქართველი ხელოვანების გზავნილი ამერიკიდან

,,კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნების გზით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს, ერთ – ერთი ...