Home » მთავარი » მაკეინი ალაპარაკდა…არის თუ არა საფრთხე ტრამპმა ქვეყანა ნატო-დან გაიყვანოს…”

მაკეინი ალაპარაკდა…არის თუ არა საფრთხე ტრამპმა ქვეყანა ნატო-დან გაიყვანოს…”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, სამხედრო ანალიტიკოსი

“ნატოს შიდა კინკლაობით ასუსტებენ“ – მაკეინი ტრამპისთვის აშშ-ს ალიანსიდან გაყვანის უფლების ჩამორთმევას ითხოვს

ამირიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს ალიანსიდან შესაძლოა ქვეყანა გაიყვანოს. ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკეინი ალაპარაკდა.

მაკეინი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს ქვეყნის ნატო-დან გაყვანის უფლება უნდა ჩამოერთვას. კანონპროექტის მიხედვით, აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სენატის თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს.

მისი თქმით, ნატომ-მ აშშ-ის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„ნატო-ს მოკავშირეები 70 წლის განმალობაში მსხვერპლს წირავდნენ დემოკრატიული სამყაროსთვის, რომელიც უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას ეფუძნება,” – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი”ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს ნატოდან გაყვანის საფრთხე არ არსებობს.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ტრამპს ახასიათებს, რადგან ეს მისი პოლიტიკური „ხელწერაა,” მაგრამ ეს უარყოფით განწყობას ქმნის, რომელიც მოქმედებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ისეთ სახელმწიფოებში, რომელიც ნატო-ში გასაწევრიანებლად ისწრაფვის.

„საფრთხე იმისა, რომ ტრამპმა ქვეყანა ნატო-დან გაიყვანოს, არ არსებობს. ტრამპს მსგავსი მანევრები ხშირად ახასიათებს პოლიტიკაში. მანამდე სხვა განცხადება გააკეთა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანს შევთავაზებთ ახალ, ბირთვულ შეთანხმებას, მაგრამ არა ისეთს, როგორიც წინა პრეზიდენტმა გააფორმაო… მას ასეთი სტილი და ხელწერა აქვს.

„ტრამპს აქვს თავისი მიზნები; ვგულისხმობ, ნატო-სთან მიმართებაში მის განცხადებებს. ამერიკასა და ევროპას შორის არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. ხშირად ჩნდება სხვადასხვა გაუგებრობები და ეს გაუგებრობები იწვევს ცუდ განწყობას, როგორც ნატო-ს შიგნით, ასევე ისეთ სახელმწიფოებში, რომლებიც ნატო-სკენ ილტვიან. მაგალითად, როგორიც ჩვენ ვართ.

სალუქვაძის განცხადებით, ამერიკელი სენატორის განცხადება ტრამპის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. მისი თქმით, ამ კონკრეტული შეზღუდვის გარეშეც ტრამპი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„რაც შეეხება მაკკეინის განცხადებებს, ეს უფრო ალბათ გამიზნულია იქითკენ, რომ შეზღუდონ პრეზიდენტი ტრამპის უფლებები საერთაშორისო არენაზე, რადგან ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მოჰყვეს შემდგომი ნაბიჯები, – პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდვა.

„ამ შეზღუდვების გარეშეც, რასაც მაკკეინი სთავაზობს, არამგონია, რომ ტრამპი ამისკენ წავიდეს და ეს გახდეს საჭირო. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ,” – აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, თუკი ისე განვითარდა მოვლენები, რომ ამერიკამ ნატო-დან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამ შემთხვევაში ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოუწევს.

„პარალელურად ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ზოგადად ევროპის მხრიდან ევროკავშირის არმიის ჩამოყალიბებისკენ იყო მცდელობები და ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი. თუ ისე განვითარდა პროცესები, რომ ამერიკამ გადაწყვიტა ნატო-დან გამოსვლა, ნატო-ს ყველა შემთხვევაში მოუწევს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

სალუქვაძეის განცხადებით, ამერიკის ნატო-დან გამოსვლა თავად ამერიკისთვის იქნება წამგებიანი, რადგან ამერიკა ამ ყველაფრიდან დიდ მოგებას იღებს.

„ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ამერიკისთვისაც წამგებიანი იქნება და ასევე, წამგებიანი იქნება ევროპისთვისაც. ტრამპა განაცხადა, რომ ამერიკა აფინანსებს ნატოს და ა.შ. მაგრამ თავად ამერიკაც იღებს აქედან სარგებელს. მათ საერთო ინტერესები გააჩნიათ და ამერიკა ამ სასიცოცხლო ინტერესებზე ამაზე დგას. ყველაფერი მხოლოდ დაფინანსებით და ვიწრო სტატისტიკური მონაცემებით არ განისაზღვრება. მთიალობაში ამერიკა იმ საგარეო პოლიტიკას, რასაც წარმართავდა, გაცილებით მეტს იღებდა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ყველაფრის საფუძველზე საქმეს იკეთებს და ცდილობს ნატო შეასუსტოს.

„ამერიკა, რომ დღეს ამერიკაა, ზუსტად ამ მოდელის დამსახურებაა და ნატოს დამსახურებაც არის ის უსაფრთხოების მოდელი, რაც ამერიკამ და ევროპამ ერთად შექმნა. არამგონია, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ცალკეულ განცხადებებს ასე არ შევაფასებდი, რომ ნატო შეიძლება დაიშალოს და ეს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით მოხდეს. ამ შიდა კინკლაობით რუსეთი საქმეს აკეთებს, ნატოს ასუსტებენ,” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

წყარო: “რეზონანსი”

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...