You are here
რატომ გაუფასურდა ლარი … ეკონომიკა მთავარი 

რატომ გაუფასურდა ლარი …

ლარი კიდევ ერთხელ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაგუას თქმით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომლის პოზიტიური დინამიკა წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ესაა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგინა 5.7%, ხოლო მეორე კვარტალში – 6%. მნიშვნელოვანი ზრდაა ექსპორტის კუთხით, ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი გაგრძელდება მომავალში და ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

Comments

comments

Related posts