Home » მთავარი » საბაზისო სასწავლო პროგრამა პარლამენტში

საბაზისო სასწავლო პროგრამა პარლამენტში

26-27 აგვისტოს, ბორჯომში, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერების გასვლითი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საბაზისო სასწავლო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა.

„პროგრამის მიზანია, მომავალში საქართველოს პარლამენტის აპარატში ნებისმიერ ახლადმიღებულ თანამშრომელსა და სტაჟიორს, სანამ ის უშუალო ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებას შეუდგება,  შესაძლებლობა ჰქონდეს გაიაროს საბაზისო საორიენტაციო სასწავლო პროგრამა“, – განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აპარატში ხელმძღვანელი პირებისა და დეპუტატებისაგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში  საბაზისო სასწავლო პროგრამის შექმნაზე მუშაობდა.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ტარდება, პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ტრენერები დაამუშავებენ შეთანხმებული და შეჯერებული საბაზისო პროგრამის თითოეული მოდულის სილაბუსს და განსაზღვრავენ იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც უნდა მოხდეს ამ სასწავლო პროცესის წარმართვა. სამუშაო შეხვედრას უძღვება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ექსპერტი, რომლის ხელმძღვანელობითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები ახორციელებენ საბაზისო სასწავლო პროგრამის სილაბუსების დამუშავებასა და საბოლოო სახის მიცემას“, – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განცხადებით,  მიმდინარე წლის აგვისტოში, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სამთვიანი სტაჟირების პროგრამა გახანგრძლივდა და გახდა ექვსთვიანი. ამ ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პარლამენტში მიღებულმა სტაჟიორმა უნდა გაიაროს სასწავლო პროგრამა.

„ეს სასწავლო პროგრამა იქნება ოთხკვირიანი ხანგრძლივობის და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ელემენტებს იმისთვის, რომ ნებისმიერმა სტაჟიორმა, ასევე ახლადმიღებულმა თანამშრომელმა უფრო მეტი წარმოდგენა იქონიოს იმ პროცესებზე, რაც პარლამენტის შიგნით ხდება და ეს იქნება მისთვის გარკვეულწილად, გაცნობითი, საორიენტაციო ხასიათის საბაზისო ელემენტი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განაცხადებით, მისასალმებელია ისიც, რომ სწორედ NDI – ს მხარდაჭერით, 2 თვის წინ,  საბაზისო პროგრამის წარმმართველ ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენინგი იმ უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, რაც მათ დაეხმარებათ ამ პროცესის განხორციელებაში.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან,  კონკურსის საფუძველზე მიღებული სტაჟიორების საბაზისო სასწავლი პროგრამით სწავლება დაიწყება.

„აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩვენ გამოვაცხადებთ გახანგრძლივებული სტაჟირების კონკურსს. გეგმის მიხედვით, 1 ოქტომბრიდან დავიწყებთ ექვსთვიან სტაჟირებას იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკურსს წარმატებით გაივლის. სწორედ ოქტომბრიდან, პილოტურ რეჟიმში, პირველად განხორციელდება მიღებული სტაჟიორების  საბაზისო პროგრამით სწავლება. ამ კუთხით დღევანდელი ღონისძიებაც და მთელი ის პროცესები, რასაც სამუშაო ჯგუფი აპარატის ფარგლებში ახორციელებს, მიმართულია სტაჟიორების ცოდნისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...