Home » მთავარი » მოქმედი პრეზიდენტის მოღვაწეობის მოკლე შეფასება და მიმართვა კანდიდატებს

მოქმედი პრეზიდენტის მოღვაწეობის მოკლე შეფასება და მიმართვა კანდიდატებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია კიდევ სამმა კანდიდატმა გაიარა და ამჟამად სიაში უკვე 36 კანდიდატია.

იხ.

http://www.gmtv.ge/45924-2/

უკვე ცნობილი გახდა, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს . მოქმედი პრეზიდენტის მოღვაწეობის მოკლე შეფასებას გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გვთავაზობს. აქვე სალუქვაძე უკვე არსებულ კანდიდატებზეც ამახვილებს ყურადღებას.

საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ.
 მოქმედი პრეზიდენტის მოღვაწეობის მოკლე შეფასება

თავშივე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ კონსტიტუციააცდენილ დაპირებებს იძლევიან კანდიდატები (არადა, უკვე 36-ია დარეგისტრირებული), რომ, წარმოდგენილთაგან, ხმას არავის მივცემ.

კონსტიტუცია ჩემზე კარგად იციან, მაგრამ, სამწუხაროდ, იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებიც საერთოდ არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში.

პენსიების მომატება, გზების გაყვანა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და მსგავსი საქმიანობა არის მთავრობის პრეროგატივა. მთავრობაზე კი პრეზიდენტს გავლენა არ აქვს. ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, მაშინ არაფერი მექნებოდა საპრეტენზიო.

თუმცა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე მიეჩვივნენ პოლიტიკური პარტიები, ვრცელი პროგრამის დასაწერად თავს არავინ იწუხებენ.საუკეთესო შემთხვევაში სურვილების დეკლარირება და ხედვების წარმოდგენა ხდება.

ისე, ძალიან მაღიზიანებს ფრაზები “ჩემი ხედვა”, “მინისტრის ხედვა” და ა.შ. ხედვა ჰქონდა ანგელას, დურბინდში. პარტიებმა, პრეზიდენტობის კანდიდატებმა, პროგრამები, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმები უნდა წარმოადგინონ.

იმის ნაცვლად, რომ დაგვაფასონ ამომრჩევლები და სერიოზულად მიუდგნენ, როგორც კამპანიას, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამბიციების და ღლიცინის აღლუმია.

კატეგორიულად მიუღებელი და ამომრჩეველთა მიმართ შეურაცხმყოფელი იყო ქალწულობის მოწმობებთან დაკავშირებული საუბრები. უკვე დავწერე და გავიმეორებ: საკუთარ ოჯახებს მიხედონ, უნდათ შეამოწმონ, უნდათ დაამოწმონ და, როცა სხვა მანდილოსნებზე საუბრობენ, მანამდე პირის ღრუს დეზინფექცია ჩაიტარონ.

არ ვიცი ის ვიღაც ასათიანი რეალურია, თუ ფეიკია, მაგრამ, რაც შეეხება გირჩის ლიდერს, აგრძელებს სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ფასეულობებზე და შეტევას: რელიგია, ჯარი, ჯანსაღი ცხოვრება და სხვა. ახლა ვიღაც ვირტუალურ თუ რეალურ კანდიდატს ეჯიბრება და ქალიშვილობის ინსტიტუტს აქილიკებს. ასევე იძლევა არაკონსტიტუციურ დაპირებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი და პარლამენტის უფლებამოსიელბაშია.

სხვა კანდიდატებზე ზემოთ მოგახსენეთ. ყველას ერთი პროგრამა აქვს, ისეთი, რომლის ასრულება პრეზიდენტს ფიზიკურად არ შეუძლია.

ვისურვებდი კანდიდატებმა ისაუბრონ შემდეგ საკითხებზე:
– არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში (უფლებები არც ისე ცოტაა, თუ გაიაზრებენ და სწორად გამოიყენებენ), როგორ შეასრულებენ საკუთარ მოვალეობებს?
– როგორ მოახერხებენ პარლამენტთან და მთავრობასთან ისეთ კონსტრუქციულ და ეფექტიან თანამშრომლობას, რომ სარგებელი მოუტანონ საზოგადოებას?
– როგორ ესმით უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილება და როგორ შეასრულებენ ამ საპასუხისმგებლო მოვალეობებს? როგორ უზრუნველყოფენ არმიის საბრძოლო მზადყოფნის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის პოზიციიდან?
– როგორ ესმით პრეზიდენტის როლი საგარეო არენაზე და როგორ აპირებენ ამ მიმართულებით საქმიანობას?
– მათ პროგრამებში ასახული უნდა იყოს პრეზიდენტის როლი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და უამრავი სხვა საკითხი.

არჩევნებზე წავალ, მაგრამ, სანამ ასეთ მიდგომას არ დავინახავ და რომელიმე კანდიდატის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებული არ იქნება ჩემს შეხედულებებთან, ჩემი არჩევანი 36-დან არცერთზე შეჩერდება.

2.
რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს და მის მოღვაწეობას. ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან, ყველა მიმართულებით უარყოფითად ვაფასებ (სამწუხაროდ).

კერძოდ:

– ბოლო აჟიოტაჟი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მხოლოდ თემი გაპოლიტიზირება აღმოჩნდა და სხვა არაფერი. მთელი ამ წლების მანძილზე მას ჰყავდა საყვარელი (ფავორიტი) არასამთავრობოები და ექსპერტები. მისი მოღვაწეობის ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, მესამე სექტორმა ის უბრალოდ ჩამოწერა. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ 2 კვირა საუბრობდნენ, ჯერ კრიტერიუმებს ვიხილავთო. ორი კვირა რად უნდა კრიტერიუმების განხილვას? სილამაზის კონსკურსს ხომ არ ამზადებდნენ? 5 წუთია საკმარისი იმ მოთხოვნების ჩამოსაწერად, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს თავმჯდომარე დაწყებული პროფესიული მახასიათებლებით, დამთავრებული აპოლიტიკურობით და ავტორიტეტით. მაგრამ, როცა მათი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ალბათ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ, და ერთმანეთს გაებუტნენ, ურთიერთბრალდებებისას გაირკვა, რომ 3 კანდიდატი ყოფილა განხილული. კითხვა მაქვს, ბატონებო, რატომ მალავდით ამას 2-კვირიანი განხილვების პროცესში? ესაა თქვენი გამჭვირვალეობა? შემდეგ ჩამოთვალეს კანდიდატები. მათ ჯამურ ავტორიტეტს ერთი ჯონი ხეცურიანი სამმაგად გადაწონიდა, რომელიც გეჯდათ მანდ განხილვებისას. მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ისე დასრულდა. მიუხედავად ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მცდელობისა (მისი მცდელობა სევე წინასაარჩევნოდ ყურადღების ცენტრში მოქცევის ხრიკია), აწი პრეზიდენტის დაბრუნებას ამ პპროცესში ფასი დაეკარგა. რატომ მოიქცა ასე? იქნებ ხელისუფლებას გაურიგდა და ვადის მიწურულს კოჭი გაუგორა? თუმცა, ხელისუფლება ეუბნება, წარმოადგინეთ კანდიდატი და განვიხილავთ. ასეთი ინსტიტუტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა შემდეგ პრეზიდენტს მაღალი სტანდარტი უნდა დავუწესოთ, მიუღებელია.

– ვერაფერს ვიტყვი მოქმედი პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ. მისი როლი არმიის აღმშენებლობის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში, ნულოვანია. ვერ შესძლო ჯერ კიდევ მოქმედი უშიშროების საბჭოს ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენება.

– შეწყალების კომისიის საქმიანობაზე რამდენჯერმე დავწერე და დავასკვნი, რომ ერთ საპრეზიდენტო ვადაში 3500 მსჯავრდებულის შეწყალება, როცა პროცესი არათუ გაუმჭვირვალე, გასაიდუმლოებული იყო, დავარქმევდი როგორც საზოგადოებისათვის საზიანოს და კრიმინალური ვითარების გაუარესებისკენ მიმართულს. აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის ფონზე, მსგავსი მასშტაბები საზოგადოებას და პოლიტელიტას უნდა შეეფასებინა, თუმცა ყველაფერს საკუთარი ინტერესებიდან ვუცქერით. გვაწყობს, – ვაფასებთ, არ გვაწყობს, – არ ვაფასებთ. ერთი თოქ-შოუ არ ჩატარებულა შეწყალების პოლიტიკის თემაზე.

ჩვენ კი შევახსენებთ პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია და კარგად იცის პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. ასე რომ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ანალიტიკოსის მიმართვას პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი, რომელიც უკვე გაავრცელა სააგენტომ და საკმაოდ დიდი რეზონანსი ჰქონდა.

მიდის დაბოლება! წაიკითხეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება და კონსტიტუციის ფარგლებში ილაპარაკეთ!”

ვრცლად იხილეთ ლინკზე

http://www.gmtv.ge/45377-2/

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...