Home » მთავარი » კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია

გოჩა ბარნოვი

თეოლოგი

ფანარის გონივრული გადაწყვეტილება, მსოფლიო საპატრიარქოს სექტემბრის სინაქსისში მონაწილეობა მიიღონ “ახალი მიწების” მიტროპოლიტებმაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა თავდაპირველად ათენის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ გავლენიანი კანონოლოგების შენიშვნების შემდეგ მან განაცხადა, რომ არ შეუშლიდა ხელს ამ პროცესს.

1928 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით საბერძნეთის 36 ეპარქია, რომელნიც დღესაც იურიდიულად მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის, დროებით, ადმინისტრაციული მმართველობისათვის ელლადის ეკლესიას გადაეცა, მაგრამ სულიერი ძალაუფლება ამ ეპარქიებზე არის მსოფლიო პატრიარქის, ანუ ამ ეპარქიების მიტროპოლიტების, კლერიკოსებისა და ერისკაცების მღვდელმთავარი არის მსოფლიო პატრიარქი. ამას საბერძნეთის პარლამენტი და კონსტიტუციაც ადასტურებენ. ამიტომაც, მსოფლიო პატრიარქი ამ ეპარქიებში ნებისმიერ დროს ჩადის და იქ მიტროპოლიტების გამორჩევაშიც აქტიურად მონაწილეობს. ახლა, თუკი უკვე ამ სინაქსისზე გადაწყდება და ხელი მოეწერება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ეს ნიშნავს, რომ ელლადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიტროპოლიტთა თითქმის ნახევარს უკვე ხელი ექნება მოწერილი ტომოსზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ელლადის ეკლესია უკვე მთლიანობაში საბოლოოდ ტომოსს ხელს მოაწერს. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ზოგიერთი ეკლესიის მეთაურის წინასწარი განცხადებებისა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერენ, საბოლოოდ ტომოსის ფანარის მიერ ხელმოწერის შემდეგ ყველა ეს ეკლესია იძულებული გახდება ამ ტომოსს ხელი მოაწერონ, რადგან ეს არა მარტო გარდაუვალი, არამედ ბუნებრივი პროცესია.

მსოფლიო კრებების შემდგომ პერიოდში ყველა ეკლესიამ მსგავსი პროცედურებით მოიპოვა ავტოკეფალია, როგორც დღეს ამას უკრაინა ითხოვს, და თუ ეს ეკლესიები უარს იტყვიან უკრაინის ავტოკეფალიაზე, ამით ისინი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარ საეკლესიო ავტოკეფალიასაც შეურაცხყოფას მიაყენებენ. მიზეზი, რომ უკრაინის ეკლესია სქიზმატურია და ამიტომ არ ეკუთვნის ავტოკეფალია, არასწორია, რადგან ყველა ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებამდე სქიზმაში იმყოფებოდა (სხვანაირად შეუძლებელიცაა. თავად რუსეთმაც 1448 წელს გამოაცხადა ავტოკეფალია და თითქმის 150 წელი სქიზმაში იმყოფებოდა, სანამ ფანარისაგან არ მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი). ზუსტად როდის გამოქვეყნდება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ ხელმოწერილი ტომოსი არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ უდავოა, უკრაინელი ერისა და კლერიკოსების მოთხოვნა (ეს გახლავთ ავტოკეფალიის მოპოვებისათვის სუბიექტური წინაპირობები) არის სამართლიანი და ის აუცილებლად დადებითად გადაწყდება მსოფლიო საპატრიარქოს უკომპრომისო გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით, ერთგვარი ნორმალიზება მოხდება უკრაინისა და რუსეთის ეკლესიებს შორის (ძნელად, მაგრამ მაინც) – ეს კი ავტოკეფალიის მოპოვებისათვის ობიექტური წინაპირობა გახლავთ.

მაშასადამე, უკრაინას ავტოკეფალიის მოსაპოვებლად აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური წინაპირობები, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად აბსოლუტურად საკმარისია პროცესის დადებითად დასრულებისათვის.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...