Home » მთავარი » 7-8 სექტემბერს თბილისი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

7-8 სექტემბერს თბილისი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით 7-8 სექტემბერს თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიმართება.

„პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს – შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) კონსტანტინ ვოინოვი .

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს „პროგრესული ალიანსის“ წევრი, 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები.

კონფერენციასთან ერთად, ასევე გაიმართება „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილება.

„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.

Facebook Comments
x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...