Home » მთავარი » “მომხრე ვარ თავნება და აგრესორ საეკლესიო ერთეულთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის!”

“მომხრე ვარ თავნება და აგრესორ საეკლესიო ერთეულთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის!”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია, მთლიანი მენეჯმენტი და ორგანიზაციული სტრუქტურა იდეოლოგიზირებული, ძერჟავნიკული, იმპერიალისტური, კოლონიალისტური და ექსპანსიური სულისკვეთების აპარატია. კრემლის პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტია მათთვის საეკლესიო ამბიონი, საიდანაც ისეთივე პირქუში, აგრესიული და დიდმპყრობელური პათოსის მდგენელს ტირაჟირებენ, როგორსაც დუმაში და პუტინის აპარტამენტებში გეგმავენ ხოლმე ყოველდღიურად.

КГБ -ს მტარვალი აგენტურა რუსეთის ეკლესიას საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის იყენებს. ეს ჯერ კიდევ 1943 წელს დაწყებული, სტალინური ზრახვების გამოძახილია, როცა საზოგადოებაში იესო ქრისტეს მაცხოვნებელი რწმენის შეშუქების ნაცვლად, შეფარულად დაიწყეს ეთნო-ფილეტისტური და ნაციონალურ-შოვინისტური ჰომილეტიკის დანერგვა თავიანთ მისიებში.

იმ პერიოდიდან დაიწყო ეკლესიის მაღალ იერარქიაში (მათ შორის საქართველოშიც) ჰომოსექსუალური და მაფიოზური ჯგუფების ინტეგრირება ზემდგომ ეშელონებში. სწორედ ამ სავალალო და ანტიქრისტიანული პლათფორმის მემკვიდრეა პატრიარქი კირილეც, რომელიც დაწყებული კოკოითიდან და ბაღაფშიდან, დამთავრებული დღევანდელი ლიდერებით, ყოველთვის ულოცავს მათ “დამოუკიდებლობისა და გათავისუფლების დღეებს”. აგრეთვე თვითნებურად და ვანდალურად ახდენს ქართული ტაძრების ასიმილირებას და რუსიფიკაციას მის მიერვე წარგზავნილი სასულიერო დასის მეშვეობით, რომელნიც ანტიქართული და სეპარატისტული პროპაგანდის მედროშეები არიან.

ამასთან, უხერხულია, როცა რუსეთის ეკლესია საყოველთაო მართლმადიდებლურ ერთსულონებაში დისონანსზე აპელირებს და კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დესტრუქციულობასა და პოლიარქიაში ადანაშაულებს, მაშინ როცა კრეტის წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ იღებს (სლავური ორბიტის სატელიტებსა და საქართველოს ეკლესიასაც უკრძალავს მონაწილეობას) და სინაქსისის დროსაც ობსტრუქციებით გამოდის.

ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტების სულმა საუბედუროდ მოსკოვის საპატრიარქოს ჰეგემონისტური ვეშაპის უტიფრული თვისებები შესძინა. ისტორიის ამნეზია რომ სჭირთ გაავებულ რუს მღვდელმთავრებს, ესეც ფაქტია, რადგან სწორედ მათ მოახდინეს უკანონოდ კონსტანტინეპოლის იურისდიქციის მითვისება უკრაინაში 1685 წელს და იქიდან მოყოლებული იქ არიან. აგრეთვე მათ კისერზეა 1811 წლის ბარბაროსობა, როცა ძალით გაგვიუქმეს ავტოკეფალია. იგივე უზურპაცია ჩაიდინეს მოლდოვაში, ესტონეთსა და ლატვიაშიც და კიდევ სხვა მიწებზეც. მსგავსი ტენდენცია კი გრძელდება…

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე პირადად მომხრე ვარ ასეთ გულგოროზ, თავნება და კვლავინდებურად აგრესორ საეკლესიო ერთეულთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის!

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...