Home » მთავარი » შსს-ს პასუხი და დაკავებულის დის მონაყოლი -„რამდენს დაგვიჭერთ, მოდით, დაგვიჭირეთ!“

შსს-ს პასუხი და დაკავებულის დის მონაყოლი -„რამდენს დაგვიჭერთ, მოდით, დაგვიჭირეთ!“

ზაზა სვანაძე

წყარო: euronews.ge

სოციალურ ქსელ ფეისბუკის ქართულენოვან მომხმარებლებში, დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი, პატრულ-ინსპექტორებს მშვიდად ედავება საგზაო წესების დარღვევას, რასაც ამ უკანასკნელების მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება მოჰყვა. როგორც ე.წ. ლაივიდან ირკვევა, მოქალაქე თორნიკე კეშელავა, პატრულ ინსპექტორებს მკვეთრ და მოულოდნელ მანევრზე საყვედურობდა, რამაც მას და მის ავტომობილში მჯდომთა სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეუქმნა. ვიდეოდან აღიქმება, რომ მოქმედება დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ვითარდება, დადგენილია სხვა ფაქტებიც.

შემთხვევა დაახლოებით დღის 12 -ის ნახევარისთვის მოხდა, როგორც ერთი მხარის განცხადებიდან ვიცით, საპატრულო ეკიპაჟმა სანომრე ნიშნით 504, მკვეთრად ჩაუჭრა მოქალაქე კეშელავას ავტომობილს, რასაც მისი და მისი დის, თამარ კეშელავას მხრიდან ვითარებაში გარკვევის სურვილი მოჰყვა, თუმცა ინციდენტი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებით და ჟურნალისტ თამარ კეშელავაზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით დასრულდა, რაც კადრებში ნათლად ჩანს ( დაკავება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მცელობა ).

მართალია, დაზარალებული ამა წლის 13 სექტემბრამდე, ანუ სასამართლომდე, თავისუფლებაში დატოვეს, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს – ნინო ცხადაძეს დავუკავშირდით და მისგანაც მოვიპოვეთ კომენტარი ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით.

,,დაკავებულს ბრალად ედება 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა, რაც გულისხმობს წვრილმანი ხულიგნობას და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას”-გვითხრა ცხადაძემ. ჩვენს კითხვაზე, თუ იყო გადაუდებელი აუცილებლობა საიმისოდ, რომ დედაქალაქის ცენტრში, ამ ფორმით მომხდარიყო დაკავება, უწყებიდან გვიპასუხეს – ”ჩვენ ვერ გავაკეთებთ შეფასებას, არც გვაქვს ამის უფლება. არსებობს გენერალური ინსპეცქია და იქ მიმართონ, მე ვურჩევ მათ მიმართონ გენერალურ ინსპექციას, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ.”

რამდენიმე წუთში ქალბატონმა ნინო ცხადაძემ თავად დაგვირეკა და დამატებით ოპერატიულად მოგვაწოდა ცნობა იმის შესახებ, რომ გენერალურ ინსპექციაში შესული შეტყობინების შემდეგ ამ კონკრეტულ ინციდენტზე მოკვლევა დაწყებული ყოფილა.

ევრონიუსს ვიდეოს ავტორიც დაუკავშირდა.

თამარ კეშელავა

კი, მე გადავიღე ის ვიდეო , კი, ჩემი ხმაა და ის ბიჭი ჩემი ძმაა, ჩემი უკეთილესი, უპატიოსნესი ძმა, მთელი ცხოვრება მუშაობს, პირდაპირი გაგებით – მეხუთე კლასიდან, ყოველ ზაფხულს მუშაობდა რომ სასექტემბროდ თავისი ფულით ეყიდა სასკოლოდ ტანისამოსი და ნივთები. ახლა სამი შვილის მამაა, გადასახადებს იხდის, პატიოსნად ცხოვრობს. კი, მე ვიყავი აღელვებული, ცოტა ხნის წინ, იგივე საპატრულო მანქანამ ისე დაარღვია წესები, კინაღამ დაგვხოცა. თავად ამბობს ვიდეოში, რომელიღაც მანქანამ საავარიო სიტუაცია შექმნაო, – რომელმა მანქანამო ვკითხეთ და გაჩუმდა, დაიწყო გაზეპირებული ტექსტით საუბარი, გამოიძახეთ პატრულიო, თუ დაინახა, რომ რომელიღაც მანქანამ საავარიო სიტუაცია შექმნა, იმას რატომ არ დაედევნა? მაგრამ, თავად შექმნა საავარიო და თავის თავს რომ ვერ დაედევნა, ჩვენ დაგვადგა.

ყველა კადრი ვერ გადავიღე, როგორც ნახავდით, მეც მიშლიდნენ გადაღებაში ხელს, სამანქანო გზიდან გადასვლას მთხოვდნენ, თავად ჩემს ძმას სამანქანო გზაზე ათრევდნენ და მე უნდა გადავსულიყავი, თავისი ძმა დატოვონ ეგრე. ახლა რომ ვწერ, კიდევ უფრო ვიაზრებ და მიკვირს, ავღელდი კი არა, რომ არ გავგიჟდი, მიკვირს, როგორ გმირულად, ბოლომდე შეიკავა ჩემმა ძმამ თავი და არ შეუგინია არც ერთხელ. დაზიანება აქვს ხელის და თავის. პატრული კი, პატრული საქალაქო სასამართლოში სიცილით დადიოდა, კმაყოფილი, ათჯერ ვკითხე სახელი და არ მიპასუხა, გვარი მომაძახა ერთხელ და მორჩა. სამაგიეროდ, დამემუქრა, საქალაქო სასამართლოს ეზოში პატრული დამემუქრა – თუ არ გაჩუმდები, დავაჭერინებო.

ჩემი ტელეფონი დამჯდარი იყო და ვერ გადავიღე, მაგრამ, ხომ იძახიან, ჩვენი ვიდეოთვალია სულ ჩართულიო. სამ ადამიანს ესმოდა ეს მუქარა. წარმოდგენაც არ მინდა, სხვებს რას დაემართებენ, სხვებს, ვისაც ვიდეო არ გადაუღია, ვინც შეიგინა, ვინც შეშინდება მუქარაზე.

არა, მე არ გავჩერდები, რა მუქარა, ჩემი ძმა გაიმეტეს და ქვაფენილზე ათრიეს, დამაცადეთ ავდგეო, რომ ეძახდა, ის ბიჭი ათრიეს და მეტი რაღა უნდა მიყონ? დაიჭერთ და გავაჩერებ პატრულს და მეც დავაჭერინებ და ვათრევინებ თავს, მერე ჩემი შვილი გააკეთებს იგივეს, მერე ბიძაჩემი, მამიდაჩემი, მეგობრები – რამდენს დაგვიჭერთ, მოდით, დაგვიჭირეთ.

ვიდეო იხ.

http://www.gmtv.ge/46391-2/

Facebook Comments
x

Check Also

გედევან ფოფხაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ...