Home » მთავარი » “ორჯერ, ერთი და იგივე მდინარეში, რომელმაც უფრო დაიკლო, შესვლა არ შეიძლება”

“ორჯერ, ერთი და იგივე მდინარეში, რომელმაც უფრო დაიკლო, შესვლა არ შეიძლება”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  იმ პირობებში, როცა ახალი კონსტიტუციით, მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება საგრძნობლად არის შეკვეცილი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის როლი კიდევ უფრო შეზღუდულია როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებში, „თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს ბევრად ნაკლები ძალით, რაც არ იქნებოდა სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის“ და ამიტომაც იგი „გავიდა ამ თამაშიდან“.

„ამბობენ, რომ ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა არ შეიძლებაო და ორჯერ, მდინარეში, რომელმაც დაიკლო, შესვლა კიდევ უფრო ძნელია. ასე რომ, უფლებამოსილებების შეკვეცის პარალელურად… (იცინის) ყველა პრეზიდენტს აქვს თავის სტილი მმართველობისას, თავისი სტილი პოლიტიკური საქმიანობის. ეს 5 წელი მართლაც რთული იყო იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც საქართველოს ჰქონდა. საქართველოსთვის, ჩვენი დინამიკისთვის, პრეზიდენტი, რომელიც არ არის არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, ბუნებრივად ამ რაღაც ძალიან აღელვებულ, ემოციურ, ხშირად ეგზალტირებულ პოლიტიკოსთა გუნდს, ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეათეს როდესაც რამეს, ასე ვთქვათ, ბოლომდე არ შეუსრულებ, ან ნაწილობრივ გაუკეთებ, ისეთი აღშფოთება არის ხოლმე, რომ ეს ძნელი გადასატანია და მისაღებია, რომ პრეზიდენტი არც ერთი პარტიის არ არის. რთული იყო ამ სიბრტყეში პრეზიდენტობის და პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნება იმიტომ, რომ შესანარჩუნებელი იყო ინსტიტუტი, რომელსაც მეთოდურად დემონტაჟით ემუქრებოდნენ, და ამავე დროს, ამ ბალანსის დაკავება. იგივე როლის შესრულება, იგივე პიროვნებისთვის, ფაქტიურად ყველა წაღებული უფლებით, რომელიც აქამდე გვქონდა, მათ შორის სხვათა შორის, საერთაშორისო, შიდა პროცესებში, სასამართლო ხელისუფლების ფორმირება, ამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ნახავდით იგივე პერსონაჟს ბევრად ნაკლები ძალით და ეს არ იქნებოდა სასარგებლო, ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესისთვის და ამიტომაც გამოვედი ამ თამაშიდან“ –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ისურვა, რომ შემდგომმა პრეზიდენტმა მასზე უკეთესად შეძლოს საქმიანობის წარმართვა.

მისი თქმით, პოლიტიკოსმა, როგორც ადამიანმა არ უნდა იფიქრო, რომ შეუცველი ხარ და შენს მერე მოვა სხვა, სავარაუდოდ, კარგი იქნება, რომ შენზე უკეთესად გააკეთოს. მარგველაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ახალ პრეზიდენტს უფრო რთული წინაპირობა ექნება იმიტომ რომ, ნაკლები რესურსი ექნება, მაგრამ ახალი იქნება ამ როლში.

-“იქნებ ჩემზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება, იმის გაკეთება, რომ ერთდროულად არ იყვნენ არც ერთი მხარის და არც ერთი ძალის და არც ერთი ძალიან ხმამაღალი ხმის მსახური, არამედ უფრო ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. მე ნამდვილად არ ვარ შეუცვლელი, საქართველო სავსე არის პოლიტიკოსებითაც და ნიჭიერი ადამიანებითაც“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინტერვიუში მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  მისთვის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე მთავარი საკითხები, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებდა პიროვნული თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცება იყო.

„საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ; რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა და რაც მთავარია, რომ აბსოლუტური რწმენა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად დავამარცხებთ, რომ რუსები არ შეირჩენენ და ჩვენც არ შევარჩენთ ამ ისტორიულ უსამართლობას. ისევე როგორც დაგვინგრევია ბევრი ჩვენზე ძლიერი იმპერიის, ასე ვთქვათ, მტკიცე ბურჯები საქართველოში და ეს გაგვინადგურებია და აღგვიდგენია ჩვენი მთლიანობა, ასევე რუსებს ჩვენ გავუშვებთ საქართველოდან… საქართველოს მიწა-წყალზე არასოდეს უნდა იყოს ოკუპანტი და სანამ იქნება, არც ერთი ქართველი ამას არ უნდა შეეგუოს“.

 

Facebook Comments
x

Check Also

“…ღირებულებები, რომლებსაც მავთულხლართები ვერასდროს შემოსაზღვრავს…”

ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ ...