Home » მთავარი » “მოგმართავთ რათა შეწყდეს სპეკულაციები და დამაბნეველი ინსინუაციები მრევლსა თუ საზოგადოებაში”

“მოგმართავთ რათა შეწყდეს სპეკულაციები და დამაბნეველი ინსინუაციები მრევლსა თუ საზოგადოებაში”

მეუფე ზენონი
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

-მსურს წარმოგიდგინით მცირეოდენი შენიშვნა და განმარტება ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო პატრიარქის განწყობა და დამოკიდებულება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებთან და იურისდიქციასთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული დიალოგი, რომელიც ამონარიდის სახით ეცნობა ფართო საზოგადოებას, მის ყოვლადუწმიდესობასთან ჩემი ერთ-ერთი შეხვედრის კონკრეტულ ეპიზოდს მოიცავს, რომელიც შედგა გასული წლის 14 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქო რეზიდენციაში (ფანარი).

ჩვენი საუბარი ეხებოდა, როგორც ზოგადსაკაცობრიო და გლობალურ პრობლემატიკას, აგრეთვე თეოლოგიურ თუ ეკლესიოლოგიურ საკითხებს. მსჯელობის ერთ- ერთ თემას წარმოადგენდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ამჟამინდელი ვითარება, ოკუპაციისა და ექსპანსიური მოცემულობის სიმძიმე, სქიზმატების თვითნებობა და ე.წ. “ავტოკეფალისტების” მხრიდან ინსპირირებული პოლიარქია, ანუ კანონიკური ქაოსი და მისგან მომდინარე საფრთხეები.

წინა მიმართვა

იხ.

https://www.facebook.com/orthodoxtheology/posts/1983727795025953

მსურს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დავაზუსტო, რომ მისი ყოვლადუწმინდესობის განცხადება არანაირად არ უკავშირდება უკრაინის ავტოკეფალიას ან სადღეისოდ მიმდინარე მოვლენებს, არამედ ხსენებული განაცხადი გულისხმობს მისი ყოვლადუწმიდესობის ზოგად მზაობას – ძმადმოყვარებითა და ქრისტესმიერი თანადგომით მხარში ამოუდგეს და განსაცდელის ჟამს დაიცვას საქართველოს და-ეკლესიის სულიერი ღირსება და კანონიკური საზღვრები. რომ მზად არის გააჟღეროს პირველსაყდრის ხმა კონსტანტინოპოლში თუ თბილისში, საქართველოს ეკლესიის კანონიკური საზღვრების დაცვისა და სოლიდარობის სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, აღნიშნულ განაცხადს ზოგიერთის აღქმაში არამართლზომიერი ინტერპრეტაცია მიენიჭა, რომლის მიხედვითაც თითქოს და მისი ყოვლადუწმინდესობა რაიმე ფორმით საქართველოს ეკლესიის მხრიდან საერთაშორისო არენაზე “ლეგიტიმაცია-მხარდაჭერას” ითხოვდეს. ან კიდევ შეწევნას სთავაზობს საქართველოს ეკლესიას, ხოლო მისგან უარს ღებულობდეს.

იმისათვის რათა შეწყდეს სპეკულაციები და დამაბნეველი ინსინუაციები მრევლსა თუ საზოგადოებაში, მოგმართავთ: თავი შევიკავოთ აღნიშნული ფრაზების კონტექსტთან მიმართებით თვითნებური ინტერპრეტაციებისაგან, რამეთუ ჩემ მიერ გაჟღერებული დიალოგის ფრაგმენტი ეხება ზოგადად საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, მის ისტორიულ წარსულსა და მისსავე სამომავლო პერსპექტივებს და არცერთ შემთხვევაში უკრაინის ავტოკეფალიას. იმ მარტივი ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ერთპიროვნული დისკრეცია, პრეროგატივა და პრივილეგია იურიდიულად, ღვთივდადგენილი კანონიკური ნორმების შესაბამისად ხელეწიფება მხოლოოდენ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო საყდარს და შესაბამისად მის მიერვე განჩინებულ გადაწყვეტილებას, რატიფიცირებისა თუ აღსრულებისათვის არ სჭირდება არავითარი “დამატებითი ლეგიტიმაცია” რომელიმე ადგილობრივი ავტოკეფალური სუბიექტისაგან. აქედან გამომდინარე, საკითხის მართებული დასმა მდგომარეობს შემდეგში: დაამყარებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ან სხვა რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, ავტოკეფალურად აღიარებულ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს თანალოცვით ურთიერთობას. ამ შემთხვევაში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წარმოდგენილი წმინდა სინოდით, რომელსაც თავმჯდომარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ვერ მიანიჭებს და ვერც გამოაცხადებს ვერცერთ ეპარქიას ავტოკეფალურად, მითუმეტეს მის იურისდიქციაში არ არსებულს. ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ეკლესია. თუ რომელიმე დიოცეზს, უშუალოდ პანორთოდოქსულ კრებაზე (ადგილობრივი ეკლესიების ერთობლივი კრება) არ ენიჭება ავტოკეფალია, ადგილობრივი ეკლესიების მიერ ფართო მნიშვნელობით რატიფიკაციას ადგილი არ აქვს.

საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ეკლესია, კონსტანტინოპოლის მიერ ავტოკეფალია მინიჭებულ ეკლესიასთან ან ურთიერთობს ევქარისტიული კავშირით ან კიდევ აცხადებს უარს. უარყოფის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს სამართლებრივი არგუმენტი. ამდენად, გადაჭარბებული და უსაფუძვლოა საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს მსოფლიო საპატრიარქოსათვის ან უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას, უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების, ან გნებავთ დაარსების შესახებ. განგიმარტავთ, რომ სამართლებრივი ასპექტით კონსტანტინოპოლი და უკრაინა არ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში არცერთ ადგილობრივ ეკლესიასთან ავტოკეფალიის ცნობის ან აღიარების თვალსაზრისით.
კონსტანტინოპოლის მიერ ავტოკეფალია მინიჭებული ან აღიარებული ეკლესია მყისიერად წარმოადგენს ავტოკეფალურს. მსოფლიო საპატრიარქოს ამ სამართლებრივი უფლებამოსილებით არსებობს საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის ავტოკეფალურად წარმოდგენილი საპატრიარქოები და ეკლესიები.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...